ცვლილებათა პაკეტი, პირობითი სახელწოდებით „გირგვლიანის შესწორებები“ იშვიათად გონებამახვილური და ჭკვიანური პოლიტიკური სვლაა „ქართული ოცნების“ მხრიდან.
ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი მუდამ, ყოველთვის და ყველგან გულისხმობს მრავალმხრივ მოგებას და ხელსაყრელი „ტრენდების“ ჩამოყალიბებას ან გაძლიერებას; ასევე პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასუსტებას, რაც მათთვის პოლიტიკური არგუმენტის (ქართულად თუ ვიტყვით „სათქმელის“) წართმევას ნიშნავს.
თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ამ საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური სვლის „პრომოუშენი“, მათ შორის „ფიარი“, როგორც ყოველთვის, სუსტი და დონდლოა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავარი მოწინააღმდეგეებისგან (ანუ „ნაციონალური მოძრობისა“ და „ევროპული საქართველოსგან“) განსხვავებით „ოცნებას“ სერიოზული, ნიჭიერი ან თუნდაც ანგარიშგასაწევი „სფოუქსპერსონები“, ფაქტიურად არ ჰყავს. თუნდაც ისეთი, ვისაც არა მხოლო თანასწორი პოლემიკა, არამედ ძლიერი გადაწყვეტილების „პრომოუტრება“ და „გაფიარება“ შეეძლოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება თვით ინიციატივას: ზოგადად, ეს ტექნოლოგია თუ „სტილი“, როდესაც მნიშვნელოვანი შესწორებები კანონმდებლობაში შედის კონკრეტული „ქეისიდან“ გამომდინარე, დასავლური პოლიტიკური კულტურის განუყოფელი ნაწილია. თავის დროზე, ბევრი დასავლური ქვეყნის კანონმდებლოაბში შევიდა ე.წ. „ვალენბერგის შესწორებები“, რომლებიც გულისხმობდნენ სპეციალურ სანქციებს სსრკ-ს წინააღმდეგ საბჭოთა სპეცსამსახურთა გატაცებული და შემდეგ ლუბიანკას ჯურღმულებში მოკლული შვედი დიპლომატის გამო; ასევე „მაგნიცკის აქტი“, რაც ამერიკის კონგრესმა მიიღო იმ სპეცსამსახურთა მემკვიდრის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული და, ფაქტიურად, ციხეში მოკლული იურისტის „ქეისზე“. აქ ნიშანდობლივია ძირეულ საკანონმდებლო შესწორერებათა „პაკეტის“ პერსონფიცირება.
„გირგვლიანის შესწორებებიც“, თუ ავტორებს არ შეეშინდათ და არ გადაიფიქრეს ბოლო მომენტში, ითვალისწინებს არა მხოლოდ იმგვარი შესწორებების შეტანას კანონმდებლობაში, რაც გაზრდის სასჯელსა თუ სანქციებს დანაშაულში მონაწილე სახელმწიფო მოხელეთა მიმართ, არამედ სახელმწიფო თანამდებობების დაკავებას აუკრძალავს და ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურიდან (მათ შორის სასამართლოდან!) გააძევებს იმ პირებს, ვინც ქმედებით ან უმოქმედობით მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანის მკვლელთა სამართლიანი სასჯელისგან დაძვრებაში. ანუ, როგორც სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა „გამაოგნებელი შეხმატკბილებით“ ირჯებოდა, რათა აბსოლუტურად არაკორუმპირებული, თუმცა ძალაუფლებთ გათავხედებული ნაძირალა პოლიციელების მიერ ახალგაზრდის ქუჩიდან-ტყეში გატაცება, წამება (ამ „ხარისხის“ ცემა, თანაც თოვლზე გაშიშვლებით წამებაა!) ჯერ „გადაკვალიფიცირებულიყო“ მძიმე კატეგორიის დანაშაულიდან - ნაკლებად მძიმე დანაშაულად; შემდეგ მათი გამოშვება ოსტატურად „შეფუთულიყო“ სამხედრო პირებისა და ყოფილი პოლიციელების „შეწყალებად“ და, რაც მთავარია, სასამართლოს „გაეპრავებინა“ ეს „შეხმატკბილება“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„გირგვლიანის შესწორებები“ (თუ, კიდევ ვიმეორებ, ავტორებს ბოლო მომენტში არ შეეშინდათ და უკან არ დაიხიეს) გულისხმობს სასამართლოდან, პოლიციიდან და სპეცსამსახურებიდან იმ პირთა გაძევებას, ვინც ამ და მსგავს (მაგალითად „ფოტოგრაფების“, ასევე უმარავ სხვა) საქმეებში ქმედებით ან უმოქმედებით ახორციელებდნენ იურიდიული კაზუისტიკით შენიღბულ პოლიტიკურ დევნას.
მაგალითად, იგივე მურუსიძე, ვისი სახელიც „მემ“-ად იქცა, არა მხოლოდ გირგვლიანის საქმეში „მონაწილეობდა“, არამედ სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ შეთითხნილ, აბსოლუტურად ფეიკურ, „თითიდან გამოწოვილ“ და უმაღლესი ხელისუფლების საამებლად აღძრული დევნის განხორციელებაში.
როგორც შემდგომ ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ დაადასტურა, ამ საქმის „აღმძრავი“ ვითომ ანტიკორუფციულად შემართული პროკურორი, თავად ამხილეს კორუფციაში, მაგრამ ხელი ვერ ახლეს, რადგან მისი ძმა, იმ დროს, გავლენიანი დეპუტატი იყო.
„გირგვლიანის შესწორებები“ წერტილს დაუსვამს გაუთავებელ ბრალდებებს და „წამოძახებებს“ ოპოზიციის ხრიდან, რომ „მურუსიძეები“, „ფოტოგრაფების საქმის“ თუ უამრავი ამგვარი საქმის გამომძიებლები, გამომძალველ-მფატრავი პროკურორები, 26 მაისს ადამიანთა დამასახიჩრებელი პოლიციელები და სხვები „დღემდე მუშაობენ სისტემაში და მათ „ოცნებამ“ ხელი არ ახლო. პირიქით, - იყენებს კიდეც უკვე საკუთარი მიზნებისთვის“.
არადა, ეს ბოლო ბრალდება განმარტებას „იმსახურებს“: იგივე მურუსიძე „დამოუკიდებელმა სასამართლო ხელისუფლებამ“ აირჩია წინამძღოლად, თორემ „ოცნების“ გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ათას სხვა „მურუსიძეს“ იპოვიდა, ვინც ასეთივე „შემსრულებელი“ იქნებოდა, სამაგიეროდ არ ექნებოდა წამოსაძახებელი „გირგვლიანის“, „მოლაშვილის“ და სხვა საქმეები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს „წამოძახებები“ გვაბრუნებს დისკუსიასთან, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს, ანუ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაიშალა ახალ ხელისუფლებაში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. მაშინ კობა დავითაშვილი, რომელიც უსამართლოდ „დაკარგა“ ქართულმა პოლიტიკამ, აფრთხილებდა „მეოცნებე კოლეგებს“, რომ სამართრლიანობის აღსადგენად პირველ რიგში აუცილებელი იყო ზუსტად ისეთი „სასამართლო რეფორმის“ (ბრჭყალებში, რასაკვირველია) განხორციელება, როგორიც „რევოლუციურმა ხელისუფლებამ“ განახორციელა 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც ერთი ხელის მოსმით გაყარეს ძველი მოსამართლეები და მოიყვანეს ახლები.
მაგრამ ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმისა მაშინ ხელისუფლებას შეეშინდა. მიზეზი გახდა არა მხოლოდ იმხნად „ოცნების კოალიციაში“ შემავალი „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგობა, არამედ დასავლურ საელჩოთა „რჩევებიც“, რომ ეს ყოველივე „სასამართლო ხელისუფლებაში ტოტალურ ჩარევად“ იქნებოდა გამოცხადებული - განსხვავებით 2003 წლისგან, როდესაც იმდოინდელმა მთავრობამ უდიდესი ოსტატობით ისარგებლა „ანტიკორუფციული არგუმენტით“ ყველა სახელისუფლებო შტოზე სრული კონტროლის განსახორციელებლად.
„ოცნებას“ ასეთი „ფიარ-რესურსი“ არ გააჩნია. ამიტომ, იგი დღემდე ისმენდა და ითმენდა ბრალდებებს „მურუსიძის დატოვების“ ან უამრავი პროკურორ-გამომძიებელ-პოლიციელის თაობაზე, ვინც კვლავინდებურად რჩებოდა სისტემაში.
„გირგვლიანის“ შესწორებებით ხელისუფლებას სურს განახორციელოს სისტემური „წმენდა“. ხოლო ამგვარი „ტექნოლოგიის“ მახვილგონივრულობაზე ის მეტყველებს, რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც დღემდე აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას „კოლექტიური მურუსიძის“ გამო, იძულებულნი არიან (!) „გირგვლიანის შესწორებებს“ მხარი დაუჭირონ. რაც მნიშვნელოვანია, რადგან პერსონაჟები, ვისაც ეს „შესწორებები“ შეეხება, აუცილებლად იჩივლებენ „საკონსტიტუციო სასამართლოში“ უფლებების „დარღვევის“ გამო; აქაოდა მხოლოდ საკუთარ ვალდებულებებსა და მოვალეობებს ასრულებდნენ, „უმწიკლოდ“ ემსახურებოდნენ კანონს და მათი ხელისუფლებიდან გაძევება, თურმე, სახელმწიფოებრიობის დაქცევა იქნება, რადგან მომავალში „ამ ხელისუფლების ბრძანებებსაც არავინ შეასრულებს“.
აი ამ ბოლო არგუმენტის რომ ხელისუფლებას (ჯერ-ჯერობით) არ შეეშინდა და ამას რომ არ უფრთხის, ყველაზე ზუსტად მეტყველებს მის დღვანდელ თავდაჯერებულობაზე, რაკი არც წინა ხელისუფლებას ეპიტნავებოდა არაკორუმპირებული, მაგრამ ძალაუფლებთ გათავხედებული გარეწარი პოლიციელების ციხიდან „გამოშვება“ და ამით ოპოზიციისთვის უძლიერესი „სათქმელის“ მიცემა, მაგრამ სახელმწიფოებრიობის იმდროინდელი „ხერხემლის“, ვანო მერაბიშვილის ავტორიტეტის შებღალვისა შეეშინდა „საპოლიციო კორპორაციაში“, რომელიც მკვლელ პოლიციელებს მკერდით, ზურგით და ყველაფრით გადაეფარა.
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“