საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს მასთან საკანში 24 საათის გატარებას სთავაზობს.
გამსახურდიას აღნიშნული წინადადება მისმა ადვოკატებმა გალა ნიკოლაიშვილმა და ქეთი ბექაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
"ცოტნე გამსახურდია სასჯელაღსრულების მინისტრს სთავაზობს, რომ მასთან საკანში 24 საათი, ან თუ დრო არ ექნება 12 საათი მაინც გაატაროს, რომლის დროსაც ის დაინახავს, რაც რეალურად ხდება ციხეში", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
ამასთან, ქეთი ბექაურის განცხადებით, გამსახურდიას სასჯელაღსრულების სამკურნალო სისტემაში არაადამიანურად ექცევიან. მას შემდეგ რაც მან შიმშილი შეწყვიტა პატიმარს საკვები ძალიან მცირე რაოდენობით მიეწოდება, ასევე კვლავ შეზღუდული აქვს კანონით მინიჭებული ყველა უფლება, კერძოდ კი გასეირნების, კორესპოდენციის, რადიოს მოსმენის, პრესის გაცნობის.
"იმის გამო, რომ ცოტნე გამსახურდიამ ციხეებში არსებულ უკანონო ქმედებაზე ხმა პირველმა აიმაღლა ახლა ადმინისტრაცია მასზე ანგარიშსწორებას ახორცილებს და ყველა კანონით მინიჭებულ უფლებას უზღუდავს", - აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ევროსასამართლოდან ადვოკატებს კიდევ ერთი წერილი მოუვიდათ, რომელიც სამინისტროს ახსენებს, რომ გამსახურდია ქალაქის ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვანილი, სადაც შესაბამის მკურნალობა ჩაუტარდება.
ბექაურის განცხადებით, აღნიშნულ მოთხოვნას კალმახელიძის უწყება კვლავ არ ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.