ცხინვალის ნაცისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა კონტროლირებადი ტერიტორიიდან გამოუშვა ორი ქართველი, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს და ბოლო დრომდე „შინაპატიმრობაში“ იმყოფებოდნენ ახალგორში.
გამოუშვეს მხოლოდ იმ პირობით, რომ ბევრს არ ილაპარაკებენ. როგორც ვხედავთ, არც ლაპარაკობენ, რაკი ჯერ ერთი, თუ „ბევრს ილაპარაკებენ“, მშობლიურ ახალგორში აღარ შეუშვებენ. ანუ, უსახლკაროდ-ულუკმაპუროდ დარჩებიან და მეორეც - „ხელს შეუშლიან“ იმ გმირი ბიჭის ცხედრის გადმოცემას.
ნიშანდობლივია, რომ ამ ორი მძევლის გათავისუფლება მოხდა, ჯერ ერთი, პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვის პასუხად, რომელშიც მან ცხინვალთან და სოხუმთან „პირდაპირი დიალოგისთვის“ გამოთქვა მზადყოფნა. ამგვარი „დიალოგი“ კი მოსკოვის „პროგრამა-მინიმუმია“ ოკუპაციის „გასაპრავებლად“ მსოფლიოს თვალში; მეორეც, ისინი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც სწორედ ხსენებული „პირდაპირი დიალოგის“ ფარგლებში ცხინვალს ეწვია საპარლამენტო პარტიის („პატრიოტთა ალიანსის“) დელეგაცია. ანუ, ისევ და ისევ, „პროგრამა მინიმუმის“ შესაბამისად.
ოღონდ ის ხალხი, ვინც ამის გამო ხელისუფლებას ამუნათებს, არც თუ ბოლომდე...... კეთილსინდისიერია თუ „ნაწილობრივი კეთილსინდისიერება“ საერთოდ შესაძლებელია, რადგან 2008 წელს (!) დაწყებულ ე.წ. „ჟენევის დისკუსიებში“ საქართველოს, „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის წარმომადგენლები თანაბარი სტატუსით მონაწილეობენ და ეს ფორმატი სწორედაც მოსკოვს ეხმარება ოკუპირებულ ტერიტორიათა საერთაშორისო „გაპრავებაში“. ზუსტად ამის ილუსტრაცია გახდა ხსენებულ „ჟენევის ფორმატის“ თანათავმჯდომარეთა ვიზიტი ცხინვალში და მოლაპარაკებები „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან“. სეპარატისტებისა და მათი პატრონებისთვის მოლაპარაკებათა შინაარსს კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ ფაქტს! ანუ, არჩილის მზაკვრული მკვლელობასა და მისი ცხედრის გადმოცემაზე ნაძირლურ უარსაც კი იმავე მიზნის განსახორციელებლად იყენებენ - სეპარატისტულ „აპენდიქსთა“ საერთაშორისო ლეგიტიმაციისათვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ ეს ყოველივე მაინც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ გარშემო უკვე დიდი ხანის განმავლობაში არსებული ტრაგიკული რეალობაა, რომლის მხოლოდ დადასტურება ბევრს არაფერს მოგვცემს. ბევრად მნიშვნელოვანია, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის „მიმართვა“ და კითხვა, რომელიც ამ „მიმართვაში“ სტრიქონებს შორის ისმის: „რა უნდა რუსეთს?“
ეს კითხვა ლამის ამ ქვეყნის მთავარ „საზრისად“ იქცეს 25 წლის მანძილზე: რა უნდა რუსეთს?! „გაგვაგებინე კრემლო, რა გინდა ბოლოს და ბოლოს? გვითხარი, ეგება ვთმობთ, ეგება „მოვდივართ“, ეგება გთანხმდებით, იქნებ „ვაწერთ ხელს“, მაგრამ ხომ უნდა გვითხრა რა გინდა???“
შინაარსობრივად ამ კითხვას სვამდა ზვიად გამსახურდია (გავიხსენოთ „ყაზბეგის შეთანხმება“ და მასთან დაკავშირებული ილუზიები), ამ კითხვას სვამდა ედუარდ შევარდნაძე (სანამ „ამოუვიდა“ და NATO-ს კარებზე „კაკუნი“ დაიწყო), ამ კითხვას სვამდა მიხეილ სააკაშვილი.
მესამე პრეზიდენტის მომხრეებს კი ძალიან უნდათ დაივიწყონ, მაგრამ „აქედან ვერ ამოშლით“ ისტორიულ „სფიჩს“ 2004 წლის გაზაფხულზე, რომელიც იმ...... „გულუბრყვილო“ რწმენითაა გაჟღენთილი, რომ წინამორბედ ორ პრეზიდენტზე ჭკვიანია და მათგან განსხვავებით, როგორც იქნა მიაგნო პასუხს საბედისწერო კითხვაზე „რა უნდა რუსეთს?“.
რამდენად ადეკვატური აღმოჩნდა ეს „გულუბრყვილო“ რწმენა, სულ მალე დარწმუნდა თავადაც და ქვეყანაც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და მაინც.......რა უნდა რუსეთს? ეს კითხვა კონტექსტუალურ, ზოგჯერ ქვეცნობიერ ხაზად გასდევს როგორც „პრორუსულების“, ასევე „პროდასავლურების“ თუ ე.წ. „პროქართულების“ (ანუ, მათი ჭკუით „შუაშისტების“) ნარატივს: „ბოლობოლო რა უნდა რუსეთს?“. არა, კი არ დათანხმდებიან, განსაკუთრებით მეორენი, მაგრამ მათაც აინტერესებთ „რა უნდა რუსეთს?!“. ზოგჯერ ისინიც კამათობენ ამაზე ერთმანეთში. იმიტომ, რომ პასუხი არც მათ იციან.
ანუ, 25 წელია ლამის მთელი საზოგადოება, მთელი პოლიტიკური სპექტრი, ექსპერტთა ლეგიონი, ჟურნალისტური არმია მსჯელობს, თავს იმტვრევს: როგორ გავიგოთ, როგორ მივაგნოთ, როგორ გამოვიცნოთ, როგორ გამოვტეხოთ, როგორმე ვათქმევინოთ რა უნდა (!!!) რომ უკვე ამ გაგებაზე დაყრდნობით ვევაჭროთ ჩვენს ინტერესებზე - რაღაც დავთმოთ, რაღაც არ დავთმოთ და ა.შ.
თუ ვერ გაიგებ „რა უნდა“ როგორ უნდა ევაჭრო?
სიტუაციას ისიც ართულებს და ტრაგიკომიკურობის ელფერს მატებს, როცა შენ თვითონ არ იცი „ბოლობოლო“ რა გინდა, მაგრამ ეს სხვა საკითხია; ჩვენს დისკურსში კი არსებითია „რუსეთს რა უნდა“. ანუ, „საერთოეროვნულ ლოგოსად“ ქცეული კითხვის ინტერპრეტაციით „რაზე წამოვა მოსკოვი“ იმ შემთხვევაში, თუ „ჩვენ წავალთ ...ამაზე....იმაზე...ამას დავთმობთ, იმას დავთმობთ......“ და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აი, მაგალითად.......„ჩვენ თუ „ნატო“-ზე უარს ვიტყვით მაშინ?.....“; „ჩვენ თუ ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებთ მაშინ?.....“; ან კიდევ უფრო „ღრმად“: „ჩვენ თუ ევრაზიულ კავშირში შევალთ მაშინ?......“, „ჩვენ თუ რუსეთის ფედერაციაში 86-ე სუბიექტად შევალთ მაშინ?.....“(მაიიიიიიიინც?!).
მოსკოვში შესანიშნავად იციან ჩვენს რეფლექსიათა თაობაზე. და ქართულ პოლიტიკურ დისკურსში უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მოარულ ბრიყვულ, საწყალობელ, ინტელექტუალურად უბადრუკ „კითხვებსაც“ ოსტატურად ასაზრდოებენ. მაგრამ....... „ბოლობოლო“ თუ არა, „ბოლოს და ბოლოს“ მართლა ხომ უნდა გაეცეს პასუხი ამ სამკვდრო-სასიცოცხლოდ მიჩნეულ კითხვას; „რა უნდა რუსეთს?!!!“ და მისგან გამომდინარე კითხვა-კლონებს: „კარგით, მაშინ იმ შემთხვევაში თუ......“ და „თუ ჩვენ...მაშინ ისინი რას.....“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არადა, პასუხი ამ „ისტორიულ“ კითხვაზე („რა უნდა რუსეთს?“) ბანალურობამდე მარტივია: არაფერი!!! რუსეთს საქართველოსგან არაფერი არ უნდა. მისი ერთადერთი ინტერესი ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა მუდამ იყოს ისეთ დაგლახავებულ, დაჩაჩანაკებულ, დანაწევრებულ, დახლეჩილ, სახელმწიფოებრივად „არშემდგარ“ მდგომარეობაში, როგორშიც 1993 წლიდან, სოხუმის დაცემის შემდეგ იმყოფება!
„ისტორიული იდიოტიზმის“ წყალობით ევრაზიულ კავშირში ან რუსეთის ფედერაციაში 86-ე სუბიექტად თუ შევალთ, უარს კი არ გეტყვიან, მაგრამ ამის „სანაცვლოდაც“ კი არაფრის „დაბრუნებას“ არ აპირებენ.
ზოგადად, ეს ნარატივი „ოქროს გალიის“ შესახებ იმავე ამბიციური ინტელექტუალური უბადრუკობის გამოვლინებაა, რადგან გალიაში კი შემოგიშვებენ „რამე რომ იყოს“, მაგრამ არავინ არანაირ „ოქროს“ არ გპირდება სანაცვლოდ!
ზოგადად, იმპერიას (რომით დაწყებული) ის სისტემური თვისება აქვს, რომ დამარცხებულებთან ინტერესებით არ ვაჭრობს. იმიტომ, რომ ყველაფერი რაც სურს, ისედაც მიიღო. თუმცა ესეც სხვა თემაა და შორს წაგვიყვანს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ ყველაზე უარესი რაც ჩვენი საზოგადოების „მოაზროვნე“ ნაწილს დაემართა ესეც კი არაა: ყველაზე უარესი მაინც ისაა, რომ დღემდე ვერ მივხვდით მთავარს: რუსეთთან გამორიცხულია არჩევენი „ცუდსა და კარგს შორის“. რეფლექსია იმაზე, თუ „რა უნდა რუსეთს?“ სწორედ ამ ილუზიის ფარული გამოვლინებაა. სინამდვილეში კი, ჩვენი საქმე ბევრად იმაზე უარესადაა ვიდრე ჩვენ გვგონია: მოსკოვი მეოთხედი საუკუნეა გვთავაზობს არჩევანს არა „კარგსა“ და „ცუდს“, არამედ „ცუდსა“ და „უარესს“ შორის! ანუ.....სტატუს-კვოს (ესე იგი არშემდგარობის) სანაცვლოდ მხოლოდ „კიდევ უარესის“ თავიდან აცილებას! მაშასადამე, გვემუქრება იმ ხაზის გაგრძელებით, როდესაც ყოველი ახალი ხელისუფლება (ფაქტია გამსახურდიადან-სააკაშვილამდე) ახალ-ახალ ტერიტორიებს კარგავდა ამ სტატუს-კვოს შეცვლის და „უარესის ნაცვლად უკეთესის“ მიღების მცდელობისას, რაკი არ სურდა შერიგებოდა იმ რეალურ არჩევანს, რასაც მოსკოვი სთავაზობდა: ცუდსა და უარესს შორის.
„ტატუნაშვილის ქეისით“ მოსკოვი გვაფრთხილებს, რომ ეს „ხაზი“ შეიძლება გაგრძელდეს - თუნდაც ყაზბეგსა და თრუსოს ხეობაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გამოსავალი? ერთადერთი: სტატუს-კვოს შეცვლა უნდა სცადო მხოლოდ მაშინ და იმ შემთხვევაში, როდესაც 3 მილიონიან ქვეყანას, მეზობელ ბირთვულ იმპერიასთან გეოპოლიტიკურ ჭიდილში, გაქვს რეალური (და არა „ყბედითი“, ისიც იშვიათად) საერთაშორისო მხარდაჭერის რესურსი, როგორიც ჰქონდა 1 მილიონიან ესტონეთს, როდესაც მტკიცედ განაცხადა ჯერ კიდევ 1992 წელს, რომ სურდა NATO-ს წევრობა! მოსკოვმა კი, იმპერიული ბოღმის მიუხედავად, ვერ გაბედა 100% რუსებით დასახლებულ კოხტლა-იარვეს რეგიონში „დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ გამოცხადება, შემდეგ იქ ცოფიანი კონფლიქტის პროვოცირება და ჯარების შეყვანა „მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“.
ვერ გაბედა იმიტომ, რომ „იქ“ დასავლეთისგან პასუხს მიიღებდა. საქართველოში რა პასუხი მიიღო......იხილეთ თუნდაც ევროკავშირის პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის უსუსტესი განცხადება არჩილ ტატუნაშვილის მხეცურ, მზაკვრულ და ნაძირლურ მკვლელობაზე - პრეზიდენტ მარგველაშვილის მკვეთრი ანტიიმპერიული განცხადებების პასუხად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სინამდვილეში არაფერი მეტისმეტად რთული ან „საკრალური“ არც იმპერიაში და არც გეოპოლიტიკაში არ არის. ძალთა და რესურსთა მარტივი კალკულაციაა. ისევე, როგორც ელემენტარულ ლოგიკაში: „ცუდი-ცუდია, მაგრამ უარესზე უკეთესი“.
საქართველოს არა აქვს რესურსი, შეცვალოს „ცუდი“-„უკეთესით“. მაგრამ დასავლური მხარდაჭერის ის „ხარისხი“ კი ნამდვილად გააჩნია, არ დაუშვას თუნდაც ამჟამინდელი სტატუს-კვოს გაუარესება (ცუდის - უარესით შეცვლა) იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენათა და პროცესთა ამგვარი განვითარება ძალიან სურს რუსეთს. და ესეც უდიდესი მონაპოვარია.
საქართველოს გამო გეოპოლიტიკის კანონებს ისევე არავინ შეცვლის, როგორც NATO-ს „მეხუთე პუნქტს“.
ნიკა იმნაიშვილი, „ჯი-ეიჩ-ენი“