რესპოდენტის შესახებ
პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორის, ლაშა ნოზაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვლება, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრის მოძიება შეიძლება, რაც სამართალდარღვევა არ არის. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია, მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე ნებისმიერი ნივთი დააყადაღოს.
აღნიშნულ საკითხს საზოგადოებაში არაერთგვარი გამოხმაურება მოჰყვა. რა შემთხვევაშია შესაძლებელი მემკვიდრეს მამკვიდრებლის ვალი მოეთხოვოს; რა ხერხებს მიმართავენ სესხის ამომღები კომპანიები; აქვს თუ არა უფლება აღსრულების ბიუროს კერძო, იურიდიულ პირთან აწარმოოს შეთანხმება ამოღების ფორმებზე? - ,,ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს ადვოკატმა ბესო სილიკაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, არც ბანკებს, არც ონლაინ მსესხებლებს, არა აქვთ უფლება ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ მოვალეები.
__ ნამვდილად არის თუ არა შესაძლებელი, მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამართალმემკვიდრეს მოუწიოს ვალის გადახდა?
_ შესაძლებელია მემკვიდრეს მამკვიდრებლის ვალი მოსთხოვო, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პირობების შემთხვევაში. როცა მამკვიდრებელი გარდაიცვლება, კრედიტორს უფლება აქვს მემკვიდრეს მამკვიდრებლის ვალი მოსთხოვოს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მემკვიდრე მამკვიდრებლის ქონებას მიიღებს. ვიმეორებ, იმისათვის რომ მემკვიდრეს მამკვიდრებლის ვალი დააკისრო, რამდენიმე პირობა ერთად უნდა არსებობდეს.
__ რა პირობებია ესენი?
_ პირველი, სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადა გასული უნდა იყოს. მეორე, 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, მემკვიდრეს ქონება მიღებული უნდა ჰქონდეს. როცა აიღებენ საბუთს, რომ იმ ადამიანმა (მემკვიდრემ) მისი მოვალის ქონება მემკვიდრეობით მიიღო, შეუძლიათ სასამართლოში მივიდნენ და სესხის დაკისრება მოითხოვონ, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ იმ ქონების ფარგლებში, რა ქონებაც მან მიიღო. თავისი პირადი ქონებით მემკვიდრეს ვერავითარ შემთხვევაში პასუხს ვერ აგებინებენ.
__ იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელმა ქონება შეგნებულად არ მიიღო, რა ხდება?
_ თუ 6 თვიანი ვადა გავიდა და მამკვიდრებელმა ქონება შეგნებულად არ მიიღო, რომ გადახდას აარიდოს თავი, ასეთ შემთხვევაში, უნდა დამტკიცდეს რომ ეს ადამიანი გარდაცვლილის პირდაპირი მემკვიდრეა, შემდეგ უნდა დამტკიცდეს რომ ეს ქონება მამკვიდრებელს ეკუთვნის, მერე უნდა აიღონ საბუთი რომ მემკვიდრეობა არ მიუღია და სასამართლოს მიმართონ. ასეთ შემთხვევაში, მას სხვა გზა აღარ დარჩება, ქონება ან უნდა მიიღოს, ან უარი განაცხადოს.
__ ყველა სახის ვალზეა შესაძლებელი სამართალმემკვიდრის მოძიება?
_ იპოთეკურ, სამომხმარებლო სესხებზე, განვადებებზე შეუძლიათ სამართალმემკვიდრე მოიძიონ, მაგრამ უფლება არ აქვთ, სახლში მივიდნენ, ნივთები აღწერონ და დააყადაღონ, როგორც ამას თავად ეუბნებიან ტელეფონში მოვალეებს ან სხვა რამე სხვა ქმედება განახორციელონ.
__ დღეის მონაცემებით, რა ვადაზე ვრცელდება ხანდაზმულობის პერიოდი?
_ ზოგადად, ხანდაზმულობის პერიოდი სესხებზე 3 წლიანია. მაგალითისთვის, თუ სესხი მთლიანად 2014 წლის დეკემბერში უნდა დამეფარა, 2017 წლის დეკემბერში მას ვადა გაუვიდოდა. ხანდაზმულობის პერიოდის გასვლის შემდეგ ვალის მოთხოვნის უფლება აქვთ, მაგრამ თუ მოვალე უარს იტყვის გადახდაზე, ვერავინ დააკისრებს ამას. როცა ყოველთვიურ გადახდებზეა საუბარი, მაშინ ყოველი თვის გადახდიდან ითვლება სამი 3 წელი. კრედიტორს შეუძლია მოვალეს წერილობით, ან ტელეფონით დაუკავშირდეს, რომ მას დავალიანება აქვს და გადაახდევინოს, მაგრამ როცა ურეკავენ და ემუქრებიან, ოჯახში მოვალთ, აღვწერთ ყველაფერსო ეუბნენიან, ამის უფლება არ აქვთ. მათ არც სახლში შესვლის, არც აღწერის, არც დაყადაღების უფლება აქვთ, ეს სასამართლოს პრეროგატივაა. მოძრავ ნივთებს (ავეჯი, ტექნიკა და სხვა), რაც სახლშია, ვერ აღწერენ, ვერ დააყადაღებენ, რადგან ერთის მხრივ ამის უფლება არა აქვთ და მეორეს მხრივ სასამართლოს რომ მიმართონ უნდა მიუთითონ რა ნივთებზე ითხოვენ ყადაღის დადებას და მოვალის საკუთრების უფლებაც დაადასტურონ. ეს კი საკმაოდ რთულია, პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელია განახორციელო სასარჩელო წარმოების დაწყების ეტაპზე და ამიტომ ასეთი მოთხოვნით სასამართლოს არ მიმართავენ და მხოლოდ მუქარით, შანტაჟით და არასამართლებრივი ქმედებებით ცდილობენ სესხის ამოღებას. რაც შეეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ბიუროში წარდგენას (როცა მოვალეს სესხი დაეკისრა გადასახდელად). გარკვეული ქმედებების განხორციელების შემდეგ აღმასრულებელს უფლება აქვს აღწეროს ნივთები მოვალის საცხოვრებელ ადგილზე, მაგრამ თუ იქ სხვა მცხოვრები პირი ან/და თავად მოვალე განაცხადებენ, რომ ეს ნივთი სხვას ეკუთვნის ან შემდეგ სასამართლოში წარადგენენ სარჩელს, სერიოზული პრობლემები ექნება აღმასრულებელს იმ თვალსაზრისით, რომ საქმის სწორად წარმართვის შემთხვევაში დიდი ალბათობით ეს ნივთები გათავისუფლდება ყადაღისაგან და დაუბრუნდება მესაკუთრეს. არ გავა აუქციონზე. ასე, რომ ამაზე საუბარი მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტერორის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. ასე, რომ არ შეიძლება ასე დაბეჯითებით თქმა ასე იქნება, დაყადაღდება და მორჩა. პრობლემურებს, მითუმეტეს, ონლაინ მსესხლებლებს სასამართლოში არ აწყობთ წასვლა, რადგან ჯარიმები უსაზღვროდ დიდი თანხაა და ძალიან კარგად იციან, რომ 30 000-დან სასამართლომ შესაძლოა, 1 000 დაუტოვოს. რაც შეეხება ხანდაზმულ ვალებს. იციან, რომ მოვალის თანხმობის გარეშე ხანდაზმულ ვალს ვერ ამოიღებენ, ვერც სასამართლოს გზით. ამიტომ, როცა სესხი ხანდაზმულია, მსესხებელს ეუბნებიან, მოდი, 10 ლარი გადამიხადეო, რომ თანხა დააფიქსირებინონ, ან გადავადებას თუ განაწილვადებას სთავაზობენ, რათა დოკუმენტზე ხელი მოაწერინონ, რათა ვადის აღდგენა მოხდეს.
__ პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორი აცხადებს, რომ გაფრთხილების წერილი, შეტყობინების ტექსტიდა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რაც პრობლემური აქტივების ბიუროს მსესხებლებთან და მომხმარებლებთანაქვს, მათ შორის, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან არის შეთანხმებული.
_ სახელმწიფო დაწესებულებას, აღსრულების ბიუროს არანაირი უფლება არ აქვს, კერძო, იურიდიულ პირთან აწარმოოს შეთანხმება ამოღების ფორმებზე და რჩევები მისცეს, ეს საბუთი სამართლებრივად სწორია თუ არა. თუ მათ ბიუროსთან ის აქვთ შეთანხმებული, რომ უფლება აქვთ გადაწყვეტილების ფორმა შეადგინონ და გაუგზავნონ, ამაზე აღსრულების ბიუროს კატეგორიულად მოვთხოვ პასუხს. თქვენ არ გინახავთ, რა ფორმებს ადგენენ და უგზავნიან სესხის ამომღები კომპანიები მსესხებლებს, ეს პირდაპირ ფსიქოლოგიური ტერორია. ეს წერილი ამ ბოლო დროს დაურთეს, თორემ მხოლოდ გადაწყვეტილებებს აგზავნიდნენ. როცა კლიენტმა მსგავსი წერილი მომიტანა, მე ადვოკატი ვარ და მივხვდი, რომ სასამართლოს მიერ გამოგზავნილი არ იყო, თორემ სხვა ნებისმიერი ადამიანი ჩათვლიდა, რომ ეს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო. ყველაფერი ფსიქოლოგიურად აქვთ გათვლილი. ბანკები გაცილებით ლოიალურები არიან, ვიდრე პრობლემური მსესხებლები. მათ (პრობლემურებს და ონლაინსესხებს) ელემენტარულად, მიდგომაც კი არაადამიანური აქვთ.
ესაუბრა ეკა ლემონჯავა, „ჯი-ეიჩ-ენი“