თბილისის საქალაქო სასამართლომ "ელიტ-ელექტრონიქსის" ყოფილ მმართველსა და დამფუძნებელს ანზორ ქოქოლაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს შეფარდების თაობაზე.
ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი გირაოს სახით 50 000 ლარის დაწესებას მოითხოვდა. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან ითანამშრომლებს და თუ რაიმე სახის დავალიანება დადგინდება, ქოქოლაძე მზადაა, თანხა გადაიხადოს.
ქოქოლაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 3 აგვისტოს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგების საფუძველზე, ქოქოლაძემ თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას. საუბარია 7 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.
წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.