საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები მოძრაობა "არა"-ს წევრების უკანონო დაპატიმრების ფაქტზე საუბრობენ და შესაბამისი განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ პერ ეკუნდს მიმართავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამა წლის. 11 ივლისს, დილის 3:00 საათზე, მოძრაობა „არა"-ს ხელმძღვანელი, ლევან ჩიტაძე, მისი თანამოაზრე, ლევან კოჭლოშვილი და მათი მეგობარი ერეკლე ბუთიაშვილი (ეს უკანასკნელი არ მიეკუთვნება ზემოთაღნიშნულ ორგანიზაციას) მოსკოვის გამზირზე, მათ საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ეზოში საუბრობდნენ, როდესაც ლევან ჩიტაძე და ლევან კოჭლოშვილი სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა დააკავა, რომელსაც არც ვინაობა დაუსახელებია და არც სამსახურებრივი მოწმობა წარუდგენია. არასამთავრობოების მიერ გავრცელებული მიმართვის მიხედვით, მას
ახალგაზრდებისთვის არც დაკავების მიზეზი განუმარტავს. "როგორც შემდგომ გაირკვა, იგი პოლიციის თანამშრომელი ლევან მგელაძე იყო". ორივე ახალგაზრდა გადაიყვანეს პოლიციის V განყოფილებაში.
"დაკავებისას მგელაძემ ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ჩამოართვა ტელეფონი, საბუთები და 2 საათის განმავლობაში არ აუხსნა დაკავების მიზეზი. პოლიციელების - ლონგინოზ ბოლქვაძის, ემილ კუპრავას, იოსებ თათენაშვილისა და ლევან მგელაძის საუბარში მოიაზრებოდა ბრალდება ყაჩაღობის მუხლითაც, ვინაიდან ერთ-ერთ დაკავებულს პისტოლეტის ფორმის სანთებელა აღმოუჩინეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულთა მეგობარი, ერეკლე ბუთიაშვილი, რომელიც არ არის მოძრაობა „არა"-ს წევრი, არ დააკავეს. მოგვიანებით, იყო მისი დაკავების მცდელობაც, რათა მომხდარიყო მისი, როგორც ერთადერთი მოწმის ნეიტრალიზება და შესაძლებელი გამხდარიყო საქმის ყაჩაღობის მუხლით აღძვრა. საბოლოოდ, ერეკლე ბუთიაშვილის დაკავება ვეღარ მოხერხდა, რის შემდეგაც მოძრაობის წევრებს პოლიციისადმი „ბოროტად" დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი, რისთვისაც ჯერ დროებითი დაკავების საკანში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით კი სასამართლომ მათ 400 ლარის გადახდა დააკისრა", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პერ ეკლუნდისადმი მიმართვაში.
აღნიშნული მიმართვის მიხედვით, პოლიციის V განყოფლიებიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას, მხოლოდ ერთ დაკავებულს მიეცა ტელეფონით სარგებლობის უფლება.
"მოგვიანებით კი სასამართლომ არ გაითვალისწინა განსასჯელთა მიერ დაყენებული შუამდგომლობები. ასევე საინტერესოა ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე ჩიტაძისა და კოჭლოშვილის დამკავებლებად ლონგინოს ბოლქვაძე და იოსებ თათენაშვილი გააფორმეს, მაშინ როცა ისინი ლევან მგელაძემ დააკავა. სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა ჩვენება არაერთხელ შეცვალეს და მათი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო, რის გამოც სასამართლო სხდომის ოქმი შეიცვალა", - ნათქვამია ზემოხსენებული მიმართვის ტექსტში.
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები პერ ეკულნდს სთხოვენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინოს.
ცნობისათვის, აღნიშნულ მიმართვის ტექსტს ხელს აწერენ საქართველოში მოქმედი შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: საზოგადოებრივი მოძრაობა „არა"; ადამიანის უფლებათა ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; მრავალეროვანი საქართველო; საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს"; ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის.