ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობპროდუქტების საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანის ფაქტზე დააკავეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: შპს „მეტალიკის" დამფუძნებელი მერაბ უნგიაძე, დირექტორი მამული ალადაშვილი, ფინანსური მენეჯერი ფრიდონ კვანტალიანი, მენეჯერები მერაბ კალანდარიშვილი და ზვიად ჩიკაშუა. აგრეთვე დაკავებულია ბათუმის ნავთობბაზის თანამშრომელი ანრი გოგიტიძე და ბათუმის პორტის საბაჟო-გამშვები პუნქტის მებაჟე ზურაბ თენიეშვილი.
გამოძიების ინფორმაციით, შპს „მეტალიკის" წარმომადგენლებმა 2009 წლის მაისიდან 2010 წლის ივნისამდე ბუნკირებისთვის კერძოდ, გემების საწვავით მომარაგების მიზნით უცხოეთიდან შემოიტანეს 27 მილიონი ლიტრი დიზელის საწვავი, რომლის საბაჟო ღირებულება 31 210 073 ლარს შეადგენდა. აღნიშნული საწვავი ეჭვმიტანილებმა შეინახეს ქ. ბათუმში ნავთობაზა „გორგიას" რამდენიმე რეზერვუარში, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული იყო ამ საწვავის განუბაჟებლად საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაცია,-„მეტალიკის" წარმომადგენლებმა სხვადასხვა პირების ხელშეწყობით, დოკუმენტების გაყალბებით, საბაჟო წესების დარღვევით გამოიტანეს აღნიშნული საწვავი ბაზიდან
და მოახდინეს მისი რელიზაცია, რითაც ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის
ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს 10 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
214-ე, 218-ე და 332-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შესაბამისად ხუთიდან თერთმეტ წლამდე, სამიდან ხუთ წლამდე და სამ წლამდე ვადით.