ENG / RUS       12+

ვინ წააგო „აგვისტოს ომი“?

წლიდან წლამდე, უფრო ზუსტად, წლისთავიდან - წლისთავამდე გრძელდება და უკვე მართლა იძენს პარანოიდულ ხასიათს ეს აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული, ზოგჯერ კლინიკურ იდიოტიზმში „გარდამავალი“ მსჯელობა „ვინ დაიწყო აგვისტოს ომი“. არადა,  უკვე აბსოლუტურად ნათელია: 7 აგვისტოს, ქართული სოფლების, მათ შორის ავნევის დაბომბვით და ორი ქართველი „სამშვიდობოს“ (გვარებად თაყაიძისა და ტრაპაიძის) სასიკვდილო დაჭრით, ომი დაიწყო ცოფიანმა ანტიქართველმა კოკოითიმ, რომელმაც მოახერხა (აი, როგორ და რატომ მოახერხა, ეს ნამდვილად ლეგიტიმური საკითხია) წინა რამდენიმე წლის განმავლობაში, მძვინვარედ ანტიქართული  სეპარატისტულ-ნაცისტური მოძრაობის გრძელვადიან ინტერესთა „ჰარმონიზება“ - მოსკოვის „დერჟავულ“, გეოპოლიტიკურ ინტერესებთან.

ამ „ჰარმონიის“ ერთ მხარეს იყო ხსენებული, ფანატიკურად ანტიქართული მოძრაობის წყურვილი -  „გაეწმინდა“ ქართველებისგან ლიახვის ხეობები და წარეშალა ქართული კვალი ამ მიწაზე, ხოლო მეორე მხარეს, - მოსკოვის სურვილი (ჯერ კიდევ „მიუნჰენის სფიჩში“ პუტინის გახმოვანებული) არა მხოლოდ  დაესაჯა დასავლეთი „კოსოვოსთვის“, არამედ  გამოყენებინა „კოსოვოს კაზუსი“ პოსტსაბჭოურ სივრცეზე რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესების“ (დმ.მედვედევი) გაბატონებისა და მსოფლიო ასპარეზზე რუსეთის „დერჟავული დაბრუნების“ საწყისად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება სააკაშვილს და, ზოგადად, ქართულ მხარეს, ამ გარდაუვალი ომის დროს (ნამდვილად „გარდაუვალი“ იყო თუ 2004 წელსვე  არ შევიდოდა „ევრაზიულ კავშირში“ და აღარც ახსენებდა „ნატო“-ს), მან მოახერხა „დაემსხვრია“ მთავარი რუსული პარადიგმა, რასაც მოსკოვი აქტიურად და უდიდესი წარმატებით იყენებდა 1992-1993 წლების აფხაზეთში და ახლა იყენებს არანაკლები წარმატებით დონბასში:  რომ ეს იყო არა „რუსეთ - საქართველოს ომი“, არამედ „ომი საქართველოსა და აფხაზურ უმცირესობას შორის“.....და რომ ეს არის არა „რუსეთ-უკრაინის ომი“, არამედ „ომი კიევსა და დონეცკს“ ანუ „უკრაინულ არმიასა და „მხოლოდ“ დონბასელ სეპარატისტებს“ შორის, რომელთაც „მოულოდნელად“ აღმოაჩნდათ ყველა სახის მძიმე საბრძოლო იარაღი, საზენიტო დანადგარების ჩათვლით, რითაც მალაიზიური ბოინგი ჩამოაგდეს.....ისევე, როგორც 1992 წლიდან „აფხაზურ არმიას“ აღმოაჩნდა ყველა სახის იარაღი, მათ შორის ორი ავიაგამანადგურებელი СУ-27. ალბათ ბზიფის ხეობაში „იპოვეს“.

და როგორც, 2004 წლიდან, ოსურ ფორმირებებს „აღმოაჩნდათ“ თვითმავალი ქვემეხები - ჯავას მიდამოებში მდებარე ქვისმთლელ საამქროში „ნაპოვნი“.....

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთისთვის „იდეალური“ იქნებოდა დასავლური აღქმის სწორედ ასეთი ფორმა: „ქართულ-ოსური კონფლიქტი“, „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი“, „შიდაუკრაინული კონფლიქტი კიევსა და დონეცკელ სეპარატისტებს შორის...“

მაგრამ საბოლოოდ, 2008 წლის კონფლიქტი „დამკვიდრდა“ (ეს თანამედროვე პოლიტიკის საკვანძო ცნებაა - პოლიტიკურ ნარატივში „დამკვიდრება“) როგორც რუსეთ-საქართველოს ომი“.

არადა,  სხვა შემთხვევაში, თვით სააკაშვილის აღიარებითვე, შესაძლოა ისეც მომხდარიყო, რომ თბილისის თავზე „აღმართულიყო ოსური (!) დროშა“ (ეს სააკაშვილის ციტატაა), ხოლო მთელს მსოფლიოს ასეთი ფაქტი აღექვა, როგორც „საქართველოს მარცხი ქართულ-ოსურ ომში“, ისევე, როგორც თავის დროზე 1993 წლის მარცხი აღიქვა როგორც „საქართველოს მარცხი ქართულ-აფხაზურ ომში“.

საბედნიეროდ, ასე არ მოხდა, მათ შორის არ მოხდა 8 აგვისტოს მასირებული დაბომბვის წყალობით, რის შედეგადაც მოსკოვი იძულებული გახდა ღიადგამოსულიყო სცენაზე“.  სხვაგვარად ვერ აუხსნიდა საკუთარ საზოგადოებას, რატომ არ ერეოდა, როდესაც საქართველო..... „ჩვენს სალდატიკებს ხოცავს“.

ზუსტად „ამის“ შედეგად,  დასავლეთმა კონფლიქტი სწორად აღიქვა როგორც „რუსეთ-საქართველოს ომი“ და ჩაერია......შედეგად, რუსული ტანკებიც შეჩერდნენ იგოეთთან.

აი „ოსური ტანკები“ კი, მოვლენათა სხვაგვარი განვითარების შემთხვევაში, არ შეჩერდებოდნენ იგოეთთან და დასავლეთიც „მხრებს აიჩეჩდა“ - „ქართულმა და ოსურმა მხარეებმა ეგება საერთო ენა გამონახონო“......ვერაფრის დიდებით ვერ დაარწმუნებდი, რომ არავითარი „ოსური არმია“ არ არსებობს, და რომ ეს, სინამდვილეში, „ოსურად“ გადაცმული რუსული არმიაა.......ისევე, როგორც ვერ არწმუნებენ უკრაინელები, რომ არავითარი „დონეცკის არმია“ არ არსებობს და რომ ეს „გადაცმული რუსული არმიაა“.......არა, უკრაინელებს მუდმივად მოუწოდებენ, „მინსკის პროცესში“ -  „დონბასის საზოგადოებასთან დიალოგისკენ“; ხოლო იმავე მინსკში, პარიზს და ბერლინს, რუსეთი „მხარედ“ კი არ გამოჰყავთ, არამედ..... „შუამავლად კიევსა და დონეცკს შორის“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა ამჯერად ეს არ არის მთავარი: ბოლოს და ბოლოს, „სასარგებლო იდიოტებს“ საქართველოში ამ რთულ თამაშს მაინც ვერ აუხსნი, როგორც არ უნდა „გადაუღეჭო“! ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანი სხვაა: სულ „ომის დაწყებაზე“ რომ არის საუბარი, ეგება ის კითხვაც დავსვათ, ვინ წააგო ეს ომი და ვინ განიცადა  დანაკარგი ამ ომის შედეგად?

რა თქმა უნდა პირველ რიგში საქართველომ, მაგრამ საქართველოს პროდასავლური კურსის და „ნატო“-ში გაწევრებისკენ სწრაფვის შემთხვევაში, ეს ომი (მაშასადამე  დანაკარგიც),  იყო აბსოლუტურად გარდაუვალი! ოღონდ ამ ომით  არა მარტო  საქართველომ წააგო არამედ......ძალიან სახიფათოდ წააგო დასავლეთმაც!

რეალურად, 2008 წლის „სპეცოპერაცია“, მოსკოვის მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს „დასჯის“ ღონისძიება იყო, ან სხვა მეზობელი ქვეყნების დაშინებისა, არამედ დასავლეთის გამოცდა - რამდენად შეძლებდა იგი ეპასუხა ამ გამოწვევისთვის!

შედეგად, კრემლში დაინახეს, რომ დასავლეთმა ეს გეოპოლიტიკური პროვოკაცია (უპირველესად მის წინააღმდეგ მიმართული) „გაატარა!“

დიმიტრი მედვედევმა ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2008 წელს, უკვე კონფლიქტის შემდეგ, შეხვდა ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს და ამ უკანასკნელს საქართველო......„არც კი უხსენებია!“

აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ მართალს ამბობს ამ შემთხვევაში რუსეთის ცრუპენტელა „ექს-პრეზიდენტი“. და ეს  „შემრიგებლური“ განწყობა იმ დროს პრევალირებდა არა მხოლოდ ვაშინგტონში, არამედ ევროპის დედაქალაქებში. ამ განწყობის (ანუ „გატარების“ და „ხელის ჩაქნევის“) გამოვლინება გახდა ე.წ. „ტალიავინის დასკვნაც“.

 საერთო-დასავლური ნარატივი გახლდათ: „იცით რა, ქართველებო? - მოგვწყდით თავიდან და ნუ გვითრევთ კონფრონტაციაში ვეება რუსეთთან.......არ ვაპირებთ თქვენი გულისთვის ამ დიდ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაფუჭებას.......ვცხოვრობთ ჩვენთვის ბედნიერად, მშვიდად, -  ვწრუპავთ ყავას „გრანდ-პლაცზე“, ვტკბებით კოქტეილ „ალესანდერით“ პარიზის ტროკადეროზე, ან შავი ლუდით ლონდონის „სიტიში“,  თქვენ კი......ვინ ხართ საერთოდ?!......ანუ, როგორც ბრიტანული BBC-ს „ჰარდ-თოლქის“ წამყვანმა ჰკითხა პრეზიდენტ მარგველაშვილს (სიტყვა-სიტყვით ასე ჰკითხა - პასუხს ვაგებ): „კი მაგრამ, ეს თქვენი ქვეყანა სადღაც ჯანდაბაში მდებარეობს......რატომ გინდათ მაინდამაინც „ნატო“-ში შესვლა და არ გინდათ შესვლა მეზობელ ევრაზიულ კავშირში?“.

აქვე: მე რომ მკითხოთ, მარგველაშვილი, ამ კითხვის შემდეგ, უნდა ამდგარიყო და იმ „ავტორიტეტული ტელეკომპანიის“ სტუდია დაეტოვებინა. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა.......

სხვათა შორის,  ზუსტად დასავლურ ისტებლიშმენტში (არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ წრეებში) მაშინ გაბატონებული ასეთი  განწყობის გამოვლინება გახდა ისიც, რომ „ჟურნალისტიკის მეტრად“ მიჩნეულმა ტელეკომპანიამ, მეომარი ქვეყნის პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერამდე გადაღებული „ტექნიკური კადრები“ (ე.წ. „ჰალსტუხის ღეჭვა“) ყოვლად უსინდისოდ, ყოველგვარი ეთიკის დარღვევით, ნაძირლურად და სპეციალურად გაუშვა ეთერში რითაც ძააააააალიან გაახარა კრემლის „გველ-პროპაგანდისტები“!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთი სიტყვით, „გაატარეს“ 2008 წლის აგვისტო.......„არაფერიც არ მომხდარა“.......„ანტირუსული სანქციები არა ის“........„ეგღა გვაკლია ქართველების გულისთვის ახლა რუსეთთან.......“

არანაირი სანქცია არ შემოუღიათ და სულ მალე დაივიწყეს კიდეც -  2009 წლიდან  უკვე „საქართველოს“ ხსენებაც აღარსად იყო - არც ერთ სამიტზე, არც ერთ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.......ანუ, ისევ და ისევ „გაატარეს“!!!

ჰოდა სწორედ ამიტომ, რაკი „გაატარეს“, სულ მალე (6 წელი ისტორიისთვის „სულ მალეა“) მიიღეს გათავხედებული, წარმატება-ნაგემნი მტრისგან: „უკრაინა“, ყირიმის ანექსია, ბუდაპეშტის „ბირთვული“ მემორანდუმის თავზე გადახევა, „სირია“ და იქ დასავლეთის „დაჩმორება“, „ჰიბრიდული ომი“ ამერიკაში და ინტერნეტ-ტექნოლოგიებით ისეთი დონის შეტევა ამერიკულ დემოკრატიაზე რომ ზოგიერთი ამერიკელი სენატორი „ნატო“-ს წესდების მეხუთე პუნქტის საპასუხო ამოქმედებასაც კი ითხოვს უკვე........ასევე „სკრიპალების საქმე“ და მშვიდობიან სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენება -  პირველად, 1918 წლის შემდეგ, ევროპის ტერიტორიაზე!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თანაც, ეს ყოველივე მხოლოდ დასაწყისია და ზუსტად იმის შედეგია, რომ........ „გაატარეს“ ანუ......2008 წელს თურმე  „განსაკუთრებული არაფერი მომხდარა“, უბრალოდ......„სადღაც ჯანდაბაში მდებარე ქვეყანა“ რაღაც თავის ტერიტორიულ პრობლემებს გვახვევდა თავს დიდ რუსეთთან, რომელსაც ლეგიტიმური ინტერესები აქვს კავკასიაში“.......

და ვერაფრის დიდებით ვერ აუხსნიდი მაშინ თუნდაც იმავე დასავლელ ექსპერტებსა და ჟურნალისტებს, ვისთანაც ამ სტრიქონების ავტორს აქტიური დისკუსიები ჰქონდა სხვადასხვა „მოედანზე“, რომ ის, რაც საქართველოში მოხდა და ხდება დასავლეთისგამოცდაა“, და რომ კრემლი ამით სწორედ დასავლურ სოლიდარობას, დასავლურ ღირებულებებს, დასავლურ ძალასა და „გამკეთებლობას“ ცდის, ამოწმებს........და  თუ პასუხს არ მიიღებს, შემდეგ ძააააალიან შორს წავა........

რეალური „პასუხი“ მაშინ (2008 წელსვე)  იქნებოდა არა როკის გვირაბის აფეთქება ან რუსეთის დაბომბვა, არამედ ომის დასრულების შემდეგ ისე მოქმედება, ისეთი ნაბიჯების გადადგმა, ისეთი სანქციების შემოღება და საქართველოს გადარჩენილი ტერიტორიის ისეთი დაცვა (თუნდაც სამხედრო ბაზების განლაგებით) რაც პუტინს უჩვენებდა: დასავლეთი სამხედრო  კონფლიქტში,  რა თქმა უნდა, არ ჩაერია სამხედრო ძალით და ვერც ჩაერეოდა, მაგრამ.......მისი მოქმედება  არ „გაატარა“.

სწორედ ამ მხრივ, „ხუთდღიანი ომი“, რომელიც მაშინ დასავლელმა „სირაქლემებმა“ და თანამედროვე „ჩემბერლენებმა“ სადღაც „ჯანდაბაში“ მომხდარ წვრილმან გაუგებრობად ჩათვალეს, სინამდვილეში აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი წერტილი ცივი ომის დასრულების შემდეგ, საიდანაც დაიწყო, „დომინოს ცვენით“.........„უკრაინა“, ყირიმი, დონბასი, „სირია“, „ამერიკული არჩევნები“, ჰაკერული დივერსიები, „სოლსბერი“....... და ეს მართლაც  მხოლოდ დასაწყისია, რაკი  „ალიგატორმა“ სისხლის გემო გაიგო და სუსტის სუნი „იკრა“.

 

ნიკა იმნაიშვილი

 

ავტორი: . .