1918 წლის 26 მაისს, თბილისის დროით 17:10 საათზე, გენერალ ევგენი გოლოვინის პროსპექტზე მდებარე რუსი მთავარმართებლის (იგივე გუბერნატორის) სასახლეში, საქართველოს ეროვნულმა კრებამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს სცენა ლამის „ფოტოგრაფიული სიზუსტით“ აღადგინა ქართველ მსახიობთა დასმა ზუსტად 100 წლის შემდეგ: იმავე სასახლეში, იმავე დარბაზში......განსაკუთრებით საინტერესო კი, რისთვისაც ამ პერფორმანსის ავტორებს მადლობა ეთქმით, ნოე ჟორდანიას ნარატივი იყო, რაც ასევე პატიოსნად „აღადგინა“ უცნობმა რეჟისორმა: „დღეს თქვენ მოწმე იყავით ტრაგიკული აქტისა - ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და იბადება მეორე სახელმწიფო. ამ ორ სახელმწიფოს შორის, რომელთაგან ერთი მოკვდა და მეორე იბადება, შეუძლებელია ყოფილიყო ინტერესთა წინააღმდეგობა. და თუ ოდესმე პირველი აღდგება მკვდრეთით, მათ შორის მუდამ იქნება ინტერესთა თანხმობა“ (ციტატის დასასრული)
არ გეჩვენებათ უცნაურად? კაცი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაბადებას ამცნობს ერსა და მსოფლიოს, ამ დროს კი რაღაც „გარდაცვლილ სახელმწიფოზე“ აშკარა მწუხრით ლაპარაკობს, მის აღდგენას ლამობს და მომავალ „თანხმობაშიც“ დარწმუნებულია.
კი მაგრამ რა „სახელმწიფოს“ გულისხმობს „რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი ნოე ჟორდანია? რასაკვირველია, „ვიწროდ“ გულისხმობს ე.წ. „ამიერკავკასიის ფედერაციას“, ხოლო ფართო გაგებით, ე.წ. „რუსეთის დემოკრატიას“ ანუ „რუსეთის რესპუბლიკას“, რომელმაც 1917 წლის თებერვლიდან - იმავე წლის ოქტომბრამდე, ანუ ბოლშევიკურ გადატრიალებამდე იარსება.
„ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაცია“, სინამდვილეში, იმ ძალებმა შექმნეს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რომელთაც რუსეთის გარეშე არსებობა საერთოდ ვერ წარმოედგინათ, მაგრამ ბოლშევიკური პუტჩისა და თურქეთის აგრესიის შედეგად გახდნენ იძულებულნი (!) დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ.
ნოე ჟორდანიას ისტორიულ ფრაზაში ეს „იძულება“ მკაფიოდ ჩანს, რაც სულაც არ ნიშნავს, თითქოს საქართველოში ან იმავე „ეროვნულ კრებაში“ არ იყვნენ ძალები (მაგალითად სპირიდონ კედიას „ეროვნულ-დემოკრატები“) ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა ნამდვილად სურდათ ყოველგვარი „ზაკავკაზსკი ფედერაციებისა“ და „რუსეთის რესპუბლიკის“ გარეშე. მაგრამ ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების შედეგად, სწორედ „სოციალ-დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს რუსი სოციალისტი პოლიტიკოსის, ნოე ჟორდანიას წინამძღოლობით. ხოლო მის მიერ იძულებით (!) დეკლარირებული დამოუკიდებლობა, ასევე რუსმა პოლიტიკოსებმა, იოსებ ჯუღაშვილმა და სერგო ორჯონიკიძემ დაამხეს 3 წლის შემდეგ თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობისა და გართულების გარეშე - გარდა საბრალო, ყველასგან მიტოვებულ ახალგაზრდა იუნკერთა გმირული თავგანწირვისა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
1918-1921 წლების „პირველი რესპუბლიკა“, ყველაფრის მიუხედავად, თანამედროვე საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ჩავლილ დღესასწაულზეც მკაფიოდ და ნათლად (ამასთან ძალიან დამაიმედებლად) გამოჩნდა: თბილისს 20 ქვეყნის დელეგაცია ეწვია. მათგან ექვსს პრეზიდენტები ხელმძღვანელობდნენ! გარდა ამისა, საქართველოში პირველად ჩამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, რომელიც არა მხოლოდ თანამდებობით, არამედ „პოლიტიკური წონით“ და ავტორიტეტით თითქმის გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ტოლფასი ფიგურაა საერთოევროპული საკითხების გადაწყვეტისას თუ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტთა განსაზღვრისას.
ამ „სტუმრიანობის“ ფონზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან ივ ლე დრიანის სტუმრობამაც ისე ჩაიარა, თითქოს „წვრილმანი“ ყოფილიყო. არადა, სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა როგორც სიმბოლური, პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.
გარდა ამისა, ათეულობით სახელმწიფომ მოგვილოცა, მაგრამ.......ამ მოლოცვებს შორის მოსკოვის „სამახარობლო“ არ ყოფილა: რუსეთის ხელისუფლება, ტრადიციულად, „მჟავედ“ ულოცავდა საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებს „დამოუკიდებლობის“ დღესასწაულებს. ითვლება, რომ ჩვენ 2008 წლიდან აღარ გვილოცავს, თუმცა დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ეს „მილოცვები“ პრეზიდენტ პუტინის პირველი წლებიდანვე გაქრა.
ვლადიმერ პუტინი არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს მხოლოდ.....9 მაისს ულოცავდა ხოლმე. როგორც ჩანს, კრემლში ჩათვალეს, რომ ქართველებს დამოუკიდებლობის დღესასწაული არ უნდა მიულოცონ, რაკი ეს ხალხი (მისი დიდი ნაწილი) მხოლოდ იმ დიდ ომში გამოადგათ და საკუთარი, „დამოუკიდებელი“ დღესასწაული არც შეიძლება ჰქონდეს!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სამაგიეროდ, 26 მაისს დადასტურდა, რომ ზოგადად აღმოსავლეთ ევროპა და პირველ რიგში, ბალტიის სახელმწიფოები მართლაც საქართველოს აბსოლუტურად უტყუარი და, რაც მთავარია, სისხლხორცეულად „დაინტერესებული“ მოკავშირეები არიან: დალია გრიბაუსკაიტე ლიტვაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ, ცივ და პრაგმატულ პოლიტიკოსად ითვლება: ის, რომ ლიტვა საქართველოს უწოდებს „საქართველოს“ და არა „გრუზიას“; ის, რომ ლიტვა ყველაზე აქტიურია 2008 წლიდან საქართველოს მხარდასაჭერად, პირველ რიგში ლიტვის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარეობს: ვილნიუსში, ისევე როგორც ტალლინსა და რიგაში ხედავენ, რომ თუ რუსეთმა 2008 წელი იოლად „გადაყლაპა“ და მას დანარჩენი საქართველოც მიაყოლა, ხოლო ევროპაში რიბენტროპის შთამომავლებმა ეს „გაუპრავეს“, კრემლი შემდეგ სხვა პატარა ქვეყნებსაც მიადგება. „ნატო“-ს ფორმალური წევრობა კი, შესაძლოა, მხოლოდ „შეშფოთების“ გამოხატვით შემოიფარგლოს.
ამიტომაც, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს ყოველთვის შეგვიძლია მივმართოთ მხარდაჭერისთვის და მუდამ მივიღებთ პოლიტიკურ მხარდაჭერას არა ჩვენდამი „სიყვარულით“ ან „სიბრალულით, არამედ - მათივე პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე. „საქართველო“ - „გრუზიას“ ნაცვლად ამ მოცემულობის მხოლოდ ერთი გამოვლინებაა.
ასევე, საინტერესოა, სლოვაკეთის პრეზიდენტის, ანდრეი კისკას განცხადება, რომელმაც მავთულხლართებთან გადაღებული ფოტოები ააფრიალა. არადა, რამდენს ეცადა მოსკოვი, აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოები საკუთარ „სასარგებლო იდიოტებად“ და „ტროას ცხენებად“ ექცია ევროპაში. სამწუხაროდ, ჩეხეთის და მისი ამჟამინდელი „ფრუქტი“ პრეზიდენტის სახით მიაღწია კიდეც ამას, მაგრამ რაც უფრო გაძლიერდება რუსეთის აგრესია, რაც უფრო ღრმად შეტოპავს პუტინი უკრაინაში და მიუახლოვდება ევროპის ნამდვილ საზღვრებს, მით ნაკლები ამგვარი „იდიოტი“ ეყოლება ევროპელ ლიდერთა შორის და ესეც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო ტრენდია!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება ჟან კლოდ იუნკერს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან (პირველმა ევროპელ ლიდერთა შორის ესოდენ გამოკვეთილად და ერთმნიშვნელოვნად) განაცხადა, რომ საქართველო „მენტალურად და გეოგრაფიულად მუდამ ევროპის ნაწილი იყო“. აქ მეორე განსაზღვრება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველი. ანუ, ევროკავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აღიარებს, რომ სამხრეთ კავკასია, გეოგრაფიულად, ევროპაა. სინამდვილეში, ეს ისტორიული აღიარებაა, რადგან ევროპელ მეცნიერთა, გეოგრაფთა და პოლიტიკოსთა თუ „გეოპოლიტოლოგთა“ უდიდესი ნაწილი დღემდე ამგვარ განსაზღვრებას სულაც არ ეთანხმებოდა, ანუ მიიჩნევდა, რომ ევროპის გეოგრაფიული საზღვარი კავკასიონის ქედზე გადის. აღმოსავლეთით კი - ურალის ქედზე.
თუმცა, აქაც პუტინი..........„დაგვეხმარა“ და სანკტ-პეტერბურგის ფორუმზე „აჯახა“: „რაკი რუსეთზეა ლაპარაკი, ევროპის გეოგრაფიული ჩარჩოები სულაც ლისაბონიდან - ვლადივოსტოკამდეაო“.
ნიკა იმნაიშვილი