ცხინვალში მზაკვრულად მოკლული ქართველი მეომრის, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია ვრცელდება. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ და არა იმდენად ამ გარეწრული მკვლელობის გარემოებები (ეს თავისთავად) არამედ მიზეზები და მოტივები, რაც საოკუპაციო რეჟიმს ამოძრავებდა.
თუმცა თავდაპირველად, სწორი ანალიზისთვის, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ მსგავსება (თან სისტემური მსგავსება) რაც ამ ტრაგედიას აკავშირებს მეორე, ასევე არაადამიანურ და მხეცურ დანაშაულთან - გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან აფხაზეთის დე-ფაქტო „საზღვარზე“, ე.წ. „აფხაზი მესაზღვრის“, თურქეთიდან გადმოხვეწილი ეთნიკური აფხაზის, ყანჯი ოღლის მიერ:
ორივე - გიგა ოთხოზორიაც და არჩილ ტატუნაშვილიც - იძულებულნი იყვნენ (!) რეგულარულად გადასულიყვნენ იმ „გველების ბუდეში“, სადაც ნებისმიერ დროს ელოდათ პროვოკაცია და სიკვდილიც კი! „იძულებულნი იყვნენ“ მძიმე ცხოვრების, გაჭირვების და ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობის გამო. მაგალითად, არჩილ ტატუნაშვილს ახალგორში ოჯახის წევრებიც ჰყავდა. მათი „სულ მიტოვება“ კი არ შეეძლო. ამასთან, დიდი ვალები ჰქონდა და მცირე ბიზნესი, რასაც აწარმოებდა, ამ ვალების დაფარვაში, ანუ ოჯახის გამოკვებაში ეხმარებოდა.
სისტემური მსგავსება კი ისაა, რომ აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ-ნაცისტურმა რეჟიმებმა, ასევე მათ ზურგს მიღმა მყოფმა საოკუპაციო არმიამ, მათი სპეცსამსახურებით, გალში და ახალგორში მცხოვრები ქართველები აქციეს მძევლებად, რომელთა გამოყენებით ნებისმიერ დროს შეუძლიათ განახორციელონ ისეთი ცბიერი პროვოკაცია, რაც მთელ საქართველოში სიტუაციის დაძაბვას და ურთიერთდაპირისპირებას გამოიწვევს.
სოხუმისა და ცხინვალის, ასევე მოსკოვის ხელში, ეს ძალიან სერიოზული და მძლავრი რესურსია საქართველოზე ზემოქმედებისათვის.
აი, ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე გულუბრყვილოდ „,მოსკოვს არანაირი ბერკეტი აღარ დარჩა საქართველოზე ზემოქმედებისთვისო“ - ბოლომდე ზუსტი დასკვნა არ არის. მაგალითად, ცხინვალის სეპარატისტულ-ნაცისტურ რეჟიმს ნებისმიერ დროს შეუძლია ე.წ. „საზღვრის დამრღვევი“ ქართველების მიმართ, ვინც დაკავებული და ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი, საქმე აღძრას არა „ადმინისტრაციული“ არამედ სისხლის სამართლის კოდექსით. ესე იგი, ჯარიმის გადახდით კი არ გაათავისუფლოს, არამედ „სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის“ მრავალწლიანი ციხე მიუსაჯოს.
ამ „ბერკეტით“ მანიპულირება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, - თუ დასჭირდათ საქართველოში სიტუაციის „არევა“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ ტატუნაშვილის შემთხვევაში საქმე უფრო სერიოზულადაა. ადამიანი მოკლეს და ცხედარიც „დააპატიმრეს“, რასაც ოჯახის ბუნებრივი რეაქცია მოჰყვა: რამდენიმე საათის განმავლობაში გადაიკეტა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალი.
თვით მკვლელობის გარემოებებზე ცხინვალი აშკარად ყალბ ვერსიას ავრცელებს, რომელიც საბჭოთა „აგიტპრომიდან“ გადმოწერილი გეგონება - იმავე ტონალობითა და თავხედური ტყუილებით. მეორეს მხრივ, ქართულ მედიაში გავრცელებული ვერსიებიც, თითქოს მიზეზი გახდა „ბიზნეს-ინტერესები“, „კორუფცია“ ან თუნდაც პიროვნული დაპირისპირება ადგილობრივ ოს „გამგებელსა“ და არჩილ ტატუნაშვილს შორის, ან თურმე მსხვერპლს ოსი „მებაჟეები“ განურისხებია შეპასუხებით, ასევე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
სინამდვილეში, თუ მომხდარს მიმდინარე პროცესთა კონტექსტში განვიხილავთ, ცხადია, რომ „პიროვნული მომენტი“ და ბიზნესი, ან ე.წ. „საბაჟო გადასახადი“ აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია: არჩილ ტატუნაშვილის გატაცება წინასწარ კარგად დაგეგმილი და „უზრუნველყოფილი“ პროვოკაციაა: სპეცსამსახურები წლების და თვეების განმავლობაში „აკვირდებოდნენ“ ტატუნაშვილს, საგანგებოდ მისცეს მას საშვი, იცოდნენ, რომ იგი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო, ამიტომ ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისთვის ათასი ცილი დაეწამათ და ამით „გაეპრავებინათ“ საკუთარი მხეცობა; მაგრამ ხელსაყრელ და საჭირო დროს ელოდნენ აქციის განსახორციელებლად.
სწორედ ახლა დასჭირდათ „რატომღაც“, რაკი ზუსტად გათვალეს, რა რეაქციას გამოიწვევდა ეს აქცია საქართველოში. სწორედ ასეთი რეაქცია სჭირდებოდათ.
წინასწარ ჰქონდათ თუ არა დაგეგმილი მკვლელობა, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ ზუსტად იცოდნენ მთავარი: ოჯახის ის ნაწილი, რომელიც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, მწვავედ იმოქმედებდა ნებისმიერ შემთხვევაში! არჩილის მხეცური მკვლელობა კი შესძალოა იმან გამოიწვია, რომ ვაჟკაცურად მოიქცა, წინააღმდეგობა გაუწიათ და ვერ „გატეხეს“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვის რატომ და რა მიზნით დასჭირდა ეს პროვოკაცია? არც ისე ერთმნიშვნელოვანი და იოლი თემაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ბუნებრივია, პრიორიტეტულად უნდა განვიხილოთ ვერსია, რომლითაც ამ სპეცოპერაციის ავტორიც და ორგანიზატორიც მოსკოვია, რომელიც „იქ“ სიტუაციას აკონტროლოებს; ხოლო ე.წ. „ოსეთის КГБ“ დიდი ხანია რუსულ ФСБ-ს ყურმოჭრილ ქოფაკად იქცა, ანუ პირდაპირ შეუერთდა.
ნამდვილად რეალურია, მოსკოვი ამით „ცდიდეს“ საქართველოს ხელისუფლებას, ამოწმებდეს საზოგადოების რეაქციებს, აპროვოცირებდეს დაძაბულობას, მათ შორის მთელი რეგიონისთვის სასიცოცხლო ავტომაგისტრალზე პრობლემების შექმნას.
აშკარად მისი „ხელწერაა“.....თუ ლამის მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ მიმდინარე „ჰიბრიდული ომის“ ტექნოლოგიებს და გამოყენებულ რესურსებს გავითვალისწინებთ.
ნუ დავივიწყებთ: ეს ყოველივე ხდება მაშინ, როდესაც მოსკოვი და თბილისი აგრძელებენ დისკუსიას ე.წ. „სავაჭრო დერეფნების“ შესახებ, რომელთაგან ერთმა ცხინვალზე უნდა გაიაროს, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მკვეთრად ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს ამ დერეფნების „საბაჟო დანიშნულების“ თაობაზე.
ოღონდ, მეორეს მხრივ, ვერც იმ ფაქტს წავუვალთ, რომ ოჯახის „ბუნებრივი რეაქციის“ შედეგად სომხეთი, ვის ინტერესებსაც მოსკოვი გაფაციცებით ლობირებს, შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ვინაიდან გამწარებულმა ოჯახებმა არა მხოლოდ თბილისი-გორის, არამედ თბილისი-ყაზბეგი-ვლადიკავკაზის ავტომაგისტრალიც გადაკეტონ. ანუ ის ერთადერთი გზა, რომლითაც სომხეთი ჯერ კიდევ ვაჭრობს რუსეთთან, ხოლო რუსეთი - გიუმრიში დისლოცირებულ ჯარს ამარაგებს.
აქვე გავიხსენოთ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადება, რომლითაც ცხინვალი თბილისთან „თანასწორუფლებიან“ მოლაპარაკებას მოითხოვს „სავაჭრო დერეფნების“ გასახსნელად და მოკოვსაც კი „აფრთხილებს“: „სხვა შემთხვევაში ჩვენზე არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური ზეწოლა არ გაჭრის და ამ დერეფნების გახსნას არაფრით დავთანხმდებითო“.
ბუნებრივია, ქართული საზოგადოების მენტალობა, მოსკოვის მიმართ ოს სეპარატისტთა ამგვარ „დაუმორჩილებლობას“ კატეგორიულად გამორიცხავს, რაკი დარწმუნებულია, - ოსები მუდამ იმას გააკეთებენ, რასაც მოსკოვი ეტყვის, ანუ „ეს ყოველივე ხომ სპექტაკლია....“ მაგრამ სეპარატისტთა ნაწილობრივი „სუბიექტურობის“, „პროვოკაციულობის“ და მათი სიფლიდის რესურსთა სრულმა გამორიცხვამ, ბოლო 25 წლის მანძილზე, ბევრი დამარცხება განაპირობა.
ამიტომ, სრულებითაც არ არის გამორიცხული, ამ გარეწრული მკვლელობით ცხინვალი საკუთარ „პატრონებსაც“ ეუბნებოდეს: „ჩვენ კი ნუ „გვაწვებით“ სომხეთისკენ გზის გასახსნელად, არამედ საქართველოს მოვუწყოთ ერთობლივი პროვოკაციები და თბილისი ვაიძულოთ წამოვიდეს „სამმხრივ მოლაპარაკებებზე“ („რუსეთი - „სამხრეთ ოსეთი“ - საქართველო) „მოკავშირე სომხეთისკენ“ გზის გასაჭრელადო“.
აქ რაიმე დათმობა ჩვენი მხრიდან მხოლოდ უარეს შედეგს გამოიღებს: ხვალ, გათავხედებული სეპარატისტები, იგივე მზაკვრული „ტექნოლოგიით“, იმასაც მოინდომებენ, თრუსოს ხეობა და ყაზბეგი დავუთმოთ „ერთიან ალანიას“ - ავადსახსენებელი ედუარდ კოკოითის ისტორიული „პროექტის“ შესაბამისად.
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“