ENG / RUS       12+

ნესტან კირთაძე: აგვისტოს ომი ეს იყო აშშ-სა და რუსეთის კონფრონტაცია საქართველოს ტერიტორიაზე

რესპოდენტის შესახებ

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი წელი შესრულდა. რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში, როგორია საერთაშორისო თანამეგობრობის საქართველოსადმი მხარდაჭერის ხარისხი. როგორია საქართველოს დღევანდელი ისტორიული მოცემულობა და მისი პერსპექტივები. ამ და სხვა საკითხებზე "ჯი-ეიჩ-ენი" ისტორიკოსს, პროფესორს, ნესტან კირთაძეს ესაუბრა.

_ ქალბატონო ნესტან, რუსეთ - საქართველოს 2008 წლის ომის შემდგომ 2 წელი შესრულდა. რა შეიცვალა ამ ორი წლის განმავლობაში, დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს თუ არა საქართველოს გამთლიანების შანსი?

_ დიახ, ორი წელი გასრულდა 2008 წლის 7-8 აგვისტოს სისხლიანი მოვლენების შემდგომ და, როდესაც აბსოლუტურად ცოცხალია ყოველი კადრი, ყოველი დღე და ყოველი საათი ამ დიდი ტრაგედიისა, აბსოლუტურად ცოცხალია ადამიანთა ემოციები და განცდები, ცდილობენ შემოგვთავაზონ ომის ის ვერსია, რომელიც ხელს აძლევს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს; შემოგვთავაზონ ის შეფასებები, რომელიც ამ ჯგუფის დანაშაულებათა გადაფარვის პოლიტიკურ თავშესაფრად უნდა იქცეს. მაგრამ ეს ასე ვერ იქნება, რადგან ასეთია ისტორიზმის პრინციპი, რომელიც მუდმივად დააფიქსირებს საქართველოს უახლესი ისტორიის ამ მძიმე ეპიზოდს, როგორც დიდ ეროვნულ კატასტროფას. _ როდესაც ქართლს ამოგლიჯეს გული; როდესაც ერთიანი საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე გაჩნდა სამი დამოუკიდებელი და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აღიარებული სახელმწიფო; როდესაც ჩვენს ქვეყანას წაართვეს ერთიანი ქართული სახელმწიფოს მომავლის შანსი; როდესაც ჩვენ მივიღეთ დამატებით ათიათასობით ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი; მივიღეთ მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეებისა; როდესაც დაიღუპნენ და დაშავდნენ ქართველი პატრიოტი სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცები, რომელთაც ყველა საერთაშორისო ლეგიტიმაცია ჰქონდათ იქ ყოფნისა და არსებობისა; როდესაც ათეულობით და ასეულობით ტკივილითა და ომის განცდებით სულეირად დასახიჩრებულმა ბავშვმა, მოზარდმა და ახალგაზრდამ თავისი ცხოვრება უნდა გააგრძელოს მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილმა, ხოლო მთელმა საქართველომ კი იძულების გზით გავაგრძელოთ არსებობა ქვეყნის სასიცოცხლო სივრცის გარეშე და ისტორიული შანსის მოლოდინში.
სამწუხაროდ, ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი შედეგების შეფასებისა, რომელიც მოიტანა უგუნურმა პოლიტიკამ, უსამშობლობის სრულმა განცდამ, ავანტიურისტულმა ექსპერიმენტებმა, რომელსაც სახელად 2008 წლის 7-8 აგვისტოს სისხლიანი მოვლენები ჰქვია.
ომი კი იქ იწყება, სადაც არ არსებობს მშვიდობის ნება, გონივრული პოლიტიკა და დიპლომატია.

_ როგორ ფიქრობთ, რა პოზიციებზე იმყოფება საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. იგრძნობა თუ არა საერთაშორიო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს მიმართ ისეთივე მხარდაჭერის მუხტი, როგორიც ომის შემდგომ პერიოდში არსებობდა.

_ რაც უფრო მეტად გადის დრო, მეტად იცვლება თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტი; იცვლება მსოფლიოს დიდი აქტორების ინტერესები და ვხედავთ, რომ ეს დრო, ეს ვითარება და ეს ინტერესები არცერთ შემთხვევაში არ გვაახლოვებს საქართველოს გამთლიანებასთან. ასე მაგალითად: რამდენიმე თვიანი განხილვის შემდეგ 22 ივლისს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ მიიღო ვერდიქტი, რომ "კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ ყოფილა, რადგან არ არსებობს საერთაშორისო სამართლის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ამ აქტით დაირღვევოდა." რასაც დიდი შიშით შეხვდა ევროპული და საერთაშორისო საზოგადოება და მრავალი საგაზეთო და საექსპერტო სტატია მიეძღვნა იმას, თუ რა მოხდება შემდეგ.

ჩვენ სხვადასხვა დიდი სახელმწიფოების მეთაურები და ლიდერები გვეუბნებიან, რომ ეს არ არის პრეცენდენტი, თუმცა ექსპერტები უკვე თვლიან, რომ ჰააგის ვერდიქტმა ბიძგი მისცა პანდორას ყუთის გახსნას და მთელს მსოფლიოში სეპარატისტული მოძრაობების აღიარებას. თქვენი შეკითხვის მეორე მხარე კი გახლავთ ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან სულ ორიოდე თვის შემდეგ, ყველა სახელმწიფოს ლიდერი, მათ შორის საერთაშორისო ალიანსები გამოვიდნენ რუსეთთან დიალოგისა და თანამშრომლობის აღდგენის სურვილით, ანუ საქართველოს სასარგებლოდ საერთაშორისო ფაქტორი უკვე აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ ძალიან პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკა, რუსეთთან დიალოგისა და მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობისა.

სამხედრო კონფრონტაციის დაწყებას წინ უძღვოდა მრავალი გაუაზრებელი, მათ შორის ერთი გამოკვეთილი ფაქტორი, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ ყბადაღებული და გულუბრყვილო პოლიტიკური მისწრაფება და პროპაგანდა - საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობიდან და ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იმთავითვე იყო მცდარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. მცდარი არა იმიტომ, რომ ნატო პოლიტიკური გემოვნების ან ორიენტაციის საკითხია, არამედ იმიტომაც, რომ, ჯერ ერთი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდებიდან გამომდინარე განსაზღვრულია, რომ ამ ორგანიზაციაში არ მიიღებიან ის ქვეყნები, რომელთაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და დაუფიქსირებელი საზღვრები აქვთ და მეორე, მეზობელი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველა საერთაშორისო დონეზე აკეთებდა განცხადებას, რომ ნატოს საზღვრების გაფართოვება და საქართველოს ალიანსის წევრობა რუსეთის ფედერაციას ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებს უქმნიდა.
ცხადია, მინიმუმ ამ ორმა ფაქტორმა დააჩქარა და გააძლიერა სამხედრო კონფრონტაცია და შექმნა ომისათვიხ ყველა სახიფათო პირობა.
ასე რომ, ამდენი აყალმაყალისა და გაუთავებელი პროპაგანდის მიუხედავად პრაქტიკულად, საქართველო პირისპირ აღმოჩნდა მისი დაუცველი მომვალისა და კატასტორფული შედეგების წინაშე.იმის მიუხედავად, რომ უკვე არსებობდა კოსოვოს პრეცენდენტი.

_ თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოში იმყოფებოდნენ მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები, რომლებმაც თბილისში საქართველოს მხარდამჭერი და რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებები გააჟღერეს... იგივე ჰილარი კლინტონი.

_ ქართული პროპაგანდისტული მანქანა მსოფლიო ლიდერების ჩამოსვლას აფასებს, როგორც საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერ ნაბიჯებს. ეს მცდარი შეხედულებაა და მხოლოდ პროგანდისტული სიგნალებია, გამიზნული ობივატელისა და გულუბრყვილო ადამიანების მისამართით. სინამდვილეში ობამას ადმინისტრაცია და ჰილარი კლინტონი გახლავთ არქიტექტორი რუსეთთან ურთიერთობების განახლებისა და გადატვირთვის პოლიტიკისა. ასე რომ, ახლა მათ პრიორიტეტს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს და არა პოლიტიკური და ბირთვული კონფრონტაცია რუსეთთან, რომლიც გახლავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის უაღრესად პრაგმატული გადაწყვეტილება, რადგან ობამას ადმინისტრაციას მემკვიდრეობად ერგო აშშ-ისმონაწილეობა ორ კატასტროფულ ომში.ეს არის ომი ავღანეთსა და ერაყში; მემკვიდრეობად ერგო ახლო აღმოსავლეთში მოუგვარებელი პალესტინა - ისარელის კონფლიქტი; მემკვიდრეობად ერგო ირანის კრიზისი.
ასე რომ, ახალმა ადმინისტრაციამ გამოკვეთა პრიორიტეტი რუსეთთან თანამშრომლობისა და არა კონფრონტაციისა. ასევე მოიქცა ევროკავშირიც. უფრო მეტიც, ნატო შეციდა რუსეთთან აქტიურ თანამშრომლობაში და მინდა წინსწარ დაგიანონსოთ., რომ ნოემბრის თვეში, როდესაც გაიმართება ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი სამიტი, ანდრეს ფოგ რასმუსენი იტყვის შემდეგ ფრაზებს - არათუ აღდგა ურთიერთობა რუსეთთან არამედ ჩვენს შორის მიმიდნარეობს აქტიური დიალოგი და თანამშრომლობა ერთიანი უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოსაყალიბებლადო. ეს კი იმის მანიშნებელი გახლავთ, რომ მსოფლიოს უნიფიკაციის მოდელის განხორციელების დროს, როდესაც წესრიგის სხვა საფუძვლები არსებობდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოვლინდა მრავალპოლარული მსოფლიო, სადაც რუსეთი უკვე ზესახელმწიფოს როლში აღდგა, და იძულებული გახადა დანარჩენი სამყარო თვალი გაესწორებინა ამ რეალობისათვის. ასეთია თანამდროვე საერთაშორისო რეალობა.

_ თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო თანამედროვე რეალურ სამყაროში და რა შეცდომები იქნა დაშვებული, რომლებმაც როგორც თქვენ ამბობთ "დიდ ეროვნულ კატასტროფამდე" მიგვიყვანა.

_ მოდით ვთქვათ, რა გაკეთდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, გრძელვადიანი მშვიდობისათვის და რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისათვის. არც არაფერი. საქართველო იქცა ერთი კონკრეტული სუპერ სახელმწიფოს ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის და ინტერესების რეალიზაციის საექსპერიმენტო ველად და მთელი დასავლეთისათვის ხოლოდ ნავთობსადენებისა და გაზსადენების სატრანზიტო დერეფნად.
საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაინახა ქვეყნის ის ფუნქცია და ვერ განსაზღვრა ის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რომელიც მას ერთიანი ქართული სახელმწიფოსმომავლის შანსს შეუქმნიდა.

პირველი ის, რომ სახელისუფლებო წრეებში გაჩნდა იდეა საქართველოსათვის მიენიჭებინათ კავკასიის ისრაელის სტატუსი. ეს იდეა მუსირებდა ყველა საერთაშორისო დონეზე და შედეგად მივიღეთ საქართველო არა რგოროც კავკასიის ისრაელი, არამედ საქართველო, როგორც კავკასიის პალესტინა. და თუ გავითვალისწინებთ ამ უკნასაკნელი პოლიტიკური ტერმინის შინაარსის ტენდენციებს, საუბედუროდ უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის დაშლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული პროცესი.

არსებობს თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის ჰენრი კისინჯერის ცნობილი შეხედულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მსოფლიოში შეუძლებელი არაფერია და არაფერი არ ხდება ისეთი, რაც არ მომხდარა წარსულში და არ მოხდება მომავალში.
ამას ვამბობ როგორც ტკივილს და როგორც პრევენციას, რადგან საქართველომ, და არა მისმა ამჟმინდელმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ის სისტემა, რომელიც საქართველოს დაიხსნის ამ საფრთხეებისაგან და შესაძლებლობას მისცემს სამომავლო ერთიანობისა და მთლიანობისათვის.
ამ რამდენიმე ხნის წინ, ქართული საზოგადოებისათვის კარგად ცნმობილი გვარი მეთიუ ბრაიზა პასუხობდა "ეხო მასკვის" კორესპონდენტის შეკითხვებს, სადაც მიუთითა, რომ: - ჩვენ ვასწავლით ქართველებს, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ტერიტორიებიო. გაოცებული კორესპონდენტის შეკითხვაზე: - რას გულისხმობთ, აფზაზეთის და სამხ. ოსეთის დაბრუნებასო?. ბრაიზამ ბოდიშებით უპასუხა: - არა ბატონო, ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხიაო, ჩვენ დარჩენილ ტერიტორიებზე გესაუბრებითო.

ახლა გამგებმა კარგად გაიგოს ამ მცირე პასაჟის საფრთხეც და შინაარსიც.

შეცდომა მეორე, როდესაც საქართველოს ამჟმინდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკურად, სამართლებრივად, იდეოლოგიურად და პროპაგანდისტულად, მოამზადა შეიარაღებული სამხედრო კონფრონტაცია. კერძოდ: საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული და ქვეყნის პარლამენტის საკანომდებლო აქტებით, ცხინვალის რეგიონში შეიქმნა ორი სამხრეთ ოსეთის ოლქი. ასევე, კოდორის ხეობაში შეიქმნა არარსებული და არგაგონილი ზემო აფხაზეთი, რაც უკვე იყო პროვოცირება იმისა, რომ კონფრონტაცია გარადაუვალი გახდებოდა. ჩნდება იმის ეჭვი, რომ როდესაც ნატო თავის წესდებით ამბობს, რომ მის შემადგენლობაში მიიღებიან, მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთაც არა აქვთ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და არა აქვთ დაუფიქსირებელი საზღვრები, მაშინ, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბუშის ადმინისტრაციის ქორების მიერ მოხდა ინიცირება იმისა, რომ საქართველოს უარი ეთქვა თავის ორ სეპარატისტულ რეგიონზე და ეს ხელისშემშლელი პრობლემა ნებისმიერ ფასად, თუნდაც ომის გზით ჩამოეშორებინა, ხოლო დანარჩენი საქართველო შემდგომ უკვე ნატოს ფარგლებში მიეღო.
ეს იყო ავადმყოფური შეხედულებები სხვადსხვა პოლიტიკური ჯგუფებისა და მე როგორც ქართველი მეცნიერი და პოლიტიკოსი ბრალად ვდებ ნეო-კონსერვატორების დიკ ჩჩეინ- მაკკეინის ცნობილ ჯგუფს, რომელთა იდეოლოგია და პრაქტიკაც მიმართული იყო და არის ნავთობმონოპოლიაზე ოქროს პაკეტის მიღებისა და ამ მიართულოებითაც საქართველოს ტერიტორიის დაშლისაკენ.

ის რაც მოხდა არ გახლავთ რუსეთ - საქართველოს ომი, მით უმეტეს ეს არ არის საქართველო-ოსეთის ან საქართველო - აფხაზეთის ომი. ეს იყო აშშ-სა და რუსეთის კონფრონტაცია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც რაღაც პერიოდით იქცა კიდევაც მათ შორის განხეთქილების ვაშლად.
მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა გამოიმუშაოს გონივრული და რეალისტური საგარეო პრინციპები და პრიორიტეტები, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას და სამშვიდობო-სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებას. ამასთან, ევროპის აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში განახორციელოს სვლა ევროპული ინტეგრაციისაკენ და რაც ყველაზე მთავარია, დაიწყოს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დიალოგი, რომელიც ხელს შეუწყობს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებეის დარეგულირებას, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს.
და თუ კი ეს ამჯერად პირდაპირი დილოგის გზით ვერ განხორციელდება, დიალოგი მოვახერხოთ ნებისმიერი შუამავლის მეშვეობით. მათ შორის, ამ მიმართულებით პოლიტიკური ბრიუსელის დაინტერესებული ფაქტორით.


_ თქვენ ამბობთ, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთოებები უნდა აღადგინოს, რის საფუძველზე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. 2 წლის წინანდელ მოვლენებს, რომ თავი დავანებოთ, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში ბევრი ნეგატიური ეპიზოდი არსებობს, რამაც საქართველოში რუსეთის მიმართ აგრესია გააჩინა...

_ კავკასია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავდროულად რთული რეგიონია და საქართველოც მუდმივად გეოპოლიტიკური ძვრების პროცესში იმყოფება. დღეს კავკასიაში მოუხსნელად დგას ომისა და მშვიდობის საკითხი და აქ არ ვგულისხმობ საქართველოს. ვგულისხმობ ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას, რომელთა შორის სამხედრო კონფრონტაციის განახლებამ შეიძლება სხვა ქვეყნების ჩართულობა და გრძელვადიანი სისხლისღვრა გამოიწვიოს. ამ ვითარებაში კი საქართველო, რომელიც ინტენსიურად მონაწილეობს ტრანსნაციონალურ ეკონომიკურ პროექტებში (ნავთობსადენი, გაზსადენი, აბრეშუმის გზა, სარკინიგზო მაგისტრალი, ევრაზიული დერეფანი და სხვა), ზუსტად უნდა გაიაზროს მისი ფუნქცია. ჩვენც უნდა ვირწმუნოთ და დავარწმუნოთ საერთაშორისო საზოგადოებაც, რომ საქართველოს გარდა სატრანზიტო ქვეყნისა და ბუნებრივი გეოგრაფიული დერეფნის დატვირთვისა აქვს უფრო მნიშვნელოვანი გეოცივილიზაციური ფუნქცია. კერძოდ, მას აქვს შანსი იქცეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მუდმივი დიალოგისა და თანამშრომლობის ტრანსსივრცედ.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხსს, ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ ალტერნატივა არა აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას; ალტერნატივა არ აქვს რუსეთთან სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების აღდგენას; ალტერნატივა არ აქვს რუს და ქართველ ხალხებს შორის კეთილეზობლური ურთიერთობების აღდგენას.
ცხადია, თუ ჩვენ ვფიქრობთYსამომავლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ტერიტორიებს, აქ ვგულისხმობ ერთიანი ქართული სახელმწიფოს მთლიანობის საკითხს ოსებთან და აფხაზებთან ერთად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთოებების აღდგენის გარეშე წარმოუდგენელია ვისაუბროთ ამ პრობლემის მოგვარებაზე, ვისაუბროთ დეოკუპაციის საკითხებზე, ვისაუბროთ ინტერესეთა გაცვლის საკითხებზე.
არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ზეწოლა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაცია დიალოგისა და მოლაპარაკების გარეშე, ინტერესების გაცვლის გარეშე რაიმე ტიპის ცვლილებებს განახორციელებს დღევანდელ სტატუს კვოს-თან მიმართებაში. ამას ქართულმა პოლიტიკურმა გონმა უდიდესი ძალისხმევისა და შრომის ფასად უნდა მიაღწიოს.
ცხადია, ჩვენ ახალი ფურცლიდან კი არ დავიწყებთ ურთიერთობებს, არამედ გავაგრძელებთ, მაგრამ გავაგრძელებთ გონივრული, რეალური და ურთიერთინტერესთა გაცვლის პრაგმატული პოლიტიკის საფუძველზე, რომელსაც, უბრალოდ, სამეზობლო პოლიტიკა ჰქვია.

_ ზოგიერთი რუსი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი საქართველოს უმადურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რუსეთმა თავის დროზე საქართველო მაჰმადიანი მტრისაგან გადაარჩინა სამაგიეროდ კი ქვეყნის ხელისუფლების უმადური პოზიცია მიიღო, რომელიც რუსეთს მტრად აღიქვავდა და ნატოში გაწევრიანებას ცდილობდა...

_ არ გავაკეთებ კომენტარს ზოგიერთი რუსი ისტორიკოსისა და პოლიტიკოსის მოსაზრებებზე. მე, ქართველმა ისტორიკოსმა, პოლიტოლოგმა ზუსტად ვიცი, რომ ახლა კომენტარების დრო არ არის. არც ქართველებს დაუკლიათ ხელი შეფასებების გაკეთების დროს, მათ შორის, როგორც პოლიტიკური, ასევე აკადემიური წრეებიდან.
ყველამ კარგად დავინახეთ, რომ დემარშებისა და კონფრონტაციის გზა დამღუპველი გზაა.ყველამ დავინახეთ, რომ ერთადერთი გზა ურთიერთმიმართ ნდობის აღდგენის, სიძნელეთა დაძლევის და თანამშრომლობის გზაზე გადის. ამას ითხოვს ერთიანი ქართული სახელმწიფოს მომავალი, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია.

_ დღეისათვის, საქართველოში რუსეთთან ურთიერთობის ისტორია თავიდან გადაიწერა. ამ ორი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობას საქართველოში მხოლოდ ნეგატიურ ჭრილში განიხილავენ. რამდენად არის ეს თქვენთვის მისაღები და რას ფიქრობთ იმ მეცნიერებზე, რომლებიც ისტორიას დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე განიხილავენ?

_ მე საბედისწეროს ვუწოდებ იმ ტენდენციას, რომელიც ამ ბოლო დროს ამ მიმართულებით ხორციელდება.ეს არის მეცნიერთა ჯგუფის მიერ მოწაფეთათვის სახელმძღვანელოს შექმნა, სადაც რუსეთ-საქართველოს მთელი ისტორია, რბილად რომ ვთქვათ, სრულად ნეგატიურად არის წარმოდგენილი.
ისტორიოგრაფიას აქვს თავისი კანონები და ამას მეცნიერები აკეთებენ ხოლმე, თავის გამოკვლევებში, რომელიც სრულდება შესაბამისი დასკვნით.
ისევ გავიმეორებ, არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ ყოფილა, ან არ განმეორდება მომავალში.
საქართველოს ისტორიულად ჰქონდა და აქვს თავისი მძიმე გეოპოლიტიკური ჯვარი. იგი ან ბუფერის როლს ასრულებდა, ან იყო საომარი არენა დიდი იმპერიებისა ან მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებისა. ასეთია თუნდაც ახალი და უახლესი ისტორია. ურთიერთობები მძიმდებოდა რეჟიმების ხასიათებიდან გამომდინარე, კერძოდ: როგორი რეჟიმი იყო ამა თუ იმ ქვეყანაში, და რა ინტერესები ამოძრავებდა მას საქართველოსთან.
ამ თვალსაზრისით ახლა ჩემი აზრი გარბის ევროპისაკენ, რომელმაც მე-20 საუკუნეში კაცობრიობას ანახა ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი მოძრაობა - ფაშიზმი.
ევროპა, რომელიც დღეს ყველა ჩვენთაგანისთვის დემოკრატიული აზროვნების ყალიბის, ცხოვრების წესის მაგალითია და ჩვენ ვამბობთ, რომ Gგვინდა საქართველოში მოვახერხოთ უნივერსალური ევროპეიზაცია, რამდენიმე ათეული წლის წინ იგი იყო აკვანი კაცობრიობის უსასტიკესი მიმდინარეობებისა _ ფაშიზმისა და ნაციზმისა. ასე რომ, ისტორიაში ყველაფერი ხდება, მაგრამ ეს კონკრეტული მეცნიერების და მონოგრაფიების საგნად დავტოვოთ.
მე მაინტერესებს, რა ბარგია ეს, რომ ახლა მომავალი თაობა გავწიროთ ასეთი შხამისთვის, როდესაც მეზობელ სახელმწიფოში მისი ხალხების, კულტურის, სარწმუნოების წინააღმდეგ ავამხედროთ. ეს არის დანაშაული. ამდენად ბევრს სცოდავენ ისტორიკოსები, მაგრამ ამას აკეთებენ კარის ისტორიკოსები, კარის პოლიტოლოგები. ჩვენ ავიღოთ ისტორია, როგორც მეცნიერება და როგორ გამოცდილება და ამ გამოცდილებაზე, როგორიც არ უნდა იყოს ის დავაფუძნოთ ახალი გონივრული პოლიტიკა. მიმაჩნია, რომ მხოლოს ეს არის მომავლის გზა.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა დავით ქოქოშვილი

ავტორი: . .