ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს შესთავაზა, გააგზავნოს 60-ი ახალი რუსი დიპლომატი იმ 60-ის ნაცვლად, რომელიც გააძევეს სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. თვით ამგვარი მიმართვა უკვე იმას ნიშნავს, რომ ახალი 60 რუსი დიპოლომატი, დიდი ალბათობით, შეუფერხებლად მიიღებს აგრემანსა და დიპლომატიურ აკრედიტაციას.
ინგლისს ასეთი რამ რუსეთისთვის არ შეუთავაზებია. ოღონდ არ შეუთავაზებია ღიად, თუმცა დიპლომატიური პრაქტიკა გულისხმობს, რომ „დიპლომატების გაძევება“ სიმბოლური აქტია, რომელიც იშვიათად ხდება რეალური ზემოქმედების ფაქტორი: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა, მაგალითად, ელჩს გამოიწვევს ან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს.
დიპლომატთა გაძევების ოფიციალური საბაბი „დილომატიურ ფუნქციასთან შეუთავსებელი საქმიანობაა“. ყველა რუსი დიპლომატი სწორედ ამ ბრალდებით გააძევეს - ჯაშუშები იყვნენო. მერედა ის „ახალი 60 რუსი დიპლომატი“ ჯაშუშები არ იქნებიან? რასაკვირველია იქნებიან და იქნებ უფრო პროფესიული ჯაშუშებიც. ამერიკელემა ეს შესანიშნავად იციან, იციან ინგლისელებმაც, მაგრამ......მრისხანე განცხადებების მიხედავად მოქმედებენ დიპლომატიური კანონების, ტრადიციისა და სპეციფიური ეთიკის შესაბამისად. „დიპლომატიური ომი“ სხვა საშუალებას არ იძლევა: ეს ეთიკა და ტექნოლოგია კაცობრიობის გამომუშავებულია - სისხლითა და ცრემლით ათასწლეულთა განმავლობაში; და როცა ნამდვილად არ გინდა დიდი ომი, ასევე არ გინდა ომში პოტენციურად გადაზრდადი დაპირისპირება, მაშინ მიმართავ დიპლომატთა გაძევებას, როგორც ტექნოლოგიას; შემდეგ კი, საჯაროდ ან კულუარულად შესთავაზებ, გაძევებული დიპლომატების ნაცვლად იმ ოდენობითვე სხვა ჯაშუში-დიპლომატი გამოაგზავნოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა ყოველივე ეს შესანიშნავად იცის. ამიტომაც, დიპლომატთა გაძევებას პროპორციულად უპასუხა: ამდენივე დიპლომატის გაძევებით. ბრიტანეთის შემთხვევაში მეტი გააძევა, მაგრამ ამით არსი არ იცვლება: დიპლომატიურ დემარშს პუტინმა უპასუხა დიპლომატიური დემარშით და მეტი არაფრით; იმიტომ, რომ დასავლეთმა არ გააკეთა მეტი არაფერი......გარდა დიპლომატთა გაძევებისა.
ახლა პუტინი აკვირდება, სხვას რას მოიმოქმედებს დასავლეთი, გარდა დიპლომატიური დემარშისა, რომელიც სინამდვილეში (დღევანდელ ვითარებაში მით უმეტეს) ბევრ არაფერი „ღირს“ და არანაირად არ უქმნის რეალურ (!) პრობლემებს პუტინის რეჟიმს.
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ გააძევა 4 რუსი დიპლომატი, მაგრამ...მეორე დღესვე (!) ანგელა მერკელმა ხელი მოაწერა ბალტიის ზღვის ფსკერზე ახალი დიდი გაზსადენის მშენებლობის ნებართვას, რაც პუტინს ძალიან სჭირდება უკრაინის და ბელორუსის საბოლოოდ მოსახრჩობად.
ეს რაც შეხება „საქმეს-ლაპარაკის ნაცვლად“. დიპლომატების სიმბოლური გაძევება „ლაპარაკია“ – „დიდი გაზსადენი“ კი - „საქმე“, რომელიც არათუ „მეტყველებს“ არამედ „ღაღადებს“: არ უნდა გერმანიას რეალურ სანქცების განხორციელება! ხოლო ის, რაც არ უნდა გერმანიას, რა თქმა უნდა არ უნდა არც ევროპას!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ინგლისს და ანგლოსაქსურ ერთობას რაც შეეხება: თვით დაზარალებული ქვეყანაც არ ჩქარობს სხვა რაიმე რეალური საქციის შემოღებას რუსეთის წინააღმდეგ. ჯერ-ჯერობით დიპლომატები გააძევეს და თქვეს: „სამეფო ოჯახის წევრები ფეხბურთის ჩემპიონატზე არ ჩავლენო“. არადა, პუტინს სულ „კიდია“ ჩავა ედინბურგის ჰერცოგი ან უელსის პრინცი ჩემპიონატზე თუ არა. მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს გამოეცხადებინა ბოიკოტი. მით უმეტეს ინგლისი გამხდარიყო ინიცატორი ამ ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანისა, მაგრამ.......ამას ვერ ბედავენ. და რომც გაბედონ, კორუფციაში „ჩამპალი“ FIFA მრავალმილიარდიან კონტრაქტებს არ შეელევა. ახლა უკვე ბოიკოტი ან თუნდაც გადატანა ძალიან სერიოზული დარტყმა გამოვა ამ დიდ ინდუსტრიაზე.
ლაპარაკობენ „რუსი ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევაზეც“. ერთი შეხედვით, ამაზე იოლი რა არის - მათ ხელში არაა? აიღე ის გაიძვერა აბრამოვიჩი, წაართვი „ჩელსი“, გაუყინე ავუარები, გააპანღურე უკან მოსკოვში, მაგრამ......ამ ნაბიჯის გადადგმა ინგლისისთვის სახიფათოა და აი რატომ: დღეს ლონდონი მსოფლიოს ფინანსური ცენტრია; ამ მხრივ ნიუ იორკსაც კი უსწრებს! იმ ფულის 70-80% რომელიც ლონდონის „სიტიში“ ტრიალებს და დიდწილად უზრუნველყოფს ქვეყნის კეთილდღეობას, ეკუთვნის სხვადასხვა აზიელ თუ აფრიკელ დიქტატორს, დიქტატორთან დაახლოებულ პირს, სულთანს თუ სულთნის ვეზირს და ა.შ და ა.შ. საკმარისია რუს ოლიგარქებს „დაერიო“, რომ ისინიც დაფიქრდებიან: „კი, ჩვენ ინგლისისთვის არაფერი დაგვიშავებია რუსებისგან განსხვავებით.....ჩვენ არავინ მოგვიწამლავს აქ მაგრამ....რა იცი რა ხდება, თუკი ერთი პრეცედენტი შეიქმნა, რატომ არ შეიძლება.....რაიმე სხვა საბაბით ჩვენც......“
ეს აუცილებლად გამოიწვევს ამ კატეგორიის კაპიტალთა გადინებას ინგლისიდან, რაც ძალიან სერიოზული დარტყმა გამოდგება ბრიტანეთის ეკონომიკაზე. მით უმეტეს „ბრექსიტის“ პირობებში, რამაც ინგლისის პოზიციები კი არ გააძლიერა, არამედ პირიქით, შეასუსტა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მიუხედავად ამისა, არის კიდევ რამდენიმე ბერკეტი, რამაც ნამდვილად შეიძლება დაასუსტოს პუტინი. მათ შორის საბანკო გადარიცხვათა სისტემა SWIFT-ის გათიშვა; სავიზო რესტრიქცია რუსული ისტელიშმენტისა და მათი ოჯახს წევრებისთვის; ასევე სათესლე მასალებისა და კომბინირებული საკვების მიწოდების შეწყვეტა...... ეს ყოველივე მართლა დიდი დარტყმა იქნებოდა.
ოღონდ სამი ოფცია იმდენად სერიოზული პრობლემაა პუტინისთვის, საპასუხოდ იგი ღია სამხედრო აგრესიას წამოიწყებს: არა უშუალოდ ევროპის ან თუნდაც ბალტიის წინააღმდეგ, არამედ.....დაუყოვნებლივ შეუტევს კიევს უშალოდ, ან სეპარატისტთა მეშვეობით.
თუ უკრაინაში დიდი ომი დაიწყო, რუსეთმა კიევი აიღო, ევროპის საზღვრებისკენ გაიჭრა, დასავლეთმა, NATO-მ რაიმე ხომ უნდა მოიმოქმედონ?! აბა გულხელდაკრეფილნი ხომ ვერ იქნებიან - ამით საბოლოოდ დაკარგავენ ავტორიტეტს და ნდობას. „რაიმე მოქმედება“ კი ნამდვილ ომს ნიშნავს, რაც ძალიან არ უნდათ.
დასავლეთში იციან, რომ ნებისმიერი არასიმბოლური, რეალური სანქცია რუსეთის წინააღმდეგ გამოიწვევს რუსულ სამხედრო აგრესიას უკრაინის (ან საქართველოს!) წინააღმდეგ და ევრო-ატლანტიკური სივრცე აღმოჩნდება არასასურველი ალტერნატივს წინაშე.
პუტინს მეორე „საპასუხო საშუალებაც“ აქვს, რითაც დასავლეთს აძრწუნებს: ბალისტიკური რაკეტების და ბირთული იარაღის მიწოდება ჰომეინისტური ირანისთვის!
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით რასაც „ვუყურებთ“..........ქიმიური შეტევის საპასუხოდ, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ იფარგლება ხმაურიანი, ეფექტური, თუმცა მხოლოდ სიმბოლური PR-აქციებით, რომელთაც არანაირად არ ძალუძთ სეროზული პრობლემა შეუქმნან პუტინს და აიძულონ იგი შეცვალოს აგრესიული პოლიტიკა.
ნიკა იმნაიშვილი