რატი მილორავას და სერგო ბესელიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებენ, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" განსასჯელების ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა სასამართლოს პრაქტიკაში არ არსებობს, როდესაც უზენაესი სასამართლო არასრულწლოვანისთვის აღმკვეთი ღონისძიების გასაჩივრების შესახებ სარჩელს წარმოებაში არ იღებდეს.
უზენაესმა სასამართლომ ბესელიას შვილის და ძმის სარჩელის წარმოებაში არ მიღების გადაწყვეტილება 20 ივლისს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ეკა ბესელიას შვილს, რატი მილორავას და ძმას, სერგო ბესელიას ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაუტოვა.
არასრულწლოვან რატი მილორავას ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა 2 000-ლარიან ჯარიმასთან ერთად შეეფარდა, ხოლო სერგო ბესელიას თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით და ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.