თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით განხორციელებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლევან ვართანოვი. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ლ. ვართანოვი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანა „მაგთიკომის" აბონენტი იყო.
ბოლო ორი წლის მანძილზე კი იგი ინტენსიურად იყენებდა ე. წ. „კლონირებულ" სიმ-ბარათებს, რომლის შედეგად ხორციელდებოდა ზარები სხვადასხვა ქვეყნებიდან სხვადასხვა ნომრებზე.
საბოლოო ჯამში, აღნიშნული ქვეყნების მობილური ოპერატორების ანგარიშებზე შპს "მაგთიკომის" მიერ ხდებოდა როუმინგული მომსახურეობის საფასურის გადახდა. მთლიანობაში ზემოხსენებუული კლონირებული ნომრით განხორციელებული ზარების ღირებულებამ 125 000 ლარს მიაღწია.
ლ. ვართანოვის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ნამდვილი და ე.წ. კლონირებული სიმ-ბარათები ამოიღეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლი ს კოდექსის 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.