„სირიის არაბთა რესპუბლიკამ“, აფხაზეთმა და „სამხრეთ ოსეთმა“ ვირტუალურად გააფორმეს მემორანდუმი ურთიერთცნობისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ. „ვირტუალურად“ ანუ ელექტრონული ხელმოწერებით ან ფოსტით, ვინაიდან რაიმე ცერემონია ჯერ-ჯერობით არ გამართულა. არადა, ასეთ დროს მიღებულია.
დიპლომატიური ეტიკეტის, „წესისა და რიგის“ მხრივ დიდი არაფერი დარღვევაა, მაგრამ პოლიტიკურად მაინც ნიშანდობლივია: მით უმეტეს, რომ თავად აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ იქნებოდნენ მოწადინებულნი, ისეთივე „სამსოფლიო ცერემონია“ მოეწყოთ, როგორც 2008 წლის 26 აგვისტოს, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პირდაპირ ეთერში, კრემლის ცერემონიათა დარბაზში, მოაწერა ხელი დოკუმენტებს „ახლადაღიარებული სახელწიფოების“ პრეზიდენტებთან.
რაც შეეხება სირიის „დინასტიური დიქტატორის“, ბაშარ ალ ასადის გადაწყვეტილებას, პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ რადიო „თავისუფლების“ რუსული რედაქციის ეთერში ასე შეაფასა: „ასადი ახლა იმგვარ მდგომარეობაშია, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება კი არა, რომელიმე რუსმა გენერალმა ერთი ღამით ცოლი რომ სთხოვოს, იმასაც დაუთმობსო“.
„ხატოვნადაა“ გამოსახული რეალობა, მაგრამ შინაარსობრივად ნამდვილად ასეა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რატომღაც ითვლება, თითქოს ასადი „ბევრს არაფერს კარგავს“ ამ აღიარებით, არანაირი დამატებითი საფრთხე ამის გამო არ ემუქრება, „რა ენაღვლება“ და ა.შ.
საქართველო ნამდვილად არ ენაღვლება, მაგრამ ასადმა თავად შექმნა მომაკვდინებელი პრეცედენტი, რომელიც მისი ამორფული სახელმწიფოს საბოლოო გაქრობის წინაპირობა შეიძლება გახდეს: სირია ისედაც დაშლის პირასაა! უამრავი სახელმწიფო იქნება მზად, მისი რეგიონების „დამოუკიდებლობა“ აღიაროს, ხოლო ასადი ვეღარ დაიჩივლებს „სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს რატომ არღვევთო“, რადგან თავად დაარღვია ეს პრინციპი საქართველოს მიმართ.
თუმცა აქ ისიც ნიშანდობლივია, თუ როდის სცნო მან ჩვენი ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონთა დამოუკიდებლობა: არა 3 წლის წინ, როდესაც საკუთარი ქვეყნის 20%-ს ძლივს აკონტროლებდა, არამედ დღეს, როდესაც რუსეთის და ირანის სამხედრო მხარდაჭერით, უკვე ტერიტორიის 70-80% აკონტროლებს და იმედი აქვს, მათივე დახმარებით ამ კონტროლს შეინარჩუნებს.
ისიც უნდა ითქვას, რომ დამასკოსა და თბილისს შორის ურთიერთობა უკვე დიდი ხნის წინ „გაცივდა": დაახლოებით 2005-2006 წლებში, როდესაც საქართველომ მჭიდრო კავშირი დაამყარა ისრაელთან, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით. ხოლო სირია, ჯერ კიდევ ამჟამინდელი „პრეზიდენტის“ მამის, ჰაფეზ ალ ასადის დროიდან, საკუთარ მისიად მიიჩნევს ებრაული სახელმწიფოს განადგურებას! არანაკლებ, ვიდრე ირანი. ირანსა და სირიას შორის სტრატეგიული კავშირის საფუძველი არა მხოლოდ შიიზმი და შიიზმთან დაკავშირებული ალავიტური რელიგიური განშტოებაა, არამედ ისრაელთან მტრობაც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სწორედ ამ ნიადაგზე(ც) და რუსეთისადმი სიმპათიით, ასადმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი რუსულ აგრესიას 2008 წელს: სპეციალურად ჩაფრინდა სოჭში, შეხვდა პუტინს, განაცხადა, რომ „რუსეთმა ყველაფერი სწორად „გააკეთა“, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს „საერთაშორისო პროვოკატორი“ უწოდა. მაშინ არათუ სირიის სამოქალაქო ომი, არამედ ე.წ. „არაბული გაზაფხულიც“ კი (ანუ, მოვლენები ლიბიაში, ეგვიპტეში და ა.შ) არ იყო დაწყებული.
კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც სირიის დემარში განაპირობა, იყო აფხაზურ-ადიღური (ჩერქეზული) დიასპორის აქტიურობა. ამას, რასაკვირველია, არავინ აქცევს ყურადღებას. არადა, სინამდვილეში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: აფხაზები უკვე წლებია აქტიურად მუშაობენ ახლო აღმოსავლეთში......ჩერქეზული დიასპორა კი იქ ტრადიციულად ავტორიტეტული და გავლენიანია.
თუმცა ეს ფაქტორი ვერც კი შეედრება მთავარ მოტივს: რუსეთის გავლენას და მოსკოვის მოთხოვნას!
26 მაისს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავდა უამრავი სტუმრის თანდასწრებით, ხოლო „თავისუფლების მოედანზე“ ამერიკელები მარშირებდნენ ქართველ მეომრებთან ერთად, პუტინმა საერთოდ არ მოგვილოცა. როგორც ჩანს კრემლში უკვე მაშინ ემზადებოდნენ ამ ფორმით ჩვენს „დასასჯელად“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ არის კი ეს სასჯელი? სოხუმში (ე.წ. „სამხრეთ ოსეთზე“ საუბარი ამ კონტექსტში საერთოდ არ ღირს) დიდი ზეიმია: „კიდევ ერთმა სახელმწიფომ გვაღიარა და სულ მალე ფართო საერთაშორისო აღიარებაც დაიწყებაო“.
არადა, სინამდვილეში, სირიის პირსისხლიანი დიქტატორის მიერ „აღიარება“ იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ქვეყანა, ვინც მას „პირუტყვს“ (პრეზიდენტ ტრამპის განსაზღვრება) და „ქიმიური იარაღით საკუთარი ხალხის მომწამლავს“ უწოდებდა, არ მოინდომებს აფხაზეთის ცნობას, რათა ამ „პირუტყვთან“ ერთ კატეგორიაში არ აღმოჩნდეს. საქართველოსთვის კი გადამწყვეტია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს „ეუთო“-ს წევრი არც ერთი ქვეყანა, გარდა რუსეთისა. რეალურად, „მსოფლიო თანამეგობრობა“ სწორედ „ეუთოა“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შეიძლება თუ არა სირიას მიბაძონ სხვა არაბულმა ან მუსლიმურმა სახელმწიფოებმა? არა, იმავე მიზეზით: ასადის კატასტროფული არაპოპულარობისა და იზოლირებულობის გამო სუნიტური „ოიკუმენადან“, რომელიც მაჰმადიანთა უმრავლესობას აერთიანებს.
მაგრამ იქნებ ისევ და ისევ შიიტური ირანი?.......კვლავ არა, რადგან თეირანს არაფრის დიდებით არ აწყობს საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტა. თეირანს გრძელვადიანი და ძალიან ჭკვიანური სტრატეგია აქვს სამხრეთ კავკასიაში, რაც განპირობებულია, ჯერ ერთი, ისტორიული მიზეზებით, ანუ თურქეთთან და რუსეთთან გეოპოლიტიკური პაექრობით და ასევე „ენერგეტიკული დერეფნების“ გარშემო თამაშით. საქართველო კი, მადლობა ღმერთს, ამ რეგიონის „გასაღებია“ ........ თეირანში ეს ძალიან კარგად იციან.
სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირებაა, რომ თბილისი ამ საკითხში ახორციელებს ე.წ. „ჰალშტეინის დოქტრინას“ (Hallstein-Doktrin), რასაც გერმანია ატარებდა ე.წ. „გდრ“ - ის მიმართ, როდესაც დაუყოვნებლივ წყვეტდა დიპლომატიურ ურთიერთობას ყველა სახელმწიფოსთან, რომელიც „გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას“ აღიარებდა.
ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე რადიკალურიც კია, რადგან Hallstein-Doktrin-ის მიუხედავად, ბონი ოკუპანტ ქვეყანასთან (სსრკ - იგივე „წითელი რუსეთი“) მაინც ინარჩუნებდა დიპლომატიურ ურთიერთობას.
1970 წლებში, როცა გფრ-ს სათავეში მემარცხენეები მოვიდნენ, გერმანიამ „ახალი აღმოსავლური პოლიტიკა“ შეიმუშავა და თავად სცნო „აღმოსავლეთ გერმანია“, საელჩოც გახსნა. შესაბამისად Hallstein-Doktrin გაუქმდა.
იმედი ვიქონიოთ, საქართველო არ გახდება იძულებული იმავე გზით წავიდეს აფხაზეთის მიმართ, რადგან გერმანიაში „საზღვრის“ ორივე მხარეს გერმანელები ცხოვრობდნენ, ჩვენთან კი სხვა რეალობაა. ასადის „პირსისხლიანობა“ და „პირუტყვობა“ კი ხმას ჩააკმენდინებს იმ საკმაოდ გავლენიან ძალებს დასავლურ (პირველ რიგში ევროპულ) ისტებლიშმენტში, რომლებიც ჩუმ-ჩუმად „კუდს უქიცინებენ“ სეპარატისტებს და „რამე რომ იყოს“ საქართველოსაც მოსთხოვდნენ, უარი თქვას Hallstein-Doktrin-ზე.
ნიკა იმნაიშვილი