დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. პარტიის დატოვების მიზეზად ნატო ჩხეიძემ „იბერიას“ საკითხზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან არასათანადო მხარდაჭერა დაასახელა.
„ამავე ორ კვირაში გახმოვანდა კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი და მეტად მტკივნეული მოვლენა სამთავრობო შეტევა მედიასა და ბიზნესზე. განსაცდელშია ტელეკომპანია იბერია. განსაცდელშია ომეგა ჯგუფში დასაქმებული1500-მდე ადამიანი. დახურულია საწარმო. ამ მოვლენამ გამოიწვია საზოგადეობის აღშფოთება და პროტესტი რასაც შეუერთდა ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიებს თითქმის მთელ;ი სპექტრი. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს თანადგომა "ომეგა ჯგუფისადმი" მედიისა და ბიზნესის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე სამწუხაროდ ვერსად გავიგონე "პატრიოტთა ალიანსის" ხმა. ამის გამო გაუმართლებლად მიმაჩნია ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და შესაბამისად გავდივარ პარტიიდან“,-განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში მოიძებნება დეპუტატი ვინც მას ფრაქციაში ჩაანაცვლებს და პატრიოტთა ალიანსის ფრაქცია არ დაიშლება. თავად ნატო ჩხეიძე პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.