28 ოქტომბერი „მრისხანედ“ გვიახლოვდება. ერთი შეხედვით, ფორმალურად, პრეზიდენტი ამ ქვეყანაში უკვე არაფერს წყვეტს კონსტიტუციის თანახმად. არადა, სინამდვილეში, ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი, თანაც არაპროგნოზირებადი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში საერთოდ არ ჩატარებულა.
სანამ მთავარ მიზეზზე ვიტყოდეთ, წინა საპრეზიდენტო არჩევნები გავიხსენოთ:
1991 წლის 26 მაისს გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რაიმე დაძაბულობა იმ არჩევნებზე არ ყოფილა, რადგან „მრგვალი მაგიდა“ ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მონოლითურობას, პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა ჯერ კიდევ არ იყო „საკუთარი ნებით გადამდგარი“ (ბრჭყალებში, რასაკვირველია), კიტოვანი არ „გავარდნილიყო რკონში“, ხოლო „ოქროპირი“ თამაზ კვაჭანტირაძე ან ვალიკო ადვაძე რომ ზვიად გამსახურდიას არჩევნებს ვერ მოუგებდნენ, ყველასათვის ნათელი იყო.
საქართველოში კი, როგორც ცნობილია, არჩევნებს იგებს სწორედ ეს ფენომენი - როცა „ყველასთვის ნათელია რომ ვერ.....“
1995 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 29 აგვისტოს ტერაქტის, შემდეგ ამ ტერაქტის საბაბით „მხედრიონის“ განადგურებისა და ჯაბა იოსელიანის დაპატიმრების ფონზე, როცა ედუარდ შევარდნაძემ აჩვენა ძალა („რა მაგარია - ჯერ კიტოვანი დაიჭირა შემდეგ ჯაბა“........) გარდა ამისა, მისთვის ჩვეული დიდოსტატობით შექმნა, ფაქტიურად, ყალბი ალტერნატივა პანტელეიმონ გიორგაძის (იგორ გიორგაძის მამის) და მარგინალური „კომპარტიის“ სახით. ბუნებრივია, ყველასთვის მაშინაც „ცხადი იყო“, რომ ჯუმბერ პატიაშვილი იმ არჩევნებში ედუარდ შევარდნაძეს ბევრს ვერაფერს დააკლებდა
2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა იმ ფონზე, როდესაც „მოქალაქეთა კავშირი“ (ანუ, შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილი) ინარჩუნებდა მონოლითურობას, ასლან აბაშიძე კი, ბათუმიდან, ჯერ ქმნიდა ისეთ შთაბეჭდილებას (თანაც ძალზე უნიჭოდ) თითქოს საქართველოს პრეზიდენტობას აპირებდა, ხოლო შემდეგ (რაკი საქართველოს პრეზიდენტობა, სინამდვილეში ისე უნდოდა, როგორც ირაკლი წერეთელს „ჩინეთის კომპარტიის პირველი მდივნობა“), ბოლო მომენტში „გადაიფიქრა“, იდიოტურ მდგომარეობაში ჩააყენა აჭარული პარტიკულარიზმის უნებლიედ მომხრე „სასარგებლო იდიოტები“ მთელს საქართველოში და ამ ფონზე, ალტერნატიულ ოპოზიციონერად წამოყენებული ჯუმბერ პატიაშვილი რომ შევარდნაძეს ვერ მოუგებდა, ისევ „ცხადზე-ცხადი იყო“
2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები შედგა ე.წ. „ვარდების რევოლუციის “ფონზე, როცა „მიშამ აჩვენა ძალა“, ფაქტიურად („უკვე“) დაეუფლა ხელისუფლებას........თემურ შაშიაშვილი რომ მას იმ არჩევნებს ვერ მოუგებდა, მხოლოდ „კლინიკურ პაციენტს“ შეიძლებოდა შეჰპარვოდა ეჭვი.
2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა მას შემდეგ, რაც მიშამ ისევ „აჩვენა ძალა“ და „მოხნა“ ოპოზიცია 7 ნოემბრის აქციაზე, იმავე დღეს, ყველას დასანახად, ვნებიანად გააუპატიურა „TV-იმედი“ და ისევ ცხადი გახდა, რომ ე.წ. „გრეჩიხა“, რომელიც „ქორთიერდ მერიოტში“ უცხოელებთან შეხვედრაზე სპორტული შარვლით დადიოდა, თან აცხადებდა „როგორც კი ამირჩევთ მაშინვე გადავდგები, რათა პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმდესო“ (იდიოტური ოპოზიციური სლოგანის შესაბამისად „საქართველო პრეზიდენტის გარეშე) - მიშას იმ არჩევნებს ვერ მოუგებდა ვერც ერთ შემთხვევაში.
მაშინ ერთადერთი ინტრიგა ისღა იყო, ჩატარდებოდა თუ არა მეორე ტური, ოღონდ მხოლოდ იმ თვალსაზრისით, მეორე ტური გახდებოდა თუ არა ახალი რევოლუცია-გადატრიალების „გამაპრავებელი“ თორემ მიშას მომხრეები - გრეჩიხას მომხრეებს ნამდვილად სჭარბობდნენ. თან ბევრად.
2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა ქვეყნის ისტორიაში აბსოლუტურად უპრეცედენტო და გარკვეული აზრით „მაშოკირებელი“ მოვლენის - ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების შემდეგ.
„მოვიდა“ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, ვინც „ხალხს“ დაემუქრა, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი ორ მესამედზე ნაკლებ ხმას მიიღებდა, წავიდოდა პოლიტიკიდან და ობლად შთენდა ერს......შედეგი, ისევ და ისევ, წინასწარ ცხადი იყო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აი, 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებზე კი, თითქმის არც ერთი ხსენებული ან ნაგულისხმევი ფაქტორი აღარ „მუშაობს“. ბიძინა ივანიშვილი უკვე „ძველია“. თან აშკარად დასუსტებული - 2012 ან 2016 წელთან შედარებით. ექვსი წელი არა კრიტიკული, თუმცა მაინც საკმაოდ დიდი ვადაა იმ ეთნო და სოციო-ფსიქოლოგიის საზოგადოებისთვის, როგორიც საქართველოა.
თუმცაღა, თავად მიშა მუდამ იმეორებს, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებით შეცვლა ვერ მოხერხდება. დავიმახსოვროთ ეს განცხადება, - ჩვენი დისკურსისთვის იგი ძალიან ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია
ანუ მიშა ნამდვილად განიხილავს ამ საპრეზიდენტო არჩევნებს იმ თვალსაზრისით, რომ თუ ხელისუფლებას „წაუცდა ხელი“ რაიმე გაყალბებასა და წინასაარჩევნო რეპრესიებზე, ახალი რევოლუცია „ააგოროს“, რაც ამ ქვეყანაში სულ მთლად ყოველთვის „ისე იოლი“ არ არის, თუმცა შესაძლებელია ან, როგორც მინიმუმ, გამორიცხული არაა.....
მაგრამ აქ სხვა მომენტებია ბევრად საინტერესო:
პირველი: 70% ე.წ. „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“ - აბსოლუტურად უპრეცედენტო რაოდენობა ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით.
მეორე: დაახლოებით თანაბარი მედია-რესურსები....... კი არა და, როგორც ვხედავთ, ოპოზიციური მედია -რესუსრები ამ შემთხვევაში ბევრად სჭარბობენ და სჯაბნიან კიდეც სახელისუფლოს....
და მესამე, რაც ყველაზე მთავარია, რაც არ ყოფილა არც ერთი წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ნამდვილად აქცევს 28 ოქტომბრის არჩევნებს სრულიად უნიკალურ მოვლენად საქართველოს ისტორიისთვის: არც ერთხელ, მთელი განვლილი 28 წლის განმავლობაში, ამომრჩეველს არ უხდებოდა არსებითი არჩევანის გაკეთება მოქმედ ხელისუფლებასა და მასთან დაახლოებით თანაბარი ძალა-შეძლების მქონე წინამორბედ ხელისუფლებას შორის - არსებულ ლიდერსა და მის წინამორბედ ლიდერს შორის.
თან არც ერთხელ, „წინამორბედი“ ხელისუფლება არ აღიქმებოდა იმდენად ლეგიტიმურად, როგორც ამჟამად აღიქმება მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია.
აბა გავიხსენოთ: „კომუნისტური პარტია“ 1990 წლის 28 ოქტომბრის მერე დაიშალა, გაქრა; ზვიად გამსახურდიას პარტია, 1995 წლის 5 ნოემბრის წინ ფაქტიურად აღარ არსებობდა; „მოქალაქეთა კავშირი“ რევოლუცია-გადატრიალების მერე, დაიშალა, გაქრა..... „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ გაქრა. რატომ - სხვა საკითხია. მაგრამ ფაქტია: იგი კვლავ „სერიოზულად“ აღიქმება და (ვიმეორებ) ეს პირველი შემთხვევაა საერთოდ საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც საკვანძო დისკურსია არჩევანი „ძველ“ ან „უკვე მოძველებულ“ და „ყოფილ“ ხელისუფლებას შორის; არა „ახალ“ და „ძველ“, არამედ „ძველსა“ და „ყოფილ“ ლიდერს შორის;
ამომრჩეველს პირველად უწევს გააკეთოს ამგვარი არჩევანი - „ძველს“ ირჩევს იგი თუ......„ყოფილს?“
2012 წელს ასეთი არჩევანის წინაშე იგი არ მდგარა: მიშა აღიქმებოდა „ძველად“, ან „დაძველებულად“, ხოლო ბიძინა „ახლად“, ვინც ხელისუფლებაში მანამდე არ ყოფილა.
2018 წლის 28 ოქტომბერს კი არჩევანია არა „ძველსა“ და „ახალს“, არამედ „ძველსა“ და „ყოფილს“ შორის, რაც კარდინალურად განსხვავებულ დისკურსს ქმნის - მანამდე არნახულსა და არგამოცდილს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ამომრჩეველმა აირჩია „ოცნება“ და არა „ნაციონალები“, რადგან „მოძველებული“ ამჯობინა „ყოფილს“
მაგრამ რა არჩევანს გააკეთებს ხალხი 2018 წლის 28 ოქტომბერს?
„ძველი“ თუ „ყოფილი“? - საკითხავი ახლა ეს არის!
ნიკა იმნაიშვილი