ლეილა აბაშიძეს დღეს 89 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი1929 წლის 1-ელ აგვისტოს დაიბადა. 1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.
კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“, რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. იყო მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი 1958 წლიდან.
2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე კინოთეატრში მსახიობის პატივსაცემად საღამო გაიმართა, რომელსაც ქართული კინოს ცნობილი მოღვაწეები და ხელოვანები, აგრეთვე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე ლეილას მონაწილეობით ცნობილი კინოფილმების კადრები, ბიოგრაფიული ფოტოები, ფოტოსესიები და ინტერვიუ იყო ნაჩვენები, აგრეთვე, ჰოლივუდის და ევროპული კინოს ვარსკვლვებთან ერთად გადაღებული მისი ფოტოები.
ლეილა აბაშიძე 2018 წლის 8 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.