საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უწყებაში პროკურატურის შესვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შემოწმება და დაადგინა, რომ 2007-2009 წლებში სამინისტროს აპარატში და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში წარმოქმნილია დებეტორულ-კრედიტორული დავალიანებები. სავარაუდოდ აღნიშნული დავალიანებების წარმოქმნა განპირობებულია არამართლზომიერი გარემოებებით. საკითხის სამართლებრივი შეფასების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე სამინისტროში შემოსულია მთავარი პროკურატურა, რომელიც აწარმოებს თემატურ შემოწმებას", - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროში გენპროკურატურა გუშინ შევიდა.