შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანმაშრომლებმა ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს სამსახურეობრივ გულგრილობაში ეჭვმიტანილი, ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, 1977წ.დ. თამარ ნემსიწვერიძე, რომლის ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის შტამპით აღნიშნული 92 დასახელების წიგნი. ასევე დაკავებულია ქურდობაში ეჭვმიტანილი, ამავე ბიბლიოთეკის ყოფილი კომენდანტი, 1938წ.დ თამაზ ნიკოლეიშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ასევე დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, წარსულში ქრთამის აღებისთვის ნასამართლევი, მფრინავთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, 1960 წ.დ. მერაბ ჭელიძე. აღნიშნული პიროვნება ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების ქურდობაში ეჭვმიტანილ ვაჟა აზარიაშვილსა და ზურაბ აღდგომელაშვილს, წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით, უცხოეთში რეალიზაციის მიზნით ხელს უწყობდა მოპარული წიგნების ქ.თბილისის აეროპორტიდან ეტაპობრივად უკრაინის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებაში. საზღვარზე წიგნების ბოლო გადატანის სანაცვლოდ მერაბ ჭელიძემ აიღო 6 000 აშშ დოლარი. თუმცა აღნიშნული ტვირთი დაკავებულ იქნა უკრაინის საბაჟო სამსახურის თანამშრომლების მიერ. ეჭვმიტანილმა შეპირებისამებრ წიგნების დაბრუნება ვერ შეძლო, თანხა კი თაღლითურად მიითვისა.
მე-18 და მე-19 საუკუნის ისტორიული მნიშვნელობის გატაცებული წიგნები აღმოჩენილ იქნა უკრაინის სახელმწიფო ისტორიულ ბიბლიოთეკაში. წიგნების დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველო. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 342-ე , 180-ე და 177-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით.