უზენაესმა სასამართლომ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერის ეკა ბესელიას შვილის რატი მილორავას და ძმის სერგო ბესელიას სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ამის შესახებ განსასჯელების ადვოკატმა ლილი გელაშვილმა უზენაეს სასამართლოსთან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმატებით, მსგავსი შემთხვევა სასამართლოს პრაქტიკაში არ არსებობს, როდესაც უზენაესი სასამართლო არასრულწლოვანისთვის აღმკვეთი ღონისძიების გასაჩივრების შესახებ სარჩელს წარმოებაში არ იღებდეს.
"ბოლო წლების განმავლობაში უზენაეს სასამართლოში სარჩელების მიღება თითქმის ყოველთვის იბლოკება. ამიტომ ეს შენობა შეიძლება ითქვას, რომ ფუნქცია დაკარგულია", - აღნიშნა ლილი გელაშვილმა.
უზენაესმა სასამართლომ ბესელიას შვილის და ძმის სარჩელის წარმოებაში არ მიღების გადაწყვეტილება 20 ივლისს მიიღო.
ეკა ბესელიას განცხადებით, უზენაესმა სასამარათლომ თავის ფუნქცია დაკარგა, რადგან ყველა გადაწყვეტილებას მისი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის სატელეფონო ზარების მიხედვით იღებს.
"ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რომ სასამართლოებს თავის ფუნქცია დავუბრუნო, რომ ქვეყანაში უკანონო პატიმრები აღარ არსებობდნენ", - განაცხადა ბესელიამ.
დღესვე ბესელიას ოჯახს მხარდაჭერა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმა, პარლამენტარმა დიმიტრი, ლორთქოფანიძემ, ასოციაცია "კანონი ხალხისთვის" ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციამ გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ეკა ბესელიას შვილს, რატი მილორავას და ძმას, სერგო ბესელიას ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაუტოვა.
არასრულწლოვან რატი მილორავას ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა 2 000-ლარიან ჯარიმასთან ერთად შეეფარდა, ხოლო სერგო ბესელიას თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით და ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.