თბილისის შს მთავარი სამმართველოს, უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავებიდან უნიკალურ წიგნებს იპარავდნენ.
საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულნი არიან: ვაჟა აზარიაშვილი, ზურაბ აღდგომელაშვილი, წარსულში ქრთამის აღებისათვის ნასამართლევი მერაბ ჭელიძე და ეჭვმიტანილად ცნობილია 1934 წელს დაბადებული კახელი იოსების ძე ხოტენაშვილი.
აღნიშნულმა პირებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავებში არსებულ მე-18, მე-19 საუკუნეების ისტორიული და კულტურული ფასეულობების მქონე, ცხრამეტი დასახელების უნიკალურ რუსულენოვან წიგნები მოიპარეს, სულ 516 ტომი, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული სქემის მიხედვით, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით, საქართველოდან უკრაინაში გაიტანეს.
"აღნიშნული პირების მიერ საცავებიდან არაერთგზის მოპარული და უცხოეთში გატანილი იქნა 30-მდე ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე მე-18 და 19-ე საუკუნეების ძვირადღირებული წიგნები", _ იუწყება შს სამინისტრო.
წინასწარ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის მთავარი სამმართველო საქართველოს სსკ-ის 117-ე და 180-ე მუხლებით აწარმოებს. ასევე ტარდება ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა დამნაშავე პირების დადგენა-დაკავების და გატაცებული წიგნების ამოღების მიზნით.