კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის რეორგანიზაციის და ოპტიმიზაციის სამსახურის უფროსი ბაჩანა ჩიგოგიძე.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ იგი თავისი ერთ-ერთი თანამშრომლისაგან ინტენსიურად ითხოვდა ანაზღაურების თანხის ნახევარის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებოდა.
სამართალდამცველებმა ბ. ჩიგოგიძე მაშინ დააკავეს, როცა მან კლინიკის ელექტრიკოსს არა კლინიკის, არამედ სხვა, კერძო შეკვეთით შესრულებული სამუშაოს შესრულებისათვის მიღებული ანაზღაურებიდან 50 ლარი გამოართვა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.