ENG / RUS       12+

ვინ იქნება საქართველოს უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელსაც პირდაპირი და საყოველათაო წესით აირჩევენ?

სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერში (ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია), საქართველოში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იქნება სახელმწიფოს მეთაურის ბოლო არჩევნები, ჩატარებული პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით. 2023 წელს, პრეზიდენტს, უკვე საგანგებოდ ამ მიზნით შეკრებილი ასამბლეა აირჩევს.

ახლახანს მიღებული კონსტიტუციით, სახელმწიფოს მეთაურს „საპატიო ნოტარიუსის“ ფუნქციაც აღარ გააჩნია. უფრო „ხელის ჩამომრთმევის“ უფლებამოსილებაღა ექნება, ანუ ე.წ „საქორწინო გენერლისა“. ყველაზე ახლოს მაინც გერმანიის პრეზიდენტის ასევე „ცერემონიულ“ უფლებამოსილებებთანაა.

ოღონდ ეს მხოლოდ ფორმალურად. სინამდვილეში კი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმიტომ, რომ საქართველო არ არის გერმანია:

2018-ი „ქართული ოცნების“ მმართველობის უკვე მეექვსე წელია! საქართველოს  პოლიტიკას კი „ციკლურობა“ ახასიათებს: ნებისმიერი მმართველობის, სადღაც, მეშვიდე, მერვე წლის დამდეგს, მუდამ იწყება ხელისუფლებით „გადაღლა“ და  მთავრობა განუხრელად სუსტდება  სწორედ ამ „მოქანცულობის სინდრომის“ გამო, - სულაც „ოქროს მთები“ რომ აღმართოს ქვეყანაში. ხოლო დღევანდელი ხელისუფლება რომ იმ „მთათა“ მწვერვალებისგან შორსაა, - ყველასთვის ცხადია. მარტო გაზრდილი კომუნალური ხარჯები  და ლარის დევალვაციაც საკმარისია უკმაყოფილებისა და „გადაღლის  სინდრომის“ გასაძლიერებლად.

ამიტომ, საპრეზიდენტო არჩევნები „ოცნების“ მომავალი ალტერნატივის შექმნის ცდაც იქნება და ქვეყანაში „გარდატეხის“ დემონსტრირებისაც. დარწმუნებით შეიძლება ითქვას: 2020 წლის საპარლამენტო (ანუ გადამწყვეტ) არჩევნებს მოიგებს ის პარტია, რომელიც შეძლებს საკუთარი კანდიდატის „გაყვანას“ პრეზიდენტის პოსტზე - როგორი სიმბოლურიც არ უნდა იყოს ეს პოსტი!

თუ „ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს, ეს იქნება მისი ხელისუფლების გარდაუვალი დასასრულის დასაწყისი!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბუნებრივია, სწორედ მომავალი  არჩევნების პოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, ყველა სერიოზული ძალა უკვე აქტიურად ემზადება და კანდიდატებზეც მსჯელობენ. თუმცა, მომავალ კამპანიაში მხოლოდ „პარტიული ფიგურები“ როდი  მიიღებენ მონაწილეობას: საბრძოლოდ შემართულია დღევანდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც (ეს დღესვე ნათელია) ყველანაირად ეცდება „ზეპარტიული“ კანდიდატის იმიჯი შეინარჩუნოს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დათანხმდება რამდენიმე პროდასავლური პარტიისაგან (თუნდაც მარგინალური პარტიებისგან) შემდგარი კოალიციის წარმომადგენლობას.

სერიოზულ პროდასავლურ პარტიებს („ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“) თავისი კანდიდატები ეყოლებათ. მარგველაშვილის (ან ნებისმიერ სხვა საერთო) კანდიდატზე შეთანხმებას ისინი ვერასდროს  შეძლებენ. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, არც დაიშლებოდნენ; მით უმეტეს, გიორგი მარგველაშვილმა, ფაქტიურად, უარი თქვა შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ, ორივე ცალ-ცალკე წარადგენს კანდიდატს და არჩევანიც მრავალფეროვანი აქვთ. „ნაციონალებს“: ზალიკო უდუმაშვილი, ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე (პრიორიტეტების და არჩეული ტაქტიკის შესაბამისად); „ევროპულ საქართველოს“: გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერიაც კი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ზეპარტიულ“ კანდიდატ მარგველაშვილის გარდა, იქნება „ხალხოსნური“ კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. ისევე როგორც მერის არჩევნებზე, იგი შეეცდება დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, როგორც  „უბრალო ხალხის“ წარმომადგენელმა.

მართალია ქართული საზოგადოება პოლიტიკური პარტიებით და პოლიტიკოსებით გადაიღალა, მაგრამ არა იმდენად, ალეკო ელისაშვილს სერიოზული შანსი გაუჩნდეს და თუნდაც ის წარმატება გაიმეოროს, რასაც თბილისის მერის არჩევნებზე მიაღწია, როცა მეორე ადგილზე გავიდა სრულიად დამსახურებულად.

იმიტომ, რომ „თბილისის მერი“ ამომრჩეველთა მასის თვალში მაინც სხვა, უფრო „გამოყენებითი“ და „სამუშაკო“ კრიტერიუმებით ფასდება. შესაბამისად კანდიდატიც „სხვაგვარია“, ხოლო პრეზიდენტის  ტრადიციული „წარმოსახვა“ თუ „ხატი“ სულ სხვაა, რაზეც ალეკო „ვერ ქაჩავს“.

„პრორუსული ძალების“ ერთიან კანდიდატზე მხოლოდ პირობითად შეიძლება ვიმსჯელოთ, რადგან ნინო ბურჯანაძე ამ მარგინალურ წრეებშიც კი ყველას არ მოსწონს. გარდა ამისა, თუ მიღებული ხმების რაოდენობით ვიმსჯელებთ, ნინო არჩევნებიდან-არჩევნებამდე სუსტდება. და არა იმიტომ, თითქოს საქართველოში 10-15% „პრორუსული“ ამომრჩეველი არ მოიძებნება, არამედ უმთავრესად თვით ამ ქალბატონის  პოლიტიკური უღონობის გამო: იგი ვერ ახერხებს რეალური „ალტერნატიული პროექტის“ ჩამოყალიბებას, ანუ იმის თქმას, თუ რას გააკეთებს კონკრეტულად (!) და რა ნაბიჯებს გადადგამს (ვიმეორებ: კონკრეტულად და არა ზოგადად) თუ ხელისუფლებაში მოვა. „ჯერ ამირჩიეთ და მერე გეტყვითო“, ამას „პრორუსი“ ამომრჩეველიც კი აღარ „მიირთმევს“.

მოსკოვში ვიზიტების რესურსიც ამოეწურა, რადგან მაღალ დონეზე აღარ იღებენ, ხოლო რუსულ „თოლქ-შოუებში“ რეგულარული მონაწილეობა როცა გადაწყვიტა  რეიტინგისა და სოლიდურობა-დამაჯერებლობის „ასაწევად“, რუსებმა დასცინეს: ორგზის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელსა და პარლამენტის მრავალწლიან თავმჯდომარე არისტოკრატ ქალბატონს, გვერდში ვიღაც აფხაზი „ბოევიკი“ ამოუყენეს, - დონბასში რომ იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ. სწორედ მასთან მოუწია ქართულ-აფხაზურ „ძმობაზე“ ლაპარაკი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „ოცნების“ კანდიდატია, რაკი  მას სხვაზე უფრო მეტი  შანსი ექნება: „გადაქანცულობას“ იმ სტადიისთვის არ მიუღწევია, ის კოლოსალური რესურსები იოლად გადასძალოს, რომელიც მმართველ პარტიას აქვს „ორივე ბიუჯეტის“ წყალობით. ერთი მათგანი სახელმწიფო ბიუჯეტია, ხოლო მეორე, მასთან თანაზომადი - „ყველაზე წარმატებული ქართველისა“, როგორც დაუვიწყარმა „გრეჩიხამ“ უწოდა ბიძინა ივანიშვილს.

დღემდე, ამ კონტექსტში,  გიორგი კვირიკაშვილს ყველაზე ხშირად ახსენებდნენ. მაგრამ დაუვიწყარმა „კეთილებმა“ ეს ალბათობა მნიშვნელოვნად  შეამცირა! იმიტომ კი არა, თითქოს ამომრჩეველთა მასის თვალში ბევრი დაკარგა ამგვარი ემოციური „გადაცდომით“. მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია წამოძახება, ისევე, როგორც სათქმელი“.

„კეთილებით“ კვირიკაშვილმა „წამოსაძახებელი“ მისცა თავის ოპონენტებს, რომლებთანაც აუცილებლად მოუწევს უშუალო დისკუსიაში ჩაბმა; და პირადად რომც არ მონაწილეობდეს, ისინი მუდამ შეახსენებენ, ასევე მოუწოდებენ საზოგადოებას: „კეთილებმაგინებელი“ პრეზიდენტი როგორ უნდა აირჩიოთო“.

შესაბამისად, რაკი საქმე პრეზიდენტის „ხატს“ ეხება, იმ ამომრჩეველსაც კი „გაუჭირდება“, ვისთვისაც  ეს საქციელი („კეთილების ხსენება“) არანაირი პრობლემა არ იყო და თავად მის ადგილზე ასევე მოიქცეოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საუბრობდნენ კალაძეზე.......თუმცა კახი კალაძე მისი საასპარეზო იტალიის ერთი ძველის-ძველი გამონათქვამით იხელმძღვანელებს:  სჯობს იყო პირველი პროვინციაში, ვიდრე მეორე-რომში.

მით უმეტეს, რომ თბილისი „პროვინცია“ კი არა, ქვეყნის ორი მესამედია ყველა თვალსაზრისით, ხოლო დედაქალაქის მერს „ამ ადგილას“ იმაზე ბევრად მეტი საშუალება და...... „შესაძლებლობა“ აქვს, ვიდრე უცხოური დელეგაციებისთვის ხელის ჩამორთმევაა.

არის კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც „ოცნებისთვის“ ყველაზე მოხერხებული და კომფორტული შეიძლება აღმოჩნდეს: ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგიენკო! თუ დავაკვირდებით, მას უამრავი უპირატესობა აქვს სხვებთან შედარებით. პირველ რიგში იმიტომ, რომ „წამოსაძახებელს“ ვერაფერს უპოვი.......თვით „ოცნების“ წევრობის გარდა რასაკვირველია;

საბედნიეროდ, საქართველოში არაქართული გვარი „წამოსაძახებელი“ აღარაა. პირიქით, ეს ე.წ. „არაქართველობა“  უპირატესობაც კია: ოპონენტები ან შეგნებულად, ან ქვეცნობიერად, მის მიმართ შედარებით ზომიერნი იქნებიან „პოლიტკორექტულობის“ წყალობით. გარდა ამისა, თუ კვირიკაშვილს აუცილებლად წამოაძახებენ ლარის დევალვაციას, „დენისა“ და გაზის“ გაძვირებას, დავით სერგიენკოს სახელი ჯერ-ჯერობით მხოლოდ „ჯანდაცვის პროგრამას“ უკავშირდება, რომელსაც, მთლიანობაში, დადებითად აფასებს ყველა  -  თვით მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაპარტიელების ჩათვლით.

გამონაკლისი მხოლოდ „გირჩი“ და სხვა „ლიბერტარიანელები“ არიან, თუმცა მათი გავლენა უმცირესია 

რაც მთავარია, სერგიენკო ყველაზე კომფორტული პრეზიდენტი იქნება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და რეალური მმართველისთვის. საეჭვოა, ბიძინა ივანიშვილმა გაიმეოროს შეცდომა (უფრო სწორად, ამის საჭიროებაც აღარაა ამჯერად) და გიორგი მარგველაშვილის მსგავსი „მოსალოდნელი-მოულოდნელობა“ დაიმართოს თავს.

 

ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .