რესპოდენტის შესახებ
„ჯი-ეიჩ-ენი“ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტს, მედიცინის დოქტორს სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა.
- ბატონო სერგო, წლებია რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა სახელდება, როგორც ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. დღეს ირკვევა, რომ ამ პროგრამაში შესაძლებელია სერიოზული დარღვევები იყოს.
- C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, მართლაც არის ძალიან ეფექტური და საჭირო პროგრამა და ამ პროგრამის არსებობაში მთავარი წვლილი მიუძღვის ამერიკის მთავრობას, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ამერიკულ კომპანია „გილეადს“, რომლებიც მილიარდობით დოლარის ღირებულების წამლებს უფასოდ სჩუქნიან ქართულ მხარეს. პროგრამის ადგილობრივი მენეჯმენტი, რაშიც შედის ასევე ბენეფიციარების მოძიება, საინფორმაციო კამპანიის წარმოება, პაციენტების მკურნალობაში ჩართვა და ა.შ. კი არის ჩვენი მხარის ანუ - ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა. რამდენიმემილიარდიანი საჩუქარი რასაც ამერიკის მხარე საქართველოს უკეთებს შეიძლება წყალში ჩაიყაროს, პროგრამის ინდიკატორების შეუსრულებლობას ვგულისხმობ, რადგანაც ვერ ხდება იმ პაციენტებზე გასვლა, მათი მოძიება და შემდეგ მათი მკურნალობაში ჩართვა, რაზეც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყანას.
- რა კონკრეტულ ინდიკატორებსა და მისაღებ შედეგებზეა საუბარი?
- კვლევებით დადასტურდა, რომ საქართველოში არის დაახლოებით 150 000 ადამიანი ვინც ინფიცირებულია C ჰეპატიტის ვირუსით. იმისათვის რომ დასახული მიზანი იყოს მიღწეული, რასაც ელიმინაცია ჰქვია, საჭიროა, გამოვლინდეს, სულ მცირე, 133 000 ინფიცირებული, რომელთაგან, სულ ცოტა, 126 000 უნდა იყოს ჩართული მკურნალობის პროგრამაში და სულ ცოტა, 120 000 ადამიანი უნდა იყოს განკურნებული.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 3 წლის განმავლობაში მკურნალობა გაიარა მხოლოდ 40 000 ადამიანმა. დარჩენილ 2 წელიწადში კი საჭიროა, რომ კიდევ სულ მცირე 90 000 ადამიანი ჩაერთოს მკურნალობაში. რაც უკვე აღნიშნული ტენდენციით ჩანს რომ შეუსრულებელი ინდიკატორია.
- რა ძირითად მიზეზებს ხედავთ, რომ პოტენციური პაციენტები არ ერთვებიან მკურნალობაში?
- რამდენიმე მიზეზს დავასახელებდი: უპირველესად, ეს არის პროგრამის მართვის ნაკლოვანებები. ზოგადად, საოცარი „ნიჭი“ აქვს ჩვენს ჯანდაცვის სამინისტროს, ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული პროექტებიც კი შეუძლია ჩააგდოს და გაწიროს წარუმატებლობისთვის. ეს ერთადერთი მაგალითი არ არის, როდესაც წესით მოთხოვნადი და პოპულარული პროექტი ვარდება. გავიხსენოთ, თუნდაც, შარშანდელი წამლების პროგრამა, რომლითაც დაახლოებით 200 000 ადამიანზე იყო გათვლილი და საბოლოო ჯამში 10%-ით ნაკლებმა ისარგებლა. ხოლო ამ 10%-მა შეიწოვა გამოყოფილი ბიუჯეტის 70%. ანუ, ვერც იქ გავიდნენ ინდიკატორზე. კიდევ უარესი, მართლა რომ 200 00 ადმიანს ესარგებლა წამლების პროგრამით, მარტივი დასათვლელია რომ გამოყოფილი ბიუჯეტზე გაცილებით მეტი იქნებოდა საჭირო.
ამ შემთხვევაშიც, გვაქვს მენეჯმენტის სრული უუნარობა და ჯანდაცვის სისტემის განვითარების სწორი ხედვის არარსებობა. არც არის გასაკვირი, რადგანაც სერიოზული ხარვეზები გვაქვს პირველადი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. ფაქტობრივად, არაფერი კეთდება ამ მიმართულებებით. შესაბამისად, ამ მიმართულებების ჩავარდნის ფონზე ნებისმიერი პროგრამა თუ პროექტი, რომელიც თავის თავში გულისხმობს ბენეფიციარების დიდ რაოდენობაზე გასვლას, მოძიებას, მათ ჩართვას სამკურნალო პროგრამებში, შემდეგ მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფასა და ა.შ. იქნება პრობლემატური საქართველოში. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროს და მათ მაღალჩინოსნებს არ ჰყოფნით კომპეტენცია და ხედვა, რომ სწორად შეაფასონ პრობლემა და სწორად დაგეგმონ სახელმწიფო პროგრამები.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ერთადერთი რაზეც და ვისზეც დგას დღემდე ეს პროგრამა, არიან უშუალო განმახორციელებლები და სერვისის მიმწოდებლები, რომლებიც მაღალპროფესიონალურ დონეზე ემსახურებიან პროგრამაში ჩართულ პაციენტებს. მაგრამ თუ ბენეფიციარების მოძიება, მოზიდვა და ჩართვა არ მოხდა ამ პროგრამაში და რაზეც ჯანდაცვის სამინისტროა პასუხისმგებელი, რასაკვირველია, ჩვენი მაღალი დონის სპეციალისტების ვერაფერს გახდებიან.
კიდევ ერთი სეროზული პრობლემა, ეს არის გამოკვლევების ფასები. მართალია, აშშ მთლიანად უსასყიდლოდ აფინანსებს მკურნალობას, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვდა და ითხოვს თანაგადახდას დიაგნოსტიკის პროცედურებში, რაც რამდენიმე ასეული ლარის ღირებულებაა. მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ეს არ შეუძლია. ბოლო ცვლილებებით ეს თანხა კიდევ შემცირდა, თუმცა მაინც საგრძნობია და ძნელი გადასახდელია ღარიბი მოსახლეობისთვის. ამ პრობლემაზეც რამდენიმ წელია უკვე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა სამინისტრო ჯიუტად ეწინააღმდეგება ამ ბარიერის მოხსნას. გარდა ფინანსურისა, არსებობს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა და სხვა ბარიერებიც. ამ და სხვა ბარიერების ფონზე მეტად აქტუალურია ისეთი მიმართულებების მობილიზება და მაქსიმალურად გამოყენება, როგორიცაა ოჯახის ექიმი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, პირველადი ჯანდაცვა, ზოგადად და სხვ. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე ამ მიმართულებით სერიოზული ჩავარდნები არის. შესაბამისად, ამ რესურსსაც ვერ ვიყენებთ.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს გარკვეულ კორუფციულ სქემებთან ამ ძვირადღირებულ მედიკამენტების გადაყიდვასთან დაკავშირებით?
- ეს გამოძიების საქმეა და ალბათ დადგინდება თუ მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა. თუმცა, მე ნაკლებად სავარაუდო მგონია რომ წამლების სხვა ქვეყანაში გაყიდვას ან მსგავს მანიპულაციებს ჰქონოდა ადგილი. თუ მსგავსი რამ ხდება, მაშინ იმაზე ბევრად უარესად გვაქვს საქმე, ვიდრე წარმოგვიდგენია. მე უფრო მენეჯმენტის და არასწორად პროგრამის მართვის ბრალი მგონია, ის რომ დაახლოებით 2000 ადამიანის სამყოფი პრეპარატები გადასაყრელი გახდეს, ეს კი ათეული მილიონი დოლარის ღირებულების დანაკარგია. ეს არის კლასიკური მაგალითი ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ სახსრების, ამ შემთხვევაში თუნდაც ნაჩუქარის, არაეფექტურად ხარჯვისა და განიავების.