ENG / RUS       12+

რევოლუცია არაკორექტულობით იწყება - რას მოასწავებს მიშას ახალი სტილი?

მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი მთავრობის წევრი ქალბატონი-მინისტრის გარეგნობაზე ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მოვლენაა. ბევრად იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მისივე ბოლოდროინდელი განცხადებები პოლიტიკურ თემებზე.

შეგახსენებთ: მესამე პრეზიდენტმა, მის შესახებ ამ ქალბატონი-მინისტრის კრიტიკული, თუმცა მთლიანობაში საკმაოდ კორექტული ფრაზის საპასუხოდ (რომ სააკაშვილი „მძიმე მდგომარეობაში იმყოფება“ - ვერ შეედავები, რასაც არ უნდა გულისხმობდეს ან რაც არ უნდა მოგეჩვენოს), უინსტონ ჩერჩილის ძალიან არაკორექტული, თუმცა მახვილგონივრული დიალოგი გაიხსენა ოპოზიციონერ ქალბატონთან, რომელმაც ბრიტანელი პრემიერი სიმთვრალისთვის დაამუნათა: „მე მთვრალი ვარ, თქვენ კი ძააააალიან მახინჯი; ოღონდ ახლა დავიძინებ და ხვალ ფხიზელი ვიქნები........ (იგულისხმება) თქვენ კი მახინჯად დარჩებით“.

ჩერჩილი რომ ამას იტყოდა - ეჭვს არ იწვევს. ქართულად - „დიდი ანცი და ხვითო იყო“. თავის მხრივ, ინგლისური კულტურა „ამეებს“ იტანდა ჯერ კიდევ „პოლიტკორექტულობის“ ეპოქამდეც. საქართველოსთვის რამდენად თვისებრივია ეს კულტურა, სულ სხვა საკითხია, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ნაკლებ საინტერესო, ვიდრე სააკაშვილის „უცნაური“ (მისთვის უცნაური) „უორდინგი“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საქმე ისაა, რომ ყოფილ პრეზიდენტს (და მოქმედ პოლიტიკოს) მიხეილ სააკაშვილს ამგვარი რამ არასდროს ახასიათებდა. ყველა პოლიტიკოსს საკუთარი „სტილი“ აქვს, რომელიც არა „აღზრდა-განათლებიდან“ თუ ყბადაღებული „ზრდილობიდან“, არამედ მისივე პოლიტიკური „პროექტიდან“ გამომდინარეობს. ამ თვალსაზრისით ბუნებრივია, მაგალითად, რომ მიშას (დაუჯერებელია, თუმცა ფაქტია) არც ერთხელ, არც პრეზიდენტობამდე, არც პრეზიდენტობისას და არც პრეზიდენტობის შემდეგ არ მიუცია ინტერვიუ ქართული ბეჭდური მედიისთვის. უცხოურისთვის - რამდენიც გნებავთ. ქართული გაზეთებისთვის ან თუნდაც საინფორმაციო სააგენტოებისთვის - არც ერთხელ!

რატომ? იმიტომ, რომ გრძნობს საკუთარ „სტილს“ და იცის: მისთვის ჩვეულ აგრესიულად პოპულისტურ ნარატივს ტელევიზია „აიტანს“, მაგრამ „დაწერილი სახით“ სულ სხვაგვარად გამოჩნდება. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია აიღოთ სააკაშვილის  ნებისმიერი ტელე-ინტერვიუ და სიტყვა-სიტყვით „გაშიფროთ“, ანუ სცადოთ წარმოიდგინოთ „დაწერილი“ სახით.  უმალ დარწმუნდებით: სულ სხვაა. ანუ აბსოლუტურად სხვა.

 ასევე, საზოგადოებრივი კომუნიცირების მისეული „სტილის“ შემადგენელი იყო, რომ მიშა არასდროს, არც ერთხელ მთელი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში (ანუ, სადღაც 1997 წლიდან) არ შეხებია ოპონენტებს „პიროვნულად“.

ოპონენტების, მოწინააღმდეგეების და მტრების მეტი რა ჰყოლია? ყველას ებრძოდა, უპირისპირდებოდა, რას არ აბრალებდა, რაში არ ადანაშაულებდა, მაგრამ „პიროვნულად“ არავის არასდროს შეხებია. მაგალითად, არასდროს უთქვამს, რატომ აქვს კახა თარგამაძეს ეს „გრძელი ცხვირი“, ან რატომ  არ მოჰყავს ცოლი,  თუმცა „სიგარეტის ბიზნესის კრიშობას“ კი სდებდა ბრალად და ქართული მაფიის მამობას; ბაკურ გულუას „ბენზინის მოპარვას“ აბრალებდა პირდაპირ საარჩევნო კლიპში, მაგრამ „თავგასიებულს“ ხომ არ უწოდებდა?

უამრავი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომ მიშა „პირადს“ არასდროს შეხებია - სამკვდრო-სასიცოცხლო მტრებთან ბრძოლის დროსაც. ედუარდ შევარდნაძის „კორუმპირობულობაზე“ კი ლაპარაკობდა, მაგრამ ქალბატონი ნანულის „გავლენა“ და სხვა მოარული ჭორები არც ერთხელ არ უხსენებია.

უბრალოდ, არ ეხებოდაპირადს“. მორჩა და გათავდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ქალბატონი-მინისტრის ,,სიმახინჯის”  შესახებ მისი განცხადება  იმას ნიშნავს, რომ მიშა საკუთარ სტილს კი არ „ღალატობს“, არამედ „ცვლის“, რაკი ცვლის იმ მიზნობრივ აუდიტორიას, ვისაც მიმართავს!

„სტილის დაკარგვა“ და „სტილის შეცვლა“ აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა: სააკაშვილს უკვე აღარ აღელვებს იმ კატეგორიის რეაქცია, ვინც (ეს წინასწარ იცოდა) არათუ უზრდელობას, არამედ „უხამსობას“ უწოდებს მის გამონათქვამს ქალის გარეგნობაზე. მისი მომხრეებიც კი აღშფოთებულნი არიან, მაგრამ მიშას ეს უკვე „კიდია“; მან საბოლოოდ აიღო გეზი და აირჩია სამიზნედ სულ სხვა სოციალური კატეგორია: ვინც სრულებითაც არ ჩაუთვლის განსაკუთრებულ „ცოდვად“ ამგვარ გამონათქვამს და პირიქით: გაუხარდება კიდეც კატასტროფულად არაპოპულარული ქალბატონი-მინისტრის ასეთი დამცირება და შეურაცხყოფა.

ამგვარი კატეგორია საქართველოში არის და  საკმაოდ მრავალრიცხოვანიცაა. განსაკუთრებით ქალბატონებს შორის. თუ ძალიან არაკორექტულნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ გენდერის მენტალური კონსტიტუციიდან გამომდინარე, მეტისმეტად თავდაჯერებული და ტელეკამერებთან „თვითმტკბობი“ ქალბატონი-მინისტრის ასე „დანგრევა“ პოპულარული მამაკაცის მხრიდან, მათ დიდ ნაწილს  მხოლოდ გაუხარდებოდა - საჯაროდ საპირისპიროსაც რომ ლაპარაკობდნენ „პოლიტკორექტულად“.

თანაც, ეს სოციალური ჯგუფი გამოირჩევა განსაკუთრებული პასიონარულობითა და აგრესიულობით. მესამე პრეზიდენტს კი ახასიათებს „მიზნობრივი აუდიტორიების“ შეცვლა როცა საჭიროდ თვლის.

მაგალითად: 2003 წლის განმავლობაში, 2 ნოემბრის არჩევნებამდე, მას არც ერთხელ, არც ერთ მიტინგზე თუ ტელეინტერვიუში არ უხსენებია „აფხაზეთის დაბრუნება“. ლაპარაკობდა მხოლოდ კორუფციაზე, რაკი „თვლიდა“ შესაბამის მიზნობრვ აუდიტორიაზე, ვისაც იმდროინდელი სიტუაცია მოყირჭებული ჰქონდა, არჩევნებზე ხმას მისცემდა, მაგრამ ქუჩაში გამოსვლა, დესტაბილიზაცია და ამბოხი თუ რევოლუცია მიუღებელი იყო. „აფხაზეთის დაბრუნების“ თეზისი ამ კატეგორიას დააფრთხობდა, რაკი ომი არ სურდა.

2 ნოემბრის შემდეგ კი, როცა არჩევნები დასრულდა და რევოლუციური პროცესი დაიწყო ქვეყანაში, მიშა სულ უფრო ხშირად   ახსენებდა აფხაზეთს („ჩვენ დავკავდებით საქართველოს მთლიანობის აღდგენით“.......„ამ ხელისუფლების წასვლა და აფხაზეთის დაბრუნება ერთი იქნება....“(ინტერვიუ ეკა ხოფერიასთან) რადგან უკვე დაწყებულ რევოლუციურ პროცესში  სხვა კატეგორია გახდა მისი „სამიზნე“ - ნაციონალისტურად განწყობილი, ბევრად პასიონარული  „ყველაფერზე წამსვლელი“ „გამკეთებელი“ და „ქუჩაში გამომსვლელი“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მიშამ შესანიშნავად იცის, რომ გარდა იმ სოციალური კატეგორიისა, ვისაც „პოლიტკორექტულად“ არ მოეწონებოდა მისი გამონათქვამი ქალბატონი-მინისტრის ,,სიმახინჯეზე”, არსებობს მეორე კატეგორია რომელსაც......ძალიანაც მოეწონებოდა ეს ფრაზა, ოღონდ გარეგნულად დაემორჩილება „პოლიტკორექტულ“ სოციო-ფსიქოლოგიურ დომინანტებს და ამას ღიად, საჯაროდ არ გაამჟღავნებს.

„არ იტყვის ღიად“, „არ გაამჟღავნებს“, მაგრამ.....„ჩუმად მოიწონებს“!  აი სწორედ ეს ჯგუფია დღეს მხოლოდ „გარეთ გამომსვლელი“ და იმდენად პასიონარული, რომ შეასრულოს „ტარანის“ როლი არსებული ხელისუფლების დანგრევაში!

მაშასადამე, სააკაშვილი უკვე თვლის იმ ხალხზე, ვინც მას გაჰყვება არა არჩევნებში (რაც უსარგებლოდ მიაჩნია), არამედ ახალ რევოლუციაში და პატივს სცემს ყაზარმულ ძალას. შესაბამისად,  მოსწონს ყაზარმული იუმორიც.

აქედან გამომდინარე, ქალბატონი-მინისტრის ,,სიმახინჯეზე” გამონათქვამი ემოციური „ამოსხმა“ როდია: ეს ფრაზა მეტყველებს, რომ მიშამ საბოლოოდ აიღო გეზი საქართველოში ახალი რევოლუციისკენ და აღარც იმას გამორიცხავს, რომ ეს რევოლუცია წინამორბედისგან განსხვავებული „სტილისა“ შეიძლება გამოდგეს. ამგვარი რევოლუციის (ანუ ნამდვილი რევოლუციის) უპირველესი სიმპტომი კი კორექტულობის დარღვევაა.

რევოლუცია ყველგან და ყოველთვის არაკორექტულობით იწყება.

 

ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .