ადვოკატები ლილი გელაშვილი და ვახტანგ ქანაშვილი ეკა ბესელიას შვილის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართავენ. მათი თქმით, უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 25 ივლისს ადვოკატების დასაბუთებული და არგუმენტირებული საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. კონკრეტულად: აღნიშნულ ს/სამართლის საქმეში ნივთმტკიცების სახით არსებობდა ჩატარებული ამოცნობების ამსახველი ვიდეო-მასალა, რომელიც ადვოკატების განცხადებით, სენსაციურ, შოკისმომგვრელ ფაქტებს შეიცავდა პროკურორის, გიორგი დავითაშვილის მხრიდან არასრულწლოვან რატი მილორავაზე ზეწოლისა და საგამოძიებო ოქმების, დოკუმენტების გაყალბების თაობაზე.
ადვოკატების განცხადებით, მხოლოდ ეს ერთი მტკიცებულებაც საკმარისი იყო, რათა დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურორ დავითაშვილისა და გამოძიებელ ქ. ოქროპირიძის მიმართ სამოხელეო დანაშაულის ბრალდებით.
"სამწუხაროდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო არათუ სამართლიანი გადაწყვეტილება, არამედ გახდა თანამონაწილე ე.წ. სამართალდამცველთა" დანაშაულებრივი ქმედებისა და დაადგინა, რომ განადგურებულიყო ასეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება და ეს უზნეო ტვირთი გადააბარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ამ უკანასკნელმა კი თავიდანვე სირაქლემას პოზიცია აირჩია და დაცვის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არათუ არ გადასცა მხარეს ასლი აღნიშნული ვიდეო-მასალისა, არამედ საერთოდ არც ისურვა მისი ნახვა და გამოკვლევა. ასეთივე პოზიციაში დარჩა უზენაესი სასამართლოც", - ნათქვამია ლილი გელაშვილის და ვახტანგ ქანაშვილის განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების შემდეგ, შუამდგომლობით მიმართეს უზენაეს სასამართლოს მოთხოვნით, "გამოეთხოვა და მხარისთვის გადაეცა დასახელებული მტკიცებულება, თუმცა უშედეგოდ".
"მხოლოდ საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემდეგ დაგვდეს პატივი და გვითხრეს, რომ შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: სახეზეა `რეფორმირებული სასამართლოს" `რეფორმირებული" გადაწყვეტილებები: უსამართლობა-სამართლიანობის ნაცვლად, უკანონობის უზენაესობა-კანონის უზენაესობის ნაცვლად, სასამართლოს პირდაპირი დამოკიდებულება და მორჩილება `ძლიერთა ამა სოფლისათა"-დამოუკიდებლობისა და პრინციპულობის ნაცვლად", - ნათქვამია განცხადებაში.
ადვოკატების განცხადების მიხედვით, უმნიშვნელოვანესია არ მოხდეს განადგირება იმ ვიდეო მასალიასა, რომელიც მათი თქმით, ასახავს დანაშაულს ჩადენილს პროკურორისა და გამომძიებლების მიერ რატი მილორავსა და სერგო(ბესო) ბესელიას მიმართ. ამასთან, ადვოკატები მიმართავენ მთავარ პროკურატურას რათა გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმიდან ამოცნობის ვიდეო მასალის ასლები და დაიწყოს წინასწარი გამოძიება პროკურორ გიორგი დავითაშვილის წინააღმდეგ.
"კერძოდ მოხდა ზეწოლა არასრულწლოვანზე და გაყალბდა მტკიცებულებები პროკურორ დავითაშვილისა და გამომძიებლების მიერ. ჩვენ ადვოკატები მივმრთვთ მთავარ პროკურატურას გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმიდან ამოცნობის ვიდეო მასალის ასლები, რომლის განადგურებასაც ცდილობს სასამართლო და დაიწყოს წინასწარი გამოძიება პროკურორ გიორგი დავითაშვილის, გამომძიებლების მიმართ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე", - ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.