ხვალ, 24 აგვისტოს, 10:00 საათზე, თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობაში, აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მხარეს 382 000 ლარის ღირებულების რადიაციის პერსონალური დეტექტორები გადაეცემა. აშშ-ის საელჩო 21 დეტექტორს თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურს გადასცემს, ხოლო 71 დეტექტორს - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტმენტს.
ახალი აღჭურვილობის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტრეინინგს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული უსაფრთხოების სამსახური ჩაატარებს.
რადიაციის პერსონალური დეტექტორები საზოგადოების უსაფრთხოებისთვისაა განკუთვნილი და დაეხმარება საქართველოს, უკეთ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება რადიოაქტიური მასალების კონტროლის თვალსაზრისით. აშშ-ის საელჩოს მხრიდან ცერემონიას დაესწრება ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველი ჩარლზ ჰისკოკი.
ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში 2006 წელს ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში აღჭურვილობასა და ტრეინინგებში 6 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. პროგრამის უმთავრესი ამოცანაა მასობრივი განადგურების იარაღისა და მათი კომპონენტების ტრანზიტის აღკვეთა. საზღვრის განმტკიცებაში დახმარების გარდა, აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და ლიცენზირების პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების საქმეში.