განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს შპს "ეპოქა 21"-ის დირექტორი გიორგი ერისთავი და მთავარი ბუღალტერი ნანა გაგუა; შპს „ყაზტრანსგაზის" ყოფილი თანამშრომელი იოსებ გუგუშვილი; აგრეთვე, მოქალაქეთა ჯგუფის წევრები: ზურაბ კოკაია, გიორგი ქავთარაძე და თეიმურაზ ჯანჯალია.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, შპს „ეპოქა 21"-ისა და შპს „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა 2006-2009 წლებში დაამზადეს და გამოიყენეს საერთო ჯამში დაახლოებით სამი მილიონი ლარის პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და სალაროს ქვითრები, რითაც მათ ხელოვნურად გაზარდეს ხარჯები და, შესაბამისად, შეამცირეს მოგების გადასახადის ოდენობა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
ზ. კოკაია, გ. ქავთარაძე და თ. ჯანჯალია კი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა მათ ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადეს და გადასცეს რამდენიმე ცალი ყალბი სასაქონლო ზედნადები, სანაცვლოდ კი მისგან ზედნადებში მითითებული თანხის 30 %-ს ითხოვდნენ.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.