ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ინდივიდუალური მეწარმე გივი პაპავა, რომელიც ქ. თბილისში მუხიანის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. „რადიოქარხნის" მიმდებარე ტერიტორიზე განსაკუთრებით ანტისანიტარიულ პირობებში აწარმოებდა თევზეულის შებოლვას, შემდეგ აღნიშნულ პროდუქციას ბაზრობებსა და სხვა სავაჭრო წერტილებში რეალიზატორებს აბარებდა.
ი/მ „გივი პაპავას" მიერ წარმოებულ პროდუქციას - „ორაგულსა" და „მოივას" ჩაუტარდა ლაბორატორიული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პროდუქცია ფალსიფიცირებულია, შეცვლილი აქვს თვისობრიობა, არ შეესაბამება სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, რაც მთავარია, მისი საკვებად გამოყენება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
სამართალდამცველებმა თევზის შესაბოლი საამქრო დალუქეს და ფალსიფიცირებული პროდუქცია სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.