თბილისის საქალაქო სასამართლოში "ელიტ-ელექტრონიქსის" ყოფილი მმართველისა და დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, პროცესს მოსამართლე გიორგი არევაძე წარუძღვება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა ქოქოლაძის მიმართ წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ. შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში დღეს შევიდა. ქოქოლაძის ინტერესებს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი დაიცავს.
ქოქოლაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 3 აგვისტოს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგების საფუძველზე, ქოქოლაძემ თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას. საუბარია 7 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.
წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.