თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამწლიანი განხილვის შემდეგ, რომლის ქრონოლოგიურ ჩარჩოებს ვერაფერი შეზღუდავდა (რაკი განსასჯელი დაპატიმრებული არ ყოფილა), პოლიტიკურად „ზუსტად“ შერჩეულ დროს, ბოლოს და ბოლოს გამოუტანა პირველი განაჩენი ექსპრეზიდენტ სააკაშვილს: 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამის შემდეგ კიდევ 1 წლითა და 5 თვით სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
ეს ბოლო „სანქცია“ განსაკუთრებით კომიკურია, იურიდიულად სრულიად ბუნებრივიც რომ იყოს: გეგონება, მიხეილ სააკაშვილს, გორის რომელიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოსტის დაკავებაზე ექნება ოდესმე პრეტენზია.
ხოლო თუ მიშა პრემიერ-მინისტრობას დააპირებს, ამას ისეთ გარემო-პირობებში დააპირებს და მოინდომებს, როცა არც ეს მოსამართლე და არც მისი განაჩენი აღარავის ეხსომება- ქვეყანაში განხორციელებული მორიგი რევოლუციის შედეგად.
აქვე შეგახსენებთ, რომ „პირველი განაჩენი“ არ დამდგარა „პირველ სისხლის სამართლის“ საქმეზე. ანუ, იმ საქმეზე, რაც პირველად აღიძრა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ 2015 წელს. პირველი ბრალდება იყო 7 ნოემბრის მიტინგის უსასტიკესი დარბევა და შემდეგ „TV-იმედში“ შევარდნა, ტელევიზიის აოხრება, მოგვიანებით კი ექსპროპრიაცია.
მაგრამ ხელისუფლებამ (პროკურატურამ) გადაწყვიტა, სწორედ „გირგვლიანის“ საქმეზე გამოტანილიყო პირველი განაჩენი და არა სხვა საქმეებზე. თუ რატომ, უკვე ბევრჯერ ითქვა. თავის მხრივ, ოპოზიცია (ძალიან კვალიფიციურ ადვოკატთა კორპუსი) ასეთივე გაფაციცებით ცდილობდა პირველი განაჩენი ე.წ. „პიჯაკების“ საქმეზე დამდგარიყო; თუმცა ამ „შერჩევაში“ პრიორიტეტი მაინც პროკურატურას ერგო იმიტომ, რომ ქართულ სასამართლოს, დაბადებითგან-დღემდე, მუდამ გამახვილებული აქვს „ყნოსვა“ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და „ეგეთები“ არ ეშლება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ორივე მხარე ცდილობდა, საზოგადოებაში მისთვის ხელსაყრელი „მემ-ტერმინის“ დამკვიდრებას, რომელიც შესაბამისი საზრისისა და „მესიჯის“ მატარებელი გახდებოდა: პროკურატურისთვის (მაშასადამე ხელისუფლებისთვის) ეს იყო „გირგვლიანის საქმე“, ხოლო ოპოზიციისთვის (შესაბამისად, ადვოკატებისთვის) „შეწყალების საქმე“.
არადა, ორივე მხარე ცრუპენტელობს და აი რატომ:
დავიწყოთ ოსტატურად „გაფიარებული“ თეზისით, რომ პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს..... „ედავება პრეზიდენტის ეჭვმიუტანელი პრეროგატივის გამოყენებას, რომლითაც, სახელმწიფოს მეთაურს აქვს უფლება შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული“.
დიახ, პრეზიდენტს ნამდვილად აქვს ასეთი პრეროგატივა კონსტიტუციით. საქართველოშიც და ყველა სხვა ქვეყანაშიც. ეს პრეროგატივა აბსოლუტურად არ არის არსად არაფრით შეზღუდული. მაგრამ პროკურატურა სააკაშვილს ამ პრეროგატივის გამოყენებას კი არ ედავებოდა, არამედ იმას, რომ იგი (ვითომდაც) წინასწარ დაპირდა „გირგვლიანის საქმეზე“ განსასჯელებს შეწყალებას, თუ ისინი სასამართლო პროცესზე არ დაასახელებდნენ ანუ არ „დაადებდნენ ხელს“ მათზე უფრო მაღალი თანამდებობის პირებს, როგორც ახალგაზრდა კაცის ცემის დამკვეთებს.
არანაირი დანაშაული არ არის, თუ პრეზიდენტი იწყალებს მსჯავრდებულს და სახელმწიფოს მეთაური საერთოდ არაა ვალდებული, ვინმეს რაიმე აუხსნას ამ შემთხვევაში. მაგალითად, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა სრული იურიდიული უფლება, შეეწყალებინა საკუთარი ოჯახის წევრი (ცოლის ძმა) „შეწყალების კომისიის“ გვერდის ავლით. და ამის გამო მას ვერავინ წაუყენებს დასაბუთებულ ბრალს; თუმცა ასეთი ალბათობა რომ მთლად გამორიცხულიც არაა ჩვენს პირობებში...... ზუსტად ამით აიხსნება მოქმედი პრეზიდენტის მშვენიერ „სფოუქსვუმენთა“ ბოლოდროინდელი გაცხარება და მათი განცხადებები პრეზიდენტის „ეჭვმიუტანელ პრეროგატივაზე“.
მაგრამ, ისევ და ისევ, პრეზიდენტ სააკაშვილს პროკურატურა ამას არ ედავებოდა: „ბრალის“ არსი ის იყო, რომ ჯერ კიდევ სასამართლო პროცესის დაწყებამდე, სააკაშვილი (თითქოსდა) წინასწარ დაპირდა განსასჯელებს სასჯელის შემსუბუქებას, ან შეწყალებას, ან პრივილეგიებს, ან კომპენსაციას ან ნებისმიერ სხვა სიკეთეს (არა აქვს მნიშვნელობა) „დუმილის“ სანაცვლოდ!
თუ (!) ეს ნამდვილად ასე იყო, 1000%-ით დანაშაული იქნებოდა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და „პრეზიდენტის პრეროგატივა“ აქ საერთოდ არაფერ შუაშია.
მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომელიმე განსასჯელს წინასწარ რომ დაპირდეს სასამართლოს შემდეგ შეწყალებას, პროცესზე ამა თუ იმ პოზიციის სანაცვლოდ, ამერიკული მართლმსაჯულება ამას შეაფასებდა ანგლოსაქსურ სამართლის ცნობილი სისხლისსამართლებრივი მაქსიმით „მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა“, რაც თავის მხრივ მომდინარეობს მრისხანე ლათინური პრინციპიდან Pereat mundus et fiat justicia! თავისუფალი თარგმნით: „ქვეყანა რომ დაიქცეს, მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს!!!“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ, პროკურატურის პრობლემა სწორედ ისაა, რომ მან ვერანაირად ვერ დაამტკიცა, ვერ დაასაბუთა დანაშაულს ფაქტი. ანუ ვერ დაასაბუთა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მართლაც წინასწარ დაპირდა (თუნდაც არა უშუალოდ, არამედ დათა ახალაიას პირით) განსასჯელებს შეწყალებას „დუმილის“ სანაცვლოდ.
საქმეში ამის არანაირი მტიკიცებულება, რეალურად, არ არსებობს: ბურჯანაძის, ოქრუაშვილის, ნოღაიდელის ჩვენებები, რომელთაც (თან) პირადად არაფერი მოუსმენიათ და მხოლოდ „გადმოცემით იციან“, რასაკვირველია მტკიცებულება არ არის და ვერც იქნება: არა მხოლოდ ანგლოსაქსური, არამედ ევროპული „კონტინენტური სამართალიც“ ძალიან დიდი ეჭვით უყურებს ე.წ. „ნეგატიურად მოტივირებულ“ ანუ, ჩვენებურად თუ ვიტყვით „დაბოღმილ და განაწყენებულ პირთა“ ჩვენებებს, რა თანამდებობებიც ან პოზიციებიც არ უნდა ჰქონოდათ წარსულში.
თქვენ წარმოიდგინეთ (არ გაგიკვირდეთ) სრულ სიმართლესაც რომ ამბობდნენ, მაინც „სუსტ მტკიცებულებად“ ითვლება მათი ჩვენება ევროპული სამართლებრივი ტრადიციით.
გაუგებარია, რატომ „მოუყვებოდა“ მიშა თავის გეგმებზე იმავე ბურჯანაძეს, ვისაც, სინამდვილეში, ჭირის დღესავით ვერ იტანდა (მით უმეტეს არ ენდობოდა), რამდენი Love story-ც არ უნდა დაეკრა მისთვის ფორტეპიანოზე.
ნოღაიდელზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, ხოლო ოქრუაშვილს, მიშას დავალებით, მაშინ უკვე „უსმენდა“ ვანო. ანუ აღარც მას ენდობოდა და ასეთ საქმეზე გულს რატომ გაუხსნიდა გაუგებარია. არც ამბობენ „გული გაგვიხსნაო“- სხვისგან მოვისმინეთ და „ყური მოვკარითო“.
თვით დათა ახალაიამაც უარყო, არ „დაადო ხელი“ პრეზიდენტს; ხოლო გაქცეული რომაა, ეს იმავე სტრასბურგის სასამართლოსთვის გადამწყვეტი არგუმენტი, ამ შემთხვევაში ვერ იქნება. ფაქტია, უარყო და მორჩა.
რასაკვირველია, სააკაშვილიც უარყოფს და უკვე ლამის კომიკურად გვიმტკიცებს აშკარა აბსურდს: „170 ჯარისკაცი შევიწყალე, რათა ჩვენი ჰეროიკული არმიისთვის პატივი მიმეგო, თორემ ამათი გამოშვება სულაც არ ყოფილა ჩემი მიზანიო“.
რბილად თუ ვიტყვით „ნამდვილად არ იყო ასე“. თუმცა „ნამდვილად არ იყო ასე“ და „აბა სხვანაირად როგორ იქნებოდა“ იურისპრუდენციაში არგუმენტი არ არის! უნდა დაუმტკიცო. თუ ვერ დაუმტკიცებ, უდანაშაულოა. მორჩა, წერტილი!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბუნებრივია, ორივე მხარე სტრასბურგის სასამართლოზე „მუშაობდა“: პროკურატურა იმიტომ, რომ სტრასბურგმა უკვე „დადო“ (2011 წელს) იმდროინდელი ხელისუფლებისთვის მართლა გამანადგურებელი დასკვნა, სადაც ნამდვილად არის „მოუგერიებადი“ თეზისი: „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებულობით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“
ოღონდ ბრალდება ცდება თუ ჰგონია, იმდროინდელი (2011 წლის) „გაოგნება“ სტრასბურგის სასამართლოს ხელს შეუშლის, „დაუსაბუთებლად“ მიიჩნიოს კონკრეტული ბრალდება ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ.
ბრალდებას უნდა დაემტკიცებინა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი წინასწარ დაპირდა (!) შეწყალებას განსასჯელებს, მაგრამ მან ეს ვერ დაამტკიცა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, სანამ საქმე სტრასბურგამდე მივა, მან ჯერ სააპელაციო, აგრეთვე უზენაესი სასამართლოები უნდა გაიაროს საქართველოში, რასაც დიდი დრო დასჭირდება და, ამასობაში, სხვა განაჩენებიც „წამოეწევა“.
ერთგვარი პარადოქსია: „გირგვლიანის საქმე“ ყველაზე „სუსტია“ იურიდიული თვალსაზრისით, სამაგიეროდ ყველაზე ძლიერი და ოპოზიციისთვის „ძნელად მოსაგერიებელი“ საზოგადოებრივი აღქმის მხრივ! ბოლოს და ბოლოს ის ახალგაზრდა კაცი ნამდვილად მკვდარია და ნამდვილად იმიტომ მოკვდა, რომ იგი გარეწარმა მაღალჩინოსანმა პოლიციელებმა გაიტაცეს პირადი შეურაცხყოფისთვის შურისძიების მიზნით: რაკი თვითონ არაკორუმპირებულები იყვნენ, მიაჩნდათ, რომ შევარდნაძის კორუმპირებული პოლიციელებისგან განსხვავებით, ეს უმწიკვლობა იმის მორალურ უფლებას აძლევდათ, ძალაუფლება პირადი ღირსების დასაცავად (მაინც) გამოეყენებინათ!
ქართული საზოგადოება ამგვარ „ლოგიკას“ ნამდვილად არ მიიღებს.
პარადოქსი კი აქ ისაა, რომ იურიდიულად ყველაზე ძლიერი, აბსოლუტურად „წყალგაუვალი“ და ეჭვმიუტანელი ზუსტად ის სისხლის სამართლის ქეისია, რისი „გაშარჟება-გაბითურება-გაფიარება“ ოპოზიციას ყველაზე იოლად შეუძლია.
ეს გახლავთ ე.წ. „პიჯაკების საქმე“!
სწორედ ამ საქმეს ექნება ყველაზე მეტი პერსპექტივა (პროკურატურისთვის) იმავე სტრასბურგში, რადგან ევროპული სამართალი ვერანაირად, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიღებს, ვერ გაიზიარებს (ქართულმა საზოგადოებამ სრულადაც რომ გაიზიარის) ასეთი არგუმენტს: „რა მოხდა მერე, თუ პრეზიდენტმა საკუთარი ოჯახის წევრს ამერიკის უძვირეს უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსა, სამაგიეროდ, მილიარდობით ქრთამი ხომ არ აუღია პრეზიდენტობის დროსო?!“.
ეს არგუმენტი საქართველოში „გადის“ და „ჭრის“, თორემ სტრასბურგში ვერ „გავა“ და ვერ „გაჭრის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება სასამართლო სისტემას და მის „ყურმოჭრილობას“, ერთმა პუბლიცისტმა ქართულ სასამართლოს მართებულად უწოდა „მონობაში დაბადებული და მონობაში სიკვდილისთვის განწირული“.
ეს მოსამართლე, მსგავსად „და-ძმათა მისთა“, ზუსტად ასევე „მართავდა ცხვირს“ სახელისუფლებო კონიუნქტურის მიმართულებით, სააკაშვილის დროს; ასევე „ატრიალებს“ დღესაც და ასეთივე „ფაქიზი“ იქნება თუ სააკაშვილი დაბრუნდა ხელისუფლებაში.
ეს არის ყველაზე რთული და აბსოლუტურად გადაუწყვეტადი პრობლემა საქართველოში, რაკი არავითარი „ხელშეუხებლობის გარანტიები“, არავითარი „სამუდამოდ დანიშვნა“, ამას არ შველის და ვერც უშველის, სანამ მეფობს ჩვეული, ქართული, საზოგადოებრივი (!), ფუძისეული, ტრადიციული, ათწლეულთა მადლით „განსხივოსნებული“, მამა-პაპური კონფორმიზმი და „აუტკივარი თავის არატკივების“ მარადი წყურვილი.
ნებისმიერმა ქართველმა მოსამართლემ ხომ ზუსტად იცის: ხელისუფლება მას კი ვერაფერს უზამს, რაკი სამუდამოდაა დანიშნული და ხელშეუხებელია, ოღონდ მის ბიზნესმენ ქმარს (ცოლს, ძმას, შვილს, მამას, დეიდაშვილს, მამიდაშვილს, ქვისლს, მულს, სიდედრს, სიმამრს და ა.შ) კი მუდამ შეუძლია მიუგზავნოს „საგადასახადო“, თუ ეს მოსამართლე მაინც გადაწყვეტს...... „აუტკივარი თავი აიტკივოს“.
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“