იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს ადვოკატის გია ფარადაშვილის ძალისხმევით, ყაჩაღობაში ბრალდებული გიორგი ო.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. საზოგადოებრივი ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად ედებოდა ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის ჩადენა, რაც სასჯელის სახით რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გიორგი ო. იყო ნასამართლევი და სხვისი ქონების მითვისებისა და გაფლანგვისათვის პირობით სასჯელს იხდიდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინიტროდან აცნობეს, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გიორგი ო.-მ, თანხის დაუფლების მიზნით, გურჯაანში მცხოვრები ზეინაბ მ.-ს დაყაჩაღება გადაწყვიტა. ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია დაზარალებულის საცხოვრებელი სახლში და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ზეინაბ მ.-სგან ფულს ითხოვდა. ეს პროცესი 15-20 წუთს გაგრძელდა. ამ დროს გიორგი ო.-ს ქუჩიდან შემოესმა ხმაური და იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქმეში ჩართვის შემდეგ, გია ფარადაშვილი გაესაუბრა ბრალდებულს და საქმის მასალების შესწავლა დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, გიორგი ო.-ს გააჩნდა ალიბი, რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებდა. კერძოდ, დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა მეზობელ სოფელ შაშიაანში, სადაც ჯერ იქეიფა, შემდეგ დაიძინა და გამთენიისას ფეხით გაემართა სახლისკენ - სოფელ ჩუმლაყში.
ამის შემდეგ, საზოგადოებრივმა ადვოკატმა მოითხოვა იმ პირთა დაკითხვა, რომლებიც გიორგი ო.-ს ალიბის უტყუარობას დაადასტურებდნენ. სწორედ ამ პირთა ჩვენებებმა დაარწმუნეს ბრალდების მხარე გია ფარადაშვილის დაცვის ქვეს მყოფის უდანაშაულობაში. საბოლოოდ, გიორგი ო. დაკავებიდან გაათავისუფლეს და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მიმდინარე წელს 5000-მდე სისხლის სამართლის საქმეში ჩაერთვნენ. აქედან 100-ზე მეტი საქმე საზოგადოებრივი ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულდა.