„მართვის ის მეთოდები, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პირველი არხის გადაცემაში, „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
ივანიშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი იყო ის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს აღარ შეეძლო მართვა.
„მართვის ის მეთოდები, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში. მით უმეტეს, პატარა ქვეყნისა და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობდა. მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები და ამაში ცუდი არაფერი არ არის. მაგრამ ძალიან ხშირად მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება. როგორც ჩანდა, გიორგი კვირიკაშვილი ძირითადად ორ კაცთან - ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებასა და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება, მყისიერად, მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში. გუნდის მზაობა არ შეიმჩნეოდა. მით უმეტეს, პარლამენტის. ეს პრობლემა გუნდზეც აისახებოდა. კვირიკაშვილის მართვის ამ მეთოდის გამო, გუნდს დაეტყო, რომ დაშლას იწყებდა. მიზანი, რისთვისაც იყო გუნდი მოწოდებული, მათ რიცხვში პარლამენტიც, მონაწილეობა მიეღო სახელმწიფოს განვითარების პროცესში, ვერტიკალი, სიმკაცრე საერთოდ ირღვეოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეხვედრაზე, რომელშიც უკვე ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი, მთავრობის მაშინდელი წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გიორგი კვირიკაშვილის მისამართით საკმაოდ მძიმე კითხვები დაისვა.
„იყო შემთხვევები, როდესაც ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინეტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით. რა თქმა უნდა, ლობირება ბიზნესის აუცილებელია ყველა ჩინოვნიკისგან. მე მოწოდებული ვარ, არა როგორც ჩინოვნიკი, არამედ როგორც მოქალაქე და იგივეს მოვუწოდებდი ყველას, რომ მაქსიმალური დახმარება, ლობირება უნდა გავუწიოთ შიგნითაც და განსაკუთრებით გარეთ, ექსპორტზე ჩვენს ბიზნესს. მაგრამ არც პრემიერსა და არც მინისტრს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მათ აქვთ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ინტერესების დაცვა და ეს ბალანსი არ უნდა დაირღვეს. კითხვები იყო ძალიან მძიმე, საუბარი ალბათ სამი საათი გაგრძელდა, კვირიკაშვილს ჰქონდა გამოსვლის საშუალება და რამდენჯერმე შეეცადა საპირისპირო აზრის გამოთქმას. დასასრულს კარგად ჩანდა, კარგად დაინახა მანაც და მთელმა გუნდმაც, რომ მას აღარ ჰქონდა მართვის რესურსი. აღარ ჰქონდა ნდობა, არც პარლამენტში და არც მთავრობაში. ეს გახდა სწორედ მიზეზი მისი გადადგომის და არა ის, რომ ერთმა კაცმა და ივანიშვილმა დაიჟინა. იყო მკაცრი კითხვები, იყო ზომიერი კითხვებიც. გიორგი კვირიკაშვილს ჰქონდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. შედეგი კარგად ჩანდა, შედეგი თავად კვირიკაშვილმაც დაინახა, მას აღარ დარჩა სხვა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.