ადვოკატები გელა ნიკოლაიშვილი და ქეთი ბექაური არასამთავრობო ორგანიზაციების კომისიებისთვის ციხეების მონიტორინგის უფლების აღდგენას ითხოვენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი ახალი ციხე აშენდა, რომლებიც გარედან მართლაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გავს, იქ გადაყვანილი პატიმრები მაინც არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან.
"ადრე ციხეში შესვლა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ ჯგუფებსაც შეეძლოთ, ახლა ეს უფლება მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატს აქვს, რომელსაც არც რესურსი და სათანადო მოწოდება არ გაჩნია, რომ 30 ათასი პატიმრის ყოფა გაკონტროლოს. ამიტომ, ციხე შეიძლება ითქვას მთლიანად დაიხურა, სადაც მსჯავრდებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობა უკვე ჩვეულებად იქცა", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
მისივე მტკიცებით, საპატიმროებში მსჯავრდებულებს ციხის თანამშრომლები ფიზიკურ, სიტყვიერ და ღირსების შემლახველ შეურაცხყოფას აყენებენ. ასევე აკრძალული აქვთ კორესპოდენციის გაგზავნა, ტელეფონით დარეკვა, რადიოს მოსმენა, პრესის გაცნობა, რის უფლებაც მათ კანონით აქვთ გათვალისწინებული.
"ჩვენს ბრალდებებზე სასჯელაღსრულების სამინისტროში ყოველთვის იძახიან, რომ ეს ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. ამიტომ, თუ მართლაც ასეა, მოვითხოვთ არასამთავრობო ორგანიზაციების შესვლის უფლების აღდგენას, რომელთაც ციხეებში მონიტორინგის განხორციელების უფლება ექნებათ", - აღნიშნა ადვოკატმა.