დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის აპარატის რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები გააჟღერა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მთავრობის აპარატი 1/3-ით შემცირდა.
გაუქმდა უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტები, ამავდროულად, მოხდა რამდენიმე დეპარტამენტი გაერთიანება ფუნქციური უფლება-მოვალეობების მიხედვით.
„ერთი თვის განმავლობაში, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი სურათი და ჩემი გადაწყვეტილებით ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. გაუქმდა 3 დეპარტამენტი, ასევე მოხდა 2 დეპარტამენტის გაერთიანება სხვა არსებულ დეპარტამენტთან, რომლებიც საგნობრივად და თემატურად ახორციელებენ მსგავს ფუნქციებს. ამ გადაწყვეტილებით, 1/3 -ით შემცირდა მთავრობის აპარატში არსებული დეპარტამენტების რაოდენობა. მე მოგიწოდებთ ყველა სხვა უწყებასაც, თქვენს შესაბამის სტრუქტურებში გაატაროთ ოპტიმიზაცია. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია მცირე, ეფექტური და მობილური მთავრობა, რომ უკეთ შევძლოთ მუშაობა რესურსების სწორად გადანაწილებით" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ოპტომიზაციასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.