ENG / RUS       12+

რაზე მოილაპარაკეს ჟენევაში?

„სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების თაობაზე არაფორმალურ კონსულტაციათა“ მორიგი რაუნდი, ერთი შეხედვით, სრულიად უშედეგოდ დასრულდა: „დისკუსიათა“ მონაწილეები, რომლებსაც თანაბარი სტატუსი აქვთ (საქართველოს წარმომადგენელს - „თანაბარი“ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენელთან, ანუ არაფორმალური!) ვერ შეთანხმდნენ „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ ერთობლივი განცხადების   ტექსტზე.

საქართველოს დელეგაციამ „კოლეგებს“ კვლავ შესთავაზა ტექსტში ჩაეწერათ რუსეთის ვალდებულება შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და/ანუ გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“. მოსკოვი (რომ აღარაფერი ვთქვათ მის სეპარატისტულ სატელიტებზე) ამას არ დაეთანხმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, ჩვეული ურცხვობით, დემაგოგიურად განაცხადა, რომ თურმე ნუ იტყვით, „სარკოზი-მედვედევის შეთანხმება“ გულისხმობდა რუსული ჯარის გაყვანას გორის რაიონიდან, კასპის რაიონიდან, სენაკის რაიონიდან და ფოთიდან, სადაც ისინი აღმოჩნდნენ „დღენახევრიანი ომის“ სამარცხვინოდ წაგების შემდეგ; ხოლო საქართველოს ყოფილი ავტონომიებიდან ჯარის გაყვნას ის შეთანხმება, მისი თქმით, სულაც არ ითვალისწინებდა, რაკი მათი „დამოუკიდებლობა“ რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს სცნო.

კარასინის  განცხადება, რა თქმა უნდა, პირწმინდად  იქედნური  დემაგოგიაა! იმიტომ, რომ „სარკოზი-მედვედევის შეთანხმება“ გულისხმობდა იმ სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის (სტატუს-ქვოს) აღდგენას, რაც არსებობდა 2008 წლის 7 აგვისტომდე. ეს პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით ეწერა კიდეც. თუმცა აქვე არც ის დაგვავიწყდეს, რომ ხსენებულ „სტატუს-ქვოში“ რუსი ე.წ. „მშვიდობისმყოფელებიც“ იგულისხმებოდნენ, რომელთა გაყვანაზე პრეზიდენტი  სააკაშვილი ბევრს ლაპარაკობდა, ოღონდ  როცა „საქმე-საქმეზე მიდგა“, ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა. „ვერ გაბედა“ რადგან დასავლელმა პარტნიორებმა კატეგორიულად მოსთხოვეს.... „გადაეფიქრებინა“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ ეს ყოველივე საქმის არსს დიდად არ ცვლის: მოსკოვმა მაშინაც (2008 წელს) „დაიკიდა“ მსოფლიოს რეაქცია და ახლა მით უმეტეს არ აპირებს შეასრულოს ის შეთანხმება.

ცხადია, საქართველოს მოთხოვნა ტექსტში „სარკოზი -მედვედევის“ შეთანხმების ხსენებისა, იმთავითვე ნიშნავდა: მოსკოვი ვერანაირ „ძალის გამოუყენებლობის“ დეკლარაციას საქართველოს ვერ გამოჰგლეჯდა;  ისევე, როგორც ამგვარ დეკლარაციას ვერ მიიღებდნენ სეპარატისტები.

ამ უკანასკნელთ ძალიან სურთ „ერთობლივი განცხადება“, რადგან ეს დოკუმენტი კიდევ ერთი ნაბიჯი გახდება საქართველოსთან „თანაბარსუბიექტურობის“, მაშასადამე საერთაშორისო „გაპრავების“ გზაზე, რასაც გულმოდგინედ მისდევენ უკვე 25 წელია, ხოლო ე.წ. “ჟენევის ფორმატი“ მათ ამაში ძალიან ეხმარებათ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვე:  ერთობლივი განცხადების უარყოფა  არ ნიშნავს იმ ძირითადი პრობლემის გადაჭრას, რამაც აიძულა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსკოვში ცნობილი წერილი გაეგზავნა, შემდეგ კი მთლიანობაში დათანხმებოდა იმის ალბათობას, რომ სრულიად შესაძლებელია თბილისმა ხელი მოაწეროს ყოფილ ავტონომიებთან რაიმე დოკუმენტს (სწორედ ეს იგულისხმებოდა „პირდაპირ დიალოგში“) რუსეთისა და აშშ მონაწილეობით. ნუ დავივიწყებთ, რომ ამ პროცესში ჩვენი ამერიკელი პარნტიორებიც მონაწილეობენ! მონაწილეობენ აქტიურად, თუმცა მოსკოვზე ნაკლებსხმაურობენ“.

მთავარი საფრთხე, რამაც გიორგი კვირიკაშვილი აიძულა (!) გადაედგა ორივე წინა ნაბიჯი (წერილი მოსკოვში და ჟენევაში პირადად გამგზავრების ინიციატივა), კვლავინდებურად არსებობს: ისევ რეგულარულად   იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს და ნებისმიერ მომენტში შეიძლება განმეორდეს (კიდევ უფრო დიდი მასშტაბით) სიტუაცია, რაც რუსულმა სპეცსამსახურებმა შექმნეს 23-26 თებერვალს, როდესაც ასეულობით ადამიანმა გადაკეტა საქართველოსთვის და მთელი კავკასიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალები.

მაშინ ვითარების განმუხტვა მოხერხდა მხოლოდ იმის წყალობით, რომ თბილისმა  შემრიგებლური „მესიჯი“ გააგზავნა ჩრდილოეთის მიმართულებით და მიიღო თანხმობა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე.

„შუამავლების“ როლს ამგვარ „ინგეიჯმენტში“ ასრულებდნენ ე.წ. „თანათავმჯდომარეები“ ანუ ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლები. სწორედ მათ განუცხადეს მოსკოვმა და ცხინვალმა თანხმობა ცხედრის გადმოცემაზე; ოღონდ იმ პირობით, რომ თბილისი „წამოვიდოდა“ არსებით დათმობებზე.

თუმცა თბილისი ჟენევაში დათმობებზე არ წავიდა -  დეკლარაციას ხელი არ მოაწერა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ, გრიგორი კარასინმა საკმაოდ რბილი, შეიძლება ითქვას შემრიგებლური განცხადებები გააკეთა. რატომ? ეს შესაძლოა ორ რამეს ნიშნავდეს: ან მოსკოვი, მისი „კლიენტურის“ ხელით, გეგმავს „არჩილ ტატუნაშვილის“ სისხლიანი პროვოკაციის მსგავსი ახალი ნაძირლური პროვოკაციების მოწყობას, ოღონდ ამჯერად „ბოლომდე მიყვანას“ და საქართველოში დესტაბილიზაციას, ან......მოსკოვში შენიშნეს, რომ არსებობს შანსი მიაღწიონ  რაიმე შეთანხმებას თბილისთან ჟენევის მომავალ „რაუნდებზე“.

მით უმეტეს, რომ პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზადაა, პირადად ჩაერთოს მოლაპარაკებებში და მონაწილეობა მიიღოს ახალ  შეხვედრებში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთი სიტყვით,  „რაღაც რომ მზადდება“ ცხადია. მაგრამ რა?!

 „ირიბი მარკერების“ ანალიზით შეიძლება მაღალი ალბათობით (Highly Likely) ვივარაუდოთ: მზადდება აშშ-რუსეთის Deal, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიაში იმგვარი „მოდუს ვივენდის“ შექმნას, რაც გამორიცხავს მომავალში „ტატუნაშვილის“ მსგავს პროვოკაციებს, ასევე გამორიცხავს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებას, მაგრამ უზრუნველჰყოფს ისეთ მრავალმხრივ შეთანხმებებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რეგულარულად არ იტაცებდნენ საოკუპაციო ხაზთან.

ცალკე რუსეთის ინტერესი აქ ნამდვილად არ არის. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ამერიკასთან „ინგეიჯმენტს“ და მასთან თუნდაც ერთ რეგიონში რაიმე გარიგებას, გამორიცხული არაფერია. მით უმეტეს, რომ ვაშინგტონსა და თბილისს (ამას რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას) ხელთ აქვთ ისეთი ბერკეტი, როგორიცაა რუსეთიდან, ცხინვალის გავლით, ტვირთების მოძრაობა - სომხეთის მიმართულებით!

 საქართველომ, ამერიკის მხარდაჭერით, სავსებით შეიძლება წაუყენოს მოსკოვს ულტიმატუმი: ერევნის მიმართულებით ცხინვალის გავლით საავტომობილო მოძრაობა აღდგება მხოლოდ იმ პირობით, თუ ჟენევის კონსულტაციათა შემდგომ რაუნდზე (საქართველოს და რუსეთის პრემიერ-მინისტრთა  მონაწილეობით) გაფორმდება შეთანხმებები, რომლებიც გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეთა რეგულარულ გატაცებებს და ვითარების დესტაბილიზირების მცდელობებს.

ცხინვალს და სოხუმს ეს ძალიან არ მოეწონებათ (სანაცვლოდ მხოლოდ აღიარებას ითხოვენ), მაგრამ მოსკოვიდან თუ მართლა „დაუცაცხანებენ“ - ყველაფერზე ხელს მოაწერენ.

მთავარი ამ პროცესში ამერიკის მხარდაჭერაა. ამერიკა კი, 25 წელია, გვეუბნება ერთსა და იგივეს: „დაგეხმარებით 1993-2008 წლების შედეგად ჩამოყალიბებული „სტატუს-ქვოს“ შენარჩუნებაში (გატაცებები და მკვლელობები ამ „სტატუს ქვოს“ დარღვევის ტექნოლოგიაა ჩვენი მტრის მხრიდან) და არ მივცემ საშუალებას მოსკოვს, იგი დაარღვიოს, მაგრამ მეტს ჩემგან ნუ მოითხოვთ, -  „მეტი“ ამ ისტორიულ ეტაპზე  შეუძლებელია“.

ტრამპი, „რამე რომ იყოს“ ამგვარ გარიგებაზე წავა: შესაბამის „პაკეტურ“ შეთანხმებას, ჟენევაში, არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ამერიკაც მოაწერს ხელს. და რას იზამს ასეთ შემთხვევაში  ოპოზიცია -  ამერიკის ლანძღვას  დაიწყებს?!

 ნიკა იმნაიშვილი

 

 

 

ავტორი: . .