მისასალმებელია, რომ თბილისის მერმა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, სწორედ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კონტექსტში დაინახა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო გოგუაძე თბილისის მერის დღევანდელ ინიციატივას.
მისი თქმით, თბილისის მერის დღევანდელი განცხადება ჩვენი ქალაქის ორი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხის ეხმიანება - თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.
„ინიციატივა მოიცავს ელექტრო ავტობუსების და ელექტრო მიკროავტობუსების იმპორტიორების და მომწოდებლების გათავისუფლებას დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ასეთი შეღავათიანი საგადასახადო პირობა მხოლოდ წაახალისებს ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო ტრანსპორტის განვითარებას ქალაქში.
საბურთალოზე მოსახლეობასთან შეხვედრებისას, ხშირად მიზიარებენ წუხილებს თბილისის ეკოლოგიური გარემოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაუმჯობესების შესახებ. ვფიქრობ, ეს ინიციატივა, რომელიც ასე სწორად, ერთ კონტექსტში ხედავს ამ ორ საკითხზე მუშაობას და მდგომარეობის გაუმჯობესებას, სასიხარულო იქნება თბილისის მაცხოვრებლებისთვის. ბუნებრივია, საკითხზე გადაწყვეტილება პარლამენტის მისაღებია და მზად ვართ წარმოდგენილი ინიციატივა დროულად განვიხილოთ", - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის მერი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ელექტრო ავტობუსების და ელექტრო მიკრო ავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების დამატებითი ღირებულების გადასახადის გათავისუფლების ინიციატივით გამოვიდა.