1993 წლის 14 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომა დაძაბულად დაიწყო. უნდა განეხილათ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხი. თითქოს ყველა გავლენიანი პარტია შეთანხმდა, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგობის გამო დისკუსია მაინც გარდაუვალი იყო.
ჯაბა იოსელიანსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის ურთიერთობამ «ცივი ომის» სახე შეიძინა მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მეთაურმა თემურ ხაჩიშვილი გაათავისუფლა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი ის გახდა, რომ ხაჩიშვილმა წინასწარ გააფრთხილა (!) თემურ ტალახაძე (რუსთავის «საძმოს» ხელმძღვანელი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერაციის შესახებ - მხედრიონის რუსთავის დაჯგუფების გასანადგურებლად. პოლიციელებს, რასაკვირველია, რუსთავში აღარავინ დახვდათ და ცარიელ-ტარიელნი დაბრუნდნენ.
ხაჩიშვილის «მოხსნამ» ჯაბა იმდენად განარისხა, პარლამენტის სხდომაზე პირდაპირ გამოვიდა შევარდნაძისა და საგანგებო მდგომარეობის შემოღების წინააღმდეგ. სხვათა შორის, მის გამოსვლაში იყო ერთი, ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომელიც ღირს მთლიანად გავიხსენოთ: «როცა მოსკოვში, 1991 წლის 19 აგვისტოს, გადატრიალება მოხდა, მთელ მსოფლიოში მხოლოდ ორად-ორმა ადამიანმა თქვა - ეს თავად გორბაჩოვის მოწყობილიაო. ერთი ზვიად გამსახურდია იყო, მეორე - ედუარდ შევარდნაძე. მე მაშინვე დავეჭვდი და ვიფიქრე: როგორ შეიძლება კაცს საკუთარი თავის წინააღმდეგ ასეთი რამ მოეწყო მეთქი. . . .» იოსელიანს ამით იმის თქმა სურდა, რომ შევარდნაძე და გამსახურდია ერთნაირად აზროვნებდნენ და იდენტური მენტალიტეტი ჰქონდათ.
ჯაბას გამოსვლის შემდეგ ტრიბუნასთან შევარდნაძე მივიდა: «აღარ გამოვა საგანგებო მდგომარეობა - ბატონი ჯაბას გამოსვლის შემდეგ აღარ გამოვა. . . . გუშინწინ დასავლეთ საქართველოში მხედრიონელებს შევხვდი. . . . წესიერად აღარც დამელაპარაკენ. . . . . თუ ასეა, თუ ასე გინდათ, დაე იყოს თქვენებურად - ამ წუთიდან შევარდნაძე გადამდგარია! შენ კი, ჯაბა იოსელიანო (ხმამაღლა), რა «მთელ მსოფლიოში მე ვთქვი მხოლოდ? ამას როგორ მიბედავ?!!!»
იოსელიანი ადგილიდან წამოხტა: «რას ქვია გიბედავ, რას ქვია გიბედავ?!!!»
შიშით მოკუნტული დეპუტატები კრინტის დაძვრას ვერ ბედავდნენ. მხოლოდ მწერალმა რეზო ჯაფარიძემ შეუძახა იოსელიანს: «ნუ ყვირიხარ!!!».
შევარდნაძე ტრიბუნიდან ჩამოვიდა თუ არა, მიკროფონთან ჯანსუღ ჩარკვიანი მიიჭრა და რატომღაც «ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას» დაუწყო ლანძღვა (აბა ჯაბას რას გაუბედავდა?), არადა ხსენებული საზოგადოების წევრები ამ შემთხვევაში «მთავარი დამნაშავეები» ნამდვილად არ იყვნენ.
შემდეგ ტრიბუნასთან ჯაბა იოსელიანი დადგა. «მე თქვენ არ მოგისმენთ! არ მოგისმენთ!!!» - უყვირა შევარდნაძემ. დეპუტატები წამოიშალნენ. ქალები მწარედ ქვითინებდნენ. შევარდნაძემ გასვლა დააპირა. თავდაპირველად არ უშვებდნენ (ჯანსუღ ჩარკვიანი გადაეღობა), მაგრამ მაინც გავიდა.
ჯაბა იოსელიანი: «ყველანი დაწყნარდით, თორემ ნახევარ თბილისს აქ მოვყრი! ალბათ პასუხისმგებლობის თავიდან აცილება უნდოდა და იმიტომ გადადგა».
ამასობაში, შევარდნაძის კაბინეტთან დიდი ამბები ტრიალებდა. დეპუტატები ძალით ცდილობდნენ კაბინეტში შეჭრას, მაგრამ დაცვა არ უშვებდათ. პარლამენტის წინ ხალხმა იწყო შეკრება. სახელმწიფოს მეთაურის გადადგომა გადაწყვეტილი ჩანდა, რადგან შევარდნაძემ თქვა: «ჩემს გადაფურთხებულს აღარ ავლოკავ - არ გეგონოთ მსოფლიოში მოგზაურობას და ლექციებით ფულის გროვებას ვაპირებ, თბილისიდან არსადაც არ წავალ».
დეპუტატთა ოთახის ფანჯრიდან, გარეთ შეკრებილ ხალხს ირინა სარიშვილი ხელმძღვანელობდა. იგი იმ დროს უკვე მთავრობის ვიცე-პრემიერი გახლდათ: «ჩვენ ყველანი ვაცხადებთ თანამდებობიდან გადადგომას, სანამ სახელმწიფოს მეთაური არ განაახლებს მოვალეობათა შესრულებას». მან მოუწოდა ხალხს «ჩამჯდარიყვნენ ადგილზე და არ დაშლილიყვნენ». ხალხმა მართლაც ჩაიმუხლა - იმ აზრით, რომ ადგილზევე მოეცადა.
ბოლოს და ბოლოს შევარდნაძე და ჯაბა მაინც შეხვდნენ ერთმანეთს. შემდეგ სახელმწიფოს მეთაური მიტინგზე გამოვიდა. მან თქვა, რომ ცვლის გადაწყვეტილებას და თანამდებობას უბრუნდება.
რა თქმა უნდა, განცხადება გადადგომის შესახებ არ იყო მხოლოდ ემოციით ნაკარნახევი. ყველაფერი წინასწარ უნდა ყოფილიყო გააზრებული, რაზედაც ზემოთ მოყვანილი ფრაზა მეტყველებს: «არ ვაპირებ სადმე წასვლას და მსოფლიოში ფულის გროვებას ლექციებით».
თბილისში დარჩენის შემთხვევაში ედუარდ შევარდნაძე ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად დარჩებოდა. ეს ფრაზა კი გადადგომას «გაქცევის» სახეს აღარ აძლევდა. თუმცა, გადადგომის მუქარით შევარდნაძემ პირველი, ძალზე სერიოზული დარტყმა მიაყენა მხედრიონს და მთლიანობაში «ელიტაც» გააფრთხილა, უფრო მეტად ლოიალური ყოფილიყო.
ასეა თუ ისე, არძინბამ 14 სექტემბრის მოვლენებით შესანიშნავად ისარგებლა. იმის თქმა არ მინდა, თითქოს რომ არა შევარდნაძის განცხადება «გადადგომის შესახებ», სეპარატისტები 16 სექტემბერს ომს არ განაახლებდნენ, მაგრამ მაინც.
15 სექტემბერს ლოთი ქობალიას დაჯგუფებამ აიღო სენაკი. ამ ხალხს უკვე ვაღარაფრით შეაგნებინებდი, რომ მათი ქმედება (ობიექტურად) მართლა საქართველოსათვის ზურგში დანის ჩარტყმა იყო.
პოლიციის ქვედანაყოფმა სენაკთან პოზიცია მიატოვა და დაიშალა. მოტივი იგივე, რაც 1991 წელს: «სამოქალაქო ომი პოლიციის საქმე არ არის - ჩვენი საქმე მხოლოდ დამნაშავეთა (ქურდების, ყოფით ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობაში ეჭვმიტანილების) დაჭერაა».
პარლამენტის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ პირველად მიმართა უშუალოდ ზვიად გამსახურდიას: «. . . . და შენც, ყოფილო პრეზიდენტო, რა ბრძანებებს იძლევი მანდედან?».
შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა დეპუტატებს მოუთხრო, თუ როგორ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსანს (შემდგომში პარლამენტარს - ავტ.), ვისაც სენაკის დაცვა ევალებოდა, როგორ აღმოჩნდა იგი სახლში მძინარე და როგორ უპასუხა «ერთგვარი გაღიზიანებით», როდესაც გააღვიძეს.
როგორც ყოველთვის, კრიტიკულ სიტუაციაში, შევარდნაძემ ზუსტად ის სიტყვები მოძებნა, რომელიც ყველა ძალას გააერთიანებდა: «ჩვენ უნდა შევთანხმდეთ: ან დავნებდეთ იმ კაცს (იგულისხმება ზვიად გამსახურდია), ვინც აკეთებს ამას ყველაფერს, ან გავუწიოთ წინააღმდეგობა». რასაკვირველია, ამაში ყველანი ერთიანნი იყვნენ: ნოდარ ნათაძიდან და ირაკლი წერეთლიდან - გიგა ლორთქიფანიძემდე და მანანა გიგინეიშვილამდე.
იმავე დღეს დაიწყო გვარდიისა და მხედრიონის ნაწილების გადასროლა დასავლეთ საქართველოში. მებრძოლი მხარეები ცხენისწყლის ორივე ნაპირზე განლაგდნენ ანუ (მოგვწონს თუ არა) სამეგრელოსა და დანარჩენი საქართველოს «საზღვარზე».
ჯანსუღ ჩარკვიანი (გულისტკივილითა და «ხელისჩაქნევით»): «შუბლში, შუბლში არ ააცილო!»
იმ დღესვე (15 სექტემბერს) გუდაუთაში შედგა აფსუათა ელიტის საიდუმლო სხდომა «კონფედერატების» მონაწილეობით. მიიღეს გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებათა განახლების შესახებ. ამაზე ხელსაყრელ მომენტს სეპარატისტები ვერც ინატრებდნენ: თბილისში სრული ქაოსი იყო, დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ედუარდ შევარდნაძის გადადგომითა და თანამდევი მოვლენებით გამოწვეული მსოფლიო რეზონანსი ჯერაც არ ჩამცხრალიყო, ხოლო მოსკოვში «ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა» - ელცინი და კომუნისტური ოპოზიცია სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
16 სექტემბერს, წინასწარ შემზადებული, კარგად დამუშავებული და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი გეგმის შესაბამისად, სეპარატისტთა ტყვარჩელის დაჯგუფებამ მძლავრი, სწრაფი შეტევით გაარღვია ფრონტის ხაზი ოჩამჩირე-ანუარხუ-ადზიუბჟას ხაზზე და კოდორის შესართავი დაიკავა.
ადზიუბჟას მიმდებარე ქართული სოფელი გადაწვეს, უკლებლივ ყველა ქართველი მამაკაცი მოკლეს და ყველა ქალი (მათ შორის მცირეწლოვანი გოგონები) გააუპატიურეს. შემდეგ ისინიც დახოცეს ტყვიით ან საბურავის გადაცმითა და ცეცხლის წაკიდებით.
ქართველი გვარდიელები და მხედრიონელები ომის დროს ძარცვა - გლეჯით კი გამოირჩეოდნენ, მაგრამ მსგავსი მხეცობა მათ არ ჩაუდენიათ - ეს არის ისტორიული ფაქტი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
კოდორის შესართავის დაკავებისთანავე, აფსუანურმა შენაერთებმა და მათმა მოკავშირეებმა განაახლეს შეტევა ჩრდილოეთიდან (შრომა - კამანიდან) - სოხუმის მიმართულებით. სოხუმი, ფაქტობრივად, დაუცველი აღმოჩნდა. ედუარდ შევარდნაძე კვლავ იმავე დღეს ჩაფრინდა ქალაქში, თუმცა ესეც უკვე ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. სეპარატისტთა ფლოტი სოხუმის მიმდებარე წყლებს აკონტროლებდა. სითბური რაკეტებით ორი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ერთი სოჭიდან მოფრინავდა, მეორე - თბილისიდან. ათეულობით მეომართან ერთად მშვიდობიანი ადამიანებიც დაიღუპნენ. მათ შორის ქალები და ბავშვები. მსოფლიოს ყველა ტელეარხმა გადმოსცა კადრები, თუ როგორ კიოდა მუხლებზე დაჩოქილი ქართველი მეომარი, რომლის ძმა დაიწვა ერთ-ერთ თვითმფრინავში.
იქვე, მეორე გვარდიელი ნიკაპაკანკალებით ტირის და ავტომატგადაკიდებული მეგობარი სახეზე ნაზი მოფერებით ამშვიდებს, თან თვითონაც ძლივს იკავებს ცრემლებს. ამ კადრებს რუსეთის ტელევიზია დიდხანს, ძალიან დიდხანს უჩვენებს ყოველგვარი კომენტარის გარეშე.
საქართველოს ხელისუფლება პროტესტებს უგზავნის მოსკოვს, მაგრამ უმალვე ირკვევა, რომ 27 ივლისის ხელშეკრულების გარანტი რუსეთი არ ყოფილა. იგი მხოლოდ შუამავალი იყო. პასუხისმგებლობა კი, ხელშეკრულების შესრულებისათვის, ხელშემკვრელ მხარეებს ეკისრებოდათ.
მიუხედავად ამისა, აფსუებმა მაინც მიმართეს ეშმაკობას, რათა რუსეთისადმი საქართველოს თხოვნა (დახმარების შესახებ) «ყოველი შემთხვევისათვის» გამოერიცხათ: სეპარატისტთა შენაერთებმა, რომელთაც ტყვია-წამალი თავზე საყრელი ჰქონდათ, დაიწყეს ეთერში (რუსულად) ყალბი საგანგაშო მოწოდებების გადაცემა: «ტყვიები გვითავდება, აღარ გვყოფნის საბრძოლო მასალა» და ა.შ. ამ მარტივი ხრიკით ქართული «გენერალიტეტი» (ანუ, ძირითადად, კიტოვანის ძმაკაცები და ძმაკაცის-ძმაკაცები ანუ «ჩერეზ ძმაკაცები») ადვილად მოატყუეს და შექმნეს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს აფხაზური შეტევა ლოკალური ხასიათის მოვლენა იყო და მას ადვილად მოევლებოდა ან სერიოზული შედეგები ნამდვილად არ მოჰყვებოდა.
რუსეთის უმაღლეს საბჭოში კი ჩრდილოეთ კავკასიელმა დეპუტატებმა (ყაბარდოელებმა, დაღესტნელებმა და სხვებმა) აგრეთვე «ყოველი შემთხვევისათვის» გაავრცელეს ხმები, თითქოს მიღებულია გადაწყვეტილება კონფლიქტში რუსეთის ჯარის ჩარევის შესახებ - საქართველოს დასახმარებლად. და რომ ვითომდაც ამ მიზნით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში გამოცხადებულია საბრძოლო მზადყოფნა.
აღელვებული რუსი დეპუტატები გენერალური შტაბის უფროსმა, კოლესნიკოვმა დაამშვიდა: «Докладываю вам, что никакого приказа о приведении войск в полную или повышенную боевую готовность не отдовалось. всё. точка. что касается Абхазии - там идёт война и не исключено, что завтра Сухуми станет городом абхазским».
მანამდე ადლერში მოხდა ძალზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ფაქტი: რუსეთის თავდაცვის მინისტრი, პაველ გრაჩოვი, რამდენიმე გენერლის თანხლებით, შეხვდა ედუარდ შევარდნაძეს, რომელსაც თან ირაკლი ბათიაშვილი და გია ყარყარაშვილი ახლდნენ.
გრაჩოვმა დაიწყო ლაპარაკი «შერიგებაზე» ქართველებსა და აფხაზებს შორის. მაგრამ შევარდნაძემ უხეშად შეაწყვეტინა: «იცით რა, თუ რაიმე რეალური წინადადება გაქვთ, გვითხარით, - აქ სერიოზული საქმისათვის ჩამოვედით და არა ზღაპრების მოსასმენად.» მაშინ პავლე გრაჩოვმა შესთავაზა სახელმწიფოს მეთაურს, რომ რუსეთი ორ დივიზიას შეიყვანდა აფხაზეთში, ფოთში, ქუთაისში და ზუგდიდში და მოახერხებდა ვითარების სტაბილიზირებას.
ამ ყბადაღებული «ორი დივიზიის შესახებ» კამათი საქართველოში დღემდე არ წყდება. ზოგიერთებს ვერაფრით დაარწმუნებ, რომ გენერალი გრაჩოვი, რა თქმა უნდა ეშმაკობდა - მან მიიღო დავალება (რუსეთის უშიშროების საბჭოს განყოფილებიდან, რომელიც საქართველოსა და კავკასიას კურირებს), აუცილებლად დაეფიქსირებინა (პრორუსულად განწყობილი და ცნობილი «სინდრომით» დაავადებული ქართული ინტელიგენციის საგულისხმოდ), რომ რუსეთმა საქართველოს სოხუმის გადარჩენა შესთავაზა, ხოლო საქართველომ (შევარდნაძის სახით) ამაზე უარი თქვა.
ამ ისტორიული ფაქტის დაფიქსირებას რუსეთისათვის სამომავლოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა რეკომენდაციაში უეჭველად ისიც იქნებოდა ნათქვამი, რომ დახმარების შეთავაზება უნდა მომხდარიყო ისეთი ფორმით, რათა შევარდნაძეს აუცილებლად უარი ეთქვა.
მიაქციეთ ყურადღება: გრაჩოვმა შევარდნაძეს შესთავაზა «ორი დივიზიის» შემოყვანა არა მხოლოდ სოხუმში, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის ქუთაისში და ზუგდიდში. მან შესანიშნავად იცოდა, რომ თუ სოხუმში რუსის ჯარის შემოყვანას (და ქალაქის გადარჩენას) შესთავაზებდა ქუთაისში ჯარის შეყვანასთან «პაკეტში», - შევარდნაძე უეჭველად უარს იტყოდა. შედეგად რუსეთი «მხრებს აიჩეჩდა»: აბა რა გავაწყო, მე დახმარება შევთავაზე და შევარდნაძემ თავად უარყოო.
ედუარდ შევარდნაძე ითვალისწინებდა, რომ მისი თანხმობა ამ წინადადებაზე (უკვე თანხმობა თავისთავად - რუსებს შემდგომ რომც არ შეესრულებინათ დანაპირები), უმძლავრეს არგუმენტად იქცეოდა კონსოლიდირებული (როგორც ზვიადისტური, ასევე ყოფილი ანტიზვიადისტური) ოპოზიციისათვის. სოხუმი თუ მაინც დაეცემოდა, - მისი თანხმობა ხომ თანხმობად დარჩებოდა?! მოწინააღმდეგეები უეჭველად იტყოდნენ: შევარდნაძემ საქართველო რუსებს მიჰყიდა და ამ უკანასკნელთ მაინც მოატყუესო.
მით უმეტეს, შევარდნაძემ დაინახა, რომ მის გარდა არავის სურდა პასუხისმგებლობის თავზე აღება: ირაკლი ბათიაშვილმა და გია ყარყარაშვილმა (სწორედ ამ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით) პირდაპირ განუცხადეს: თუ ის გრაჩოვის წინადადებას დათანხმდებოდა, თანამდებობებიდან გადადგებოდნენ. მართალია, საქმე მხოლოდ მათ უარში არ იყო, მაგრამ ამასაც ჰქონდა მნიშვნელობა იმ ვითარებაში, როდესაც ზვიად გამსახურდიას უკვე ზუგდიდში ეპატიჟებოდნენ.
(ზემოთთქმულთან დაკავშირებით ერთ ფაქტს გავიხსენებ: ადლერის შეხვედრიდან 9 წლის შემდეგ, კინორეჟისორი გიორგი შენგელაია (რომელიც მაშინ ძალიან აქტიურობდა და დღემდე ჰგონია, რომ გრაჩოვის წინადადება სწორედ მისი ძალისხმევის შედეგი იყო), ერთ-ერთი გაზეთისათვის მიცემულ ინტერვუში იხსენებს იმ ამბის პერიპეტიებს და აღშფოთებას ვერ მალავს შევარდნაძის უარის გამო. კორესპონდენტი უსმენს და შემდეგ ეკითხება: აბა რა ექნა, ქუთაისში რუსის ჯარის შემოყვანაზე დათანხმებოდა?
ხედავთ? - სოხუმის დაცემიდან 9 წელია გასული, აფხაზეთი უიმედოდ დაკარგულია, ასეულობით ათასი ლტოლვილის დაბრუნების შესაძლებლობაც გადაწურულია, ხოლო კორესპონდენტი «განცვიფრებით» კითხულობს: «აბა ქუთაისში ჯარი შემოეყვანა?». და ეს 9 წლის შემდეგაც კი!!! ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი მოჰყვებოდა შევარდნაძის თანხმობას მაშინ - სამოქალაქო ომისა და შიდაქართული დაპირისპირების პირობებში?!)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, დავუშვათ, შევარდნაძე დათანხმებულიყო. სცენარით რუსებს ესეც გათვლილი ექნებოდათ: თუ იგი თანხმობას განაცხადებდა, მაშინ რუსეთის უმაღლესი საბჭო ასტეხდა ისტერიკას და ელცინი ხელებს გაშლიდა: «რა გიყოთ ძვირფასო, სათაყვანებელო ქართველებო, ხომ ხედავთ რა დღეში ვარ - მე კი მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ. . . .»
სხვა ათასგვარი ხერხი და მექანიზმი არსებობდა დაპირების შეუსრულებლობისათვის. მაგალითად, სიტყვიერი თანხმობის მიღების შემდეგ გრაჩოვი მოითხოვდა ოფიციალურ მიმართვას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე (რაც აბსოლუტურად არარეალური გახლდათ) და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ამრიგად, უარი გრაჩოვის წინადადებაზე გარდაუვალი იყო.
როცა შევარდნაძე სოხუმში დაბრუნდა, ადგილობრივმა ქართულმა ელიტამ უსაყვედურა - ასეთ წინადადებაზე უარი რატომ უთხარიო. მაშინ კი გაუგზავნა დეპეშა გრაჩოვს «თანახმა ვარ». პასუხიც ასეთივე ლაკონური მიიღო: «Уже поздно». პაველ გრაჩოვი რომ თაღლითობდა, ამაშიც ჩანს - რამდენიმე საათის განმავლობაში თვისებრივად ბევრი არაფერი შეცვლილა.
როდესაც მოსკოვსა და გუდაუთაში ხელშეკრულების დარღვევასა და სოხუმზე მომავალ შეტევას გეგმავდნენ, უეჭველად გათვალისწინებული ჰქონდათ ზვიად გამსახურდიას ფაქტორიც: გროზნოში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს საკუთარი შელახული ღირსების გარდა აღარაფერი აინტერესებდა (და ეს წმინდად «ქართული» დამოკიდებულება იყო - არა მხოლოდ გამსახურდიასათვის დამახასიათებელი). მისი საქართველოში დაბრუნება კი ნამდვილად აიძულებდა თბილისის ხელისუფლებას, რუსეთისათვის აღარ დაეკისრებინა პასუხისმგებლობა აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, გამსახურდიას მეშვეობით კრემლი ერთდროულად ორ კურდღელს იჭერდა: ერთის მხრივ, აფხაზეთს ჰგლეჯდა საქართველოს, მეორეს მხრივ კი საქართველოს ხელისუფლებას ართმევდა საშუალებას, მსოფლიოში ამის გამო «ხმაური» აეტეხა ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ზვიად გამსახურდია «თეთრი ცხენით» შემოვიდოდა თბილისში (და მას თან მოჰყვებოდა ასეულობით ათასი გამძვინვარებული ლტოლვილი, რომლებიც ყველაფერში «ფაქტობრივ ხელისუფლებას» ადანაშაულებდნენ) ანუ დეკემბერ-იანვრის გადატრიალების მონაწილეებს (საპარლამენტო ოპოზიციასაც და შევარდნაძის ხელისუფლების მომხრეებსაც) მძვინვარე შურისძიება არ ასცდებოდათ.
ეს გათვლა უაღრესად ზუსტი აღმოჩნდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
15 სექტემბერს, პარლამენტის სხდომაზე, თედო ნინიძემ დაწვრილებით მოჰყვა, როგორ ისვენებდა აჭარაში და როგორ ელაპარაკა (ასლან აბაშიძის მდუმარე თანდასწრებით) რუსი გენერალი: «საბჭოთა კავშირის დაშლას შევარდნაძეს არ შევარჩენთ და უახლოეს მომავალში სასტიკად დავსჯითო.»
ასე აღმოჩნდა დისიდენტი გამსახურდია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მართლაც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, - ამ დამოუკიდებლობის მტერთა ბანაკში. ესეც ისტორიის ერთ-ერთი პარადოქსია, რაც პოლიტიკის მრისხანე კანონთა დარღვევას მოჰყვა შედეგად. შევარდნაძემ და გამსახურდიამ (ობიექტურად) იმ მომენტში თითქოს როლები გაცვალეს.
ვერავინ დამარწმუნებს, რომ ზვიად გამსახურდია მხოლოდ «აფხაზეთის გადასარჩენად» ჩაფრინდა სამეგრელოში და აზრადაც არ მოსვლია შექმნილი მდგომარეობის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის - ხელისუფლების დასაბრუნებლად.
შესაძლოა, მას იმედი ჰქონდა, აფხაზეთის ქართველობასაც გაუწევდა სამსახურს და იმავდროულად, დაკარგულ მდგომარეობასაც აღიდგენდა, მაგრამ ფაქტობრივად პირიქით გამოვიდა: ზუგდიდში მისმა დაბრუნებამ დაძრა გასაქცევად განმზადებულთა ზვავი: სოხუმიდან - დასავლეთ საქართველოსაკენ.
სენაკში დაბრუნებით ყოფილმა პრეზიდენტმა თავისთვისაც საბედისწერო ნაბიჯი გადადგა.
«დაბრუნება» მას ზუგდიდში მყოფმა «უზენაესმა საბჭომ» შესთავაზა - მათ მიიღეს შესაბამისი დადგენილება.
ამაშიც ჩანს, გამსახურდიას უშუალო გარემოცვა რა კლინიკური იდიოტებისაგან შედგებოდა. მანანა არჩვაძემ რომ ისინი ყველანი «ზვიადის მკვლელებად» გამოაცხადა, არც გაემტყუნება - იგი გულისხმობდა: «თუ დაცვის შნო არ გქონდათ და ტყეში მარტოს დატოვებდით (რობიზონ მარგველანისა და სამიოდე ყმაწვილი მცველის ამარა), - რაღას ეპატიჟებოდითო».
ამავდროულად, ქართველ მეომრებს (განურჩევლად «ზვიადისტობა» -«ანტიზვიადისტობისა»), რომლებიც გუმისთასთან სანგრებში ისხდნენ, მხოლოდ ფსიქოლოგიური ბიძგი სჭირდებოდათ, რათა პოზიციები მიეტოვებინათ და გაქცეულიყვნენ.
ზვიად გამსახურდიას მათთვის არ უბრძანებია, - პოზიციები მიატოვეთო, მაგრამ შეშინებული კაცი ნებისმიერ გამართლებას ეძებს, რათა სიცოცხლეც გადაირჩინოს და საკუთარ თავთანაც მართალი იყოს: რაკი შევარდნაძის მოსისხლე მტერი საქართველოში დაბრუნდა, სოხუმის ადგილობრივ დამცველებს (მათი უმრავლესობა «ზვიადისტი» თუ არა, «ზვიადისტების გულშემატკივარი» იყო) გაუძლიერდათ ილუზია: იქნებ არ ტყუიან აფხაზები, როცა დღენიადაგ (რადიოთი) გვარწმუნებენ, რომ ისინი შევარდნაძეს ებრძვიან და არა ქართველობას? იქნებ გამსახურდიას დაბრუნებით ჩვენც გვეშველოს და აფხაზებთანაც შევრიგდეთ?»
«ანტიზვიადისტებიც» იწყებდნენ ფიქრს: «ეს ომი ხომ შევარდნაძემ დაიწყო და არა გამსახურდიამ?»
ამ უგვანი ლოგიკით გამოდიოდა, რომ სოხუმის დაკარგვა შევარდნაძის დამარცხება იქნებოდა და არა საქართველოსი. ეს ყალბი სტერეოტიპი უდიდესი ოსტატობით შექმნა აფსუანურმა პროპაგანდამ და არც შემცდარა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
22-23 სექტემბრიდან ქართველმა მეომრებმა პოზიციებიდან გაქცევა დაიწყეს. მდგომარეობას ამძაფრებდა ის გარემოება, რომ მიუხედავად გააფთრებული ბრძოლისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოჩამჩირის დაჯგუფებამ ვერ შეძლო ადზიუბჟას ზღუდის გარღვევა და სოხუმის დამცველებისათვის სამხედრო ტექნიკის მიშველება. ესეც ტეხდა წინააღმდეგობის ნებას.
არძინბამ ყოველივე ზუსტად გათვალა. უპირველესად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით: თუ სოხუმი დაეცემოდა, გასაქცევად გამზადებულ ზვავს ენგურამდე ვეღარავინ და ვეღარაფერი შეაჩერებდა.
პირუტყვულმა შიშმა მოიცვა ყველა და ყველაფერი. მტერი ალყასაც აღარ არტყავდა ქართველ მეომრებს - ალყაშემორტყმული კაცი ხომ ძალაუნებურად იბრძვის, რადგან ტყვედ ჩავარდნის ეშინია. მაგრამ თუ დერეფანს დაუტოვებ, იარაღს დააგდებს და თავქუდმოგლეჯით გაიქცევა.
სოხუმთან პოზიციებს ტოვებდნენ და თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ არა მხოლოდ ზვიადისტები, არამედ ჯერ კიდევ «რუსთაველზე» ნაომარი ძველი გვარდიელები, მხედრიონელები და «საქართველოს შეიარაღებულ ძალთა» სხვა ქვედანაყოფების მებრძოლები.
შემდეგ ისინი თავიანთ სიმხდალეს იმით ამართლებდნენ, რომ «ბრძანება მიიღეს» პოზიციები მიეტოვებინათ. ეს კაცობრიობის ისტორიაში კარგად ცნობილი და აპრობირებული ხერხია სიმხდალის გასამართლებლად (რაკი ომის დროს იგი სამხედრო დანაშაულია და უმკაცრესად ისჯება).
1993 წლის დეკემბრიდან, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სოხუმთან საბრძოლო პოზიციათა მიტოვების ფაქტზე. დაკითხვის ოქმები ძალზე ნიშანდობლივია.
კითხვა: «ვისი ბრძანება მიიღეთ?»
პასუხი: «მოვიდა ესა და ეს (ასახელებენ დაღუპულ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოფიცერს - მიდი და შეამოწმე - ავტ.), გადმოგვცა შტაბის ბრძანება, დაგვეტოვებინა პოზიცია.
- რატომ არ გადაამოწმეთ?
- როგორ გადაგვემოწმებინა, რაცია გაგვიფუჭდა.
- სად არის რაცია?
- სად არის და ბრძოლის ველზე დავაგდე, აბა თან ხომ არ ვათრევდი?
რასაკვირველია, ამ საქმეზე არავინ გაუსამართლებიათ და არ დაუსჯიათ. «ბრძანების გამო პოზიციათ მიტოვების» მითი ხელს აძლევდა «ანტიზვიადისტურ ისტებლიშმენტს», ვინაიდან ამით ყველაფერი «ზვიადისტურ შეთქმულებას» ბრალდებოდა.
რომც დავიჯეროთ, თითქოს გამსახურდიამ ზუგდიდიდან მისცა ასეთი ბრძანება ველზე მყოფ მებრძოლებს, გაუგებარია, მას კიტოვანის გვარდიელები და ჯაბას მხედრიონელები რატომღა დაემორჩილენ? ისინი კი სოხუმში ათასობით იყვნენ, მაშინ როდესაც ქალაქს სინამდვილეში სულ რამდენიმე ასეული აფსუა უტევდა - მეტი არც იყო საჭირო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
27 სექტემბერს ყველაფერი დამთავრდა. სოხუმის თავზე აფხაზური დროშა აღიმართა. მდინარეებს ყელგამოღადრულ, სასტიკად ნაწამებ ქართველთა ცხედრები გაჰქონდა ზღვაში. ქალაქი დაეცა. ერთ-ერთი რუსული გაზეთი ტკბილი სიხარულით წერდა: «Над сухуми всю ночь стоял стон Грузинских женщин».
"ჯი-ეიჩ-ენი", გიორგი წიქარიშვილი
სააგენტოს არქივიდან