ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლეთა ასაკის მინიმალური ზღვარი 30 წელი იქნება. ამ საკითხს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტი ითვალისწინებს.
საკონსტიტუციო პროექტის საზოგადოებრივი განხილვა დღეს დაიწყო და პირველი შეხვედრა პარლამენტში სამეცნიერო წრეებთან გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ განხილვისას მოსამართლეთა ასაკზე არაფერი თქმულა, თუმცა კანონპროექტში აღნიშნულია, რომ "მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება".
ასევე საინტერესოა, რომ რამდენიმე თვის წინ როდესაც საკონსტიტუციო კომისიის მიერ აღნიშნული ინიციატივა გაჟღერდა, მაშინ ამას ხელისუფლების მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობა მოჰყვა. აცხადებდნენ, რომ მოსამართლეთა ასაკი არ შეიცვლებოდა და მინიმალური ზღვარი დარჩებოდა ისევ 28 წელი. კანონპროექტში კი მინიმალურ ზღვრად 30 წელია განსაზღვრული.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხსაც.