“მოქალაქეობის შესახებ“ კანონით ის პირობები დგინდება, რა შემთხვევაშიც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას, საქართველოს მოქალაქეობის შეინარჩუნებს. კანონპროექტი, რომელიც არსებული კანონის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
ახალი რედაქციის კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აღარ ეკრძალება, იყოს იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქე და უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურ დაკარგვას არ იწვევს.
კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობას ინარჩუნებს, თუ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.
თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული და არსებობს ერთ-ერთ შემდეგი პირობა: საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომლის მოქალაქეობის მიღებას ის აპირებს და საქართველოს მოქალაქე სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით ცხოვრობს ან მუშაობს ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც ის აპირებს.