დღეს იოჰან ვოლფგანგ გოეთეს დაბადების დღეა. ცნობილი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე იოჰან ვოლფგანგ გოეთე 1749 წლის 28 აგვისტოს შეძლებული ბიურგერის ოჯახში, დაიბადა. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა "ქარიშხლისა და შეტევის" მოძრაობას, მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდის გოეთესეულ გმირებში ერთი-მეორეს ერწყმის თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი.
დრამის "გეც ფონ ბერლიხინგენის" (1773) გმირის ტრაგედია ისაა, რომ იგი ვერც ფეოდალებს მოსწყდა და ვერც ხალხს დაუკავშირდა ჯეროვნად. რომანში "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი" (1774) აისახა ტრაგიკული ვითარება იმჟამინდელი გერმანიისა, სადაც "ძალა უსულო იყო, ხოლო სული უძალო" (ენგელსი). ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და "ლირიკული" პიროვნებაა საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკულ ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდში გოეთე წერდა ფილოსოფიურ ჰიმნებს ("პრომეთე", "მეეტლე კრონოსი", "განიმედი" და სხვ.). მათ გასდევს გოეთესეული "ნათელი ერესის" კადნიერი იდეა, ღმერთთან ადამიანის სწორფერობის ტენდეცია. მძაფრი პანთეისტური მსოფლგანწყობითვეა განპირობებული ამ ჰიმნთა სალექსო ფორმა: თავისუფალი, შინაგან ექსპრესიას დაქვემდებარებული, რითმის უგულებელმყოფელი რიტმიკა.
1775 გოეთე ვაიმარის სასახლის მინისტრი გახდა. გოეთეს ვაიმარული ცხოვრების პერიოდი "მომთმენიანი წინააღმდეგობით" აღიბეჭდა; იძულებით კომპრომისზე წასვლა, "რეზინიაცია" ერთადერთი გზა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ გოეთეს მტრულ ცხოვრებისეულ გარემოცვაში "ფაუსტისა" და სხვა შედევრების შექმნა დასცლოდა. 1786 გოეთე ფარულად იტალიას გაემგზავრა. იტალიაში მან შეძლო ხელოვნებისა და მეცნიერების სიღრმეთა წვდომა. "ქარიშხლისა და შეტევის" იდეოლოგიის რკალის გარღვევა და სინამდვილისადმი რეალისტური-პოზიტიური მიმართების დამყარება. იტალიაში მოგზაურობა საფუძვლად დაედო გოეთეს ვაიმარულ კლასიციზმს.
გოეთემ ყველა სხვა კლასიცისტზე უკეთ შეძლო ანტიკური ხელოვნების სახეთა მოდერნიზაცია, მათი შევსება საკუთარი შინაარსით ("იფიგენია ტავრიდაში", გამოქყვენდა 1787; "პანდორა", 1808). იტალიაში დაწერა გოეთემ ციკლი "რომაული ელეგიები". ამ პერიოდში შეიქმნა ნაშრომი "იტალიური მოგზაურობა" (ტ. 1-3, გამოქყვენდა 1816-29). 1788 გოეთე იტალიიდან დაბრუნდა. მის "ვაიმარულ" ნაწარმოებებში მკვეთრად გამოვლინდა რეზინიაციის პრობლემა, თუმცა პირველ ხანებში გოეთე სავსებით და ერთბაშად მაინც არ გასდგომია "ქარიშხლისა და შეტევის" სულისკვეთებას (დრამები "ეგმონტი", 1788; "ტორკვატო ტასო", გამოქყვენდა 1790; რომანი "შერჩევითი ნათესაობა", 1809 და სხვ.).
გოეთეს ყველაზე ტრაგიკული, თავისი ჩანაფიქრით შემზარავი პიესაა "ტორკვატო ტასო". ხელოვანი ტასო, რომელსაც სასახლის კარზე იახლოვებენ, არ სჯერდება მასხარად ყოფნას და ჰერცოგის დასაც კი შეიყვარებს. ესაა მისი ტრაგიკული დანაშაული, რომლის არსს გამოხატავს პირფერი კარისკაცის ანტონიოს "სიბრძნე": ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. დრამას ქვეტექსტად გასდევს: გოეთე მხოლოდ მწარე გამოცდილების კარნახით ეთანხმება ანტონიოს, გულით კი ტასოს თანაუგრძნობს, რომლის კადნიერ პრეტენზიას მისივე ადამიანური დიდბუნებოვნობა ასაზრდოებს. მაღალი ტრაგიკული პათოსი, რითაც გაგიჟებული ტორკვატო საკუთარ დანაშაულს ცნობს, ააშკარავებს, თუ რა მწვავედ განიცადა გოეთე-გენიოსმა ვაიმარის კარისკაცად თავისი გარდასახვის აუცილებლობა. 1789 საფრანგეთის რევოლუცია საკუთარ ფილოსოფიურ-მეცნიერულ ძიებასთან ერთად გოეთეს მსოფლმხედველობრივი მრწამსის წყაროდ იქცა.
გოეთემ რევოლუციურ თემას უძღვნა ნაწარმოებები: "მოქალაქე გენერალი" (1793), "აჯანყებულნი", "ვენეციური ეპიგრამები" (1796), "ჰერმანი და დოროთეა" (1798), "რაინიკე მელა" (1794), "უკანონო ასული" (1799-1803) და სხვ. ყოფიერების რევოლუციის რიტმის ტრაგიკული ხასიათს გამოხატავს გოეთეს "ფაუსტის" ძირითადი კონცეფციის შემცველი ექსპოზიცია "პროლოგი ცაში" (1797-1800). გოეთეს დამოკიდებულება რევოლუციისადმი არც აპოლოგეტურია და არც ნიჰილისტური. იგი მოვლენის ანალიტიკურ-კრიტიკულ განსჯას ემყარება და საბოლოოდ პოზიტიურია. გოეთეს რწმენით, ყოველი დიდი იდეა ტირანულად მოქმედებს თავისი დამკვიდრების პროცესში. "იაკობინურ ძალდატანებას" იგი პრინციპულად არ უარყოფდა. გოეთე მის მიმართ კრიტიკულად განეწყო 90-იან წლებში, როცა იაკობინელთა საქმიანობა რევ. ამაღლებულ იდეათა პროფანაციად აღიქვა. 1796გოეთემ შილერთან ერთად გამოაქვეყნა ეპიგრამების ციკლი "ქსენიები". ამ პერიოდში დაწერა რომანი "ვილჰელმ მაისტერი" ორ ნაწილად: "ვილჰელმ მაისტერის განსწავლის წლების" (1796) გმირი ინდივიდუალიზმითაა შეპყრობილი და ობიექტურ სინამდვილესთან გადაუჭრელი წინააღმდეგობის გამო სულიერი კრახის წინაშე დგება; "ვილჰელმ მაისტერის მგზავრობის წლები, ანუ ხელის ამღებნი" (1829) გვიჩვენებს ეგოისტის გარდასახვას ჭეშმარიტ ადამიანად, კაცურ კაცად.
გოეთემ მუშაობა დაიწყო ავტობიოგრაფიულ წიგნზე "პოეზია და სინამდვილე" (ნაწ., 1-4 გაბოქვეყნდა 1811-1833), დაწერა დრამა "ეპიმენიდეს გამოღვიძება" (1815), ლექსების ციკლი "დასავლურ-აღმოსავლური დივანი" (1813-1819). "დივანს" ბოლომდე გასდევს სამყაროს ერთიანობისა და "მშვენიერი ადამიანის" იდეა; გოეთე არ კმაყოფილდება ბუნებასთან ღმერთის მხოლოდ პანთეისტური გაიგივებით.