ყოფილი პარლამენტარი, ამჟამად "კონსერვატიული პარტიის წევრი ნიკოლოზ კვეზერელი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, კვეზერელმა 2010 წლის 6 აგვისტოს კორეელ ინვესტორს "ჩელ ჰო პაკს" მისი კუთვნილი ნაკვეთის გასაყიდად მოწყობილი აუქციონის ჩაშლის სანაცვლოდ გამოსძალა 10 000 აშშ დოლარი.
გარდა ამისა, გამოძიებით დაადგინა, რომ 2009 წელს ნიკოლოზ კვეზერელმა ამავე კორეელ ინვესტორს მშენებლობის სპეციალური ნებართვის მიღების სანაცვლოდ თაღლითურად გამოსძალა 250 000 აშშ დოლარი. ასევე 2009 წელს კვეზერელი თაღლითურად დაეუფლა კორეელი ინვესტორის „ინფინიტი"- ს მოდელის ავტომობილს, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 40 000 აშშ დოლარს.
დაკავებისას ნიკოლოზ კვეზერელმა გასწია ფიზიკური წინააღმდეგობა, რაც აღკვეთილ იქნა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე და 353-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ნიკა კვეზერელი იგორ გიორგაძის უშიშროების მინისტრობის დროს სპეცდანიშნულების რაზმ `ომეგას` ხელმძღვანელი იყო. იგი სასჯელს იხდიდა ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელბული ტერაქტისათვის. იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი. 2004 წელს მას შელაპარაკება მოუვიდა პატრულის თანამშრომლებთან. მაშინ კვეზერელი მანქანას ნასვამი მართავდა და პატრულის თანამშრომელს იარაღითაც კი დაემუქრა. კვეზერელი დააკავეს 2009 წელსაც ხულიგნობასა და იარაღის გამოყენების ბრალდებით და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.