მაისში გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა. თუ გავიხსენებთ „მთავარი ოპოზიციური ძალის“ შარშანდელ ყრილობას, სადაც მიხეილ სააკაშვილის „დარჩენა“ გადაწყდა, „ოცნების“ ყრილობაც ასევე „ცერემონიული“ იქნება; ანუ მიტინგი, რომელიც ერთხმად აირჩევს „ძველ-ახალ“ ლიდერს.
თუმცა „ნაციონალებისგან“ ის განასხვავებთ, რომ „ფუნქციონალურ-კამერული“ ესე იგი მართლა (ნამდვილი) „ყრილობის“ ჩატარების შემთხვევაშიც, ბიძინა ივანიშვილს კონკურენტი არ ეყოლებოდა. „ქოცები“ მაინც მას აირჩევდნენ. „ნაცებთან“ ასეთი სიტუაცია ა(ღა)რ ყოფილა. თუმცა, ფორმალურად, ისინიც „წარსულ ხელისუფალზე“ მსჯელობდნენ, რომელიც „დიდ დაბრუნებას“ აპირებდა.
მიუხედავად ფართოდ გავრცელებული „მოსაზრებისა“, საეჭვოა ეს ყოველივე ბიძინა ივანიშვილის „გაპრეზიდენტებას“ ემსახურებოდეს. მაშინ მეტისმეტად რთული და უაზრო „სქემა“ გამოდის: საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი უპარტიო უნდა იყოს. ბიძინას პრეზიდენტობა რომ სდომოდა, მაშინ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იმავე ბრიფინგზე, ისეთივე საზეიმო ტონით, განაცხადებდა, რომ „პირადად სთხოვა“ ბიძინა ივანიშვილს იყაროს კენჭი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა უკრძალავს პრეზიდენტს, იყოს სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქე(ც). ბიძინა ივანიშვილი კი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საფრანგეთის მოქალაქეცაა და ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თვალსაზრისით. პირველ რიგში, როგორც ბიზნესმენისთვის.
რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილს არც პრეზიდენტობა სჭირდება და არც პრემიერ-მინისტრობა, რათა მიაღწიოს იმ მიზანს, რისთვისაც ბრუნდება ხელისუფლებაში (ამ მიზნის თაობაზე ქვემოთ): პარტიის თავმჯდომარის პოსტი, მით უმეტეს საპარლამენტო რესპუბლიკაში, ისედაც უქმნის საშუალებას, აკონტროლოს პარტიაც, პარლამენტიც, მთავრობაც და ადგილობრივი „თვითმმართველობაც“, ანუ ყველგან-ყველაფერი.
ამასთან, პარტიის თავმჯდომარეობას აქვს ივანიშვილისთვის ერთი ძვირფასი თვისება: ეს პოზიცია ინსტიტუციურად და შინაარსობრივად არ მოითხოვს საჯაროობას!
ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ისაა, რომ ჭირის დღესავით სძულს საჯაროობა. ალბათ არა მხოლოდ იმიტომ, რომ რბილად თუ ვიტყვით, დიდი ვერაფერი ორატორია და საშინლად უჭირდა მუდამ ის, რასაც თანამედროვე დემოკრატიულ სისტემებში „პრესასთან კომუნიკაციას“ ან PR-აქტივობას უწოდებენ. ივანიშვილის ფენომენი ჩამოყალიბდა ელცინის რუსეთში, ანუ სპეციფიურად „რუსულ-კაპიტალისტურ“ გარემოში, სადაც მნიშვნელოვან მოთამაშეებს უყვარდათ და უყვართ სიჩუმე, ჩრდილოვნება, საქმის ჩუმად კეთება, რაც აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ საქმე, რასაც საქართველოში აკეთებდა, აუცილებლად და ყოველთვის ცუდია. მაგრამ ამერიკაში ვერც უორენ ბაფეტი იქნები და ვერც ბილ გეითსი ან მარკ ცუკერბერგი ამგვარი საზოგადოებრივი აქტივობების გარეშე - თუ საჯარო აქციებში არ მიიღებ მონაწილეობას, თუ არ „გამოჩნდები“ და ა.შ. ოღონდ ეს უკვე იმგვარი ფსიქოლოგიური მოცემულობაა, რომლის შეცვლის არც უნარი აქვს ამ ადამიანს, არც შესაძლებლობა: ამიტომ, იქნება „მხოლოდ“ პარტიის თავმჯდომარე და გააკონტროლებს ყველაფერს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„განა ისედაც არ აკონტროლებდა“? აი ეს მართლაც საინტერესო კითხვაა. ბევრი დარწმუნებულია, რომ „ისედაც იღებდა ყველა გადაწყვეტილებას“, სხვები გვიმტკიცებენ, თითქოს „არ ერეოდა“. მაგრამ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილი (ერეოდა იგი მიმდინარე საკითხებში თუ არ ერეოდა), ყოველ შემთხვევაში, თვალყურს ადევნებდა მნიშვნელოვან პროცესებს და მან შენიშნა მისთვის ძალიან საშიში პროცესი, რომლის მხოლოდ სიმპტომი გახდა დაპირისპირება მმართველ გუნდში „ძველებსა“ და „ახლებს“ შორის. სინამდვილეში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მმართველი პარტია და ხელისუფლება, როგორც ასეთი, თანდათან კარგავდა ძალასა და ავტორიტეტს ბიუროკრატიის საშუალედო რგოლის თვალში. მმართველი ბიუროკრატია დაიბნა და აღარ იცოდა, ნამდვილად ჰყავს თუ არა მას (სწორედ მას და არა იმდენად ქვეყანას) ისეთი „ბატონ-პატრონი“, რომელიც მის უსაფრთხოებასა და ინტერესებს დაიცავს.
ყველა ხელისუფლებისთვის (საქართველოში) ეს ძალიან საშიში პროცესია. ამიტომ, ბიძინა ამ „დაბრუნებით“ სწორედ სახელისუფლებო-ბიუროკრატიულ ვერტიკალს ეუბნება: ნუ ღელავთ, მე აქ ვარ, მართლა მხოლოდ ხეები კი არ მაინტერესებს - მზად ვარ ჩავერიო და ვერევი კიდეც!
ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც ბიძინა „პოლიტიკიდან წავიდა“, ბევრი ამბობდა, რომ საქართველოში მისი დენ სიაოპინად ქცევა არ გამოვიდოდა. უბრალოდ, სხვა ეთნო-ფსიქოლოგიის, სოციალური მენტალობისა და პოლიტიკური კულტურის ერი ვართ. ამიტომაც, ფორმალიზებული საკვანძო პოსტის დაკავებით და სახელისუფლებო „მოედანზე“ ოფიციალური დაბრუნებით ივანიშვილი ცდილობს განამტკიცოს ხელისუფლების „მოფამფალებული“ ვერტიკალი; ხოლო გედი ფოფხაძის - ირაკლი კობახიძესთან შერიგება მხოლოდ მესამეხარისხოვანი, თანამდევი პროცესია. ისევე, როგორც „წმენდა“ პარტიის ელიტაში და მთლიანად, „ქართული ოცნების“ რებრენდინგი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაშასადამე, „რატომ დაბრუნდა“ გასაგებია. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ერთი შეხედვით „მსგავსი“ კითხვა: რა მიზნით დაბრუნდა?
პირველივე განცხადებაში 2011 წლის 7 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა, ყალბი თავმდაბლობის გარეშე თქვა, რომ აქვს უნარი ზუსტად შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს სასწრაფო ზომები. კატასტროფული საკადრო შეცდომები, რაც 2012 წლიდან დაუშვა, ამ დებულებას ჯერ ვერ აბათილებს: რეალური სტრატეგიული შეცდომა ის იქნებოდა, ივანიშვილს დღესაც ვერ შეემჩნია არსებული მომენტის მთავარი მახასიათებელი. მთავარი კი ისაა, რომ დაიწყო და მიმდინარეობს ხელისუფლების „ჟანგვის“ პროცესი, ხალხი ისევე „იღლება“ არსებული ხელისუფლებით, როგორც შევარდნაძის ხელისუფლებით „დაიღალა“ 2003 წლისთვის და სააკაშვილის ხელისუფლებით „დაიღალა“ მერვე წელს...... და რომ ამ ფონზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე ღიად, აშკარად, დაუფარავად ემზადება ახალი რევოლუციისთვის!
სწორედ ამაზე მეტყველებს მიხეილ სააკაშვილის აბსოლუტურად ყველა ბოლოდროინდელი განცხადება და ნაბიჯი. არჩევნებში მისი პარტიის მონაწილეობა სააკაშვილს სჭირდება არა იმიტომ, რომ ამ არჩევნების მოგების იმედი აქვს (ვერ მოიგებს, რადგან მოსახლეობის „ობივატელურ უმრავლესობას“ რუსეთთან ახალი ომისა შეეშინდება) არამედ იმ მიზნით, რათა უკვე წლევანდელი არჩევნები გამოაცხადოს „გაყალბებულად“ მოკავშირე ტელევიზიის, ასევე მოკავშირე „ენჯეოთა“ მეშვეობით და „გაისტუმროს“ ივანიშვილი ისევე (შეძლებისდაგვარად უსისხლოდ), როგორც 2003 წელს შევარდნაძის მოფამფალებული ხელისუფლება გაისტუმრა უსისხლოდ - ქუჩაში გამოვარდნილი „პასიონარული უმცირესობის“ მეშვეობით.
სწორედ ამ მხრივ, სომხეთის მოვლენები ბიძინა ივანიშვილისთვისაც „გამაფრთხილებელი მაგალითი“ აღმოჩნდა: პირველ რიგში, სომხური რევოლუციის თითქოსდა აბსოლუტურად ალოგიკურობის და მოულოდნელობის გამო: ივანიშვილი მიხვდა, რომ თუ ასე გაგრძელდა, თუ ხელისუფლება კიდევ უფრო „დაჟანგდა“ ანუ იოლად დასამსხვრევი გახდა, თუ საყრდენ ბიუროკრატიას (მათ შორის ძალისმიერ სტრუქტურებში), „ყოყმანი“ დაეტყო, თუ მმართველ პარტიაში ურთიერთდაპირისპირება გაძლიერდა (თუნდაც დაშლის გარეშე, მით უმეტეს დაშლით) ეს ყოველივე უკვე ოქტომბერშივე შექმნის რევოლუციურ სიტუაციას ქვეყანაში, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ „ექსპერტთა ლეგიონის“ ცენტურიონებმა, რომ თითქოს „არანაირი წინაპირობა“ არ არსებობს.
ასევე არ არსებობდა ხილული წინაპირობა ერევანშიც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მთავარი სირთულე ისაა, რომ იგი დაბრუნდა....სულ სხვა საქართველოში! ეს უკვე 2011 წლის საქართველო აღარ არის. ის მეთოდები, არგუმენტები, სლოგანები, პრიორიტეტები, ქმედებები, რამაც მაშინ გაჭრა, ახლა ვეღარ გაჭრის - რევოლუციურ ზვავს, რაც აშკარად გროვდება, ხელისუფლება შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ ენერგიული „დრაივით“, ძლიერი და კრეატიული PR-ით, ახალი, პოპულარული და არა უღიმღამო, ლენჩი ფიგურების წინა პლანზე წამოწევით, ტელე-დისკუსიებში გამარჯვებებით, კორუფციისა და კლანურობის წინააღმდეგ შედეგიანი ბრძოლით, ახალი მასშტაბური საერთო-ნაციონალური პროექტებით და, ქვეყანაში მჩქეფარე განვითარების ატმოსფეროს შექმნით!
აქვს ამის უნარი „ოცნებას“ და მის ლიდერს? თუ მოსახლეობის იმ დიდი, თუმცა პასიური და უმწეო უმრავლესობის იმედად დარჩება, რომელიც (2008 წლით შეშინებული და სტაბილურობას ისტორიულად მოწყურებული) მაინც მუდამ მას მისცემს ხმას ყველა არჩევნებზე, ყოველგვარი გაყალბების გარეშეც?
მაშინ „მორიგი“ რევოლუცია ამ ქვეყანაში გარდაუვალია. თუ წელსვე არა, 2020 წელს უკვე ნამდვილად და აუცილებლად!
ნიკა იმნაიშვილი