პანკისის ხეობის „უხუცესთა საბჭომ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოთქმულია აღშფოთება 18 თუ 19 წლის ახალგაზრდის დაჭრის გამო, შეიცავს ფარულ მუქარ(ებს) საქართველოს ხელისუფლების და არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი (მით უმეტეს დაგმობილი) იმ საშინელებაზე, რაც 21-22 ნოემბერს დატრიალდა თბილისის მშვიდობიან, ღარიბ-ღატაკ რაიონში, სადაც ადამიანებს ტრადიციულად უჭირთ, თავიანთ „ობივატელურ“ ლუკმა-პურზე ფიქრობენ, მაგრამ ათეულობით წელია, ომისა და უბედურების შიში მაინც აღარ აქვთ.....და არც იმაზეა „ორიოდე სიტყვა“ (მაინც) ნათქვამი, რომ იმ ნაძირლობასა და არამზადობას, რაც ისნის რაიონში, „ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე“ მოხდა, სიცოცხლით სავსე ადამიანი - ოჯახის მამა შეეწირა.
„ქალები და ბავშვები შეშინდნენო“..... თუმცა მხოლოდ პანკისელი „ქალები და ბავშვები“ იგულისხმება და არა „გაბრიელ სალოსზე“ მცხოვრები ასეთივე „ქალები და ბავშვები“
განცხადებაში დიდი „ბუნდოვანებაა“ იმის გამო, რომ...... ხელისუფლება..... კი, ისე...... „ვალდებულია დაამყაროს წესრიგი.......“ რაც თავისთავად ძალიან ნიშანდობლივი ნარატივია როგორც პოლიტიკური, ასევე წმინდად მენტალური თვალსაზრისით, რაკი უეჭველად გულისხმობს, რომ თუკი ხელისუფლებამ „წესრიგი ვერ დაამყარა“, ესე იგი ჩატაევმა თურქეთ-საქართველოს საზღვარი თურქი (!) და ქართველი მესაზღვრეების უნიათობით ან რაიმე უარესის წყალობით მაინც გადმოკვეთა, მერე თბილისში ბინა იქირავა, იქ იარაღის საწყობი მოაწყო, ეს რასაკვირველია ხელისუფლების ბრალია, მაგრამ მას არა აქვს უფლება „დაარღვიოს“, რადგან ის ხელისუფლებაა!
დავაკვირდეთ ,კარგად ცნობილი ნარატივია: „მე კი მაქვს უფლება დავარღვიო, მაგრამ თუ მოვახერხე, შენ არა გაქვს უფლება ჩემს მიმართ „დაარღვიო“, იმიტომ, რომ მე „ის“ ვარ, შენ კი სახელმწიფო ხარ და ხელისუფლება!“
გასაგებია. ალბათ ყველგან და ყოველთვის ასეა. იყო და იქნება კიდეც. ამას ვერ გავექცევით, თუმცა „შეფასება“ (მაინც) მუდამ შეგვიძლია. იმედია ყველგანმსუფევ „პოლიტკორექტორთა“ მეშვეობით ამას მაინც ვერ აგვიკრძალავენ ჯერ-ჯერობით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მართლა მოხდა თუ არა „დარღვევა“ სპეც-ოპერაციის ჩატარებისას, ვერანაირი გამოძიებით ვეღარ დადგინდება. იმიტომ, რომ 18 თუ 19 წლის „თიმერლანის“ ახლობლები ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად იტყვიან, რომ მას, რასაკვირველია, არანაირი ხელყუმბარა არ ჰქონია, ხოლო „სპეცდანელს“, მინიმუმ მობილური ტელეფონის გამო შეშინდა, მაქსიმუმ კი რელიგიური ზიზღი ამოძრავებდა (ვითომ). ამ „ნამიოკმაც“ გაიჟღერა უკვე პანკისის „ოფიციალური პირების“ თუ უფლებამოსილი „სფოუქსპერსონების“ განცხადებებში.
ისევე, როგორც რამზან კადიროვის (ანუ პუტინის!) გვარმა და მისდამი „მიმართვის“ შესაძლებლობამ.
„თავში გასროლა“ ამ თემის საკვანძო საკითხია მართლაც და კვლავ ადასტურებს: ქვეყნისა და სახელმწიფოს მთავარი პრობლემა პროფესიონალიზმია! იმიტომ, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში პროფესიონალებს აუცილებლად ასწავლიან წლების განმავლობაში: თუ მოკვლას არ აპირებ, თავში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესროლო, რაკი სხეულის ზოგი სხვა ნაწილი არანაკლებ პარალიზებადი, თუმცა შედარებით ნაკლებ ლეტალურია.
ოღონდ არც ერთ ქვეყანაში (ისრაელიდან, საფრანგეთის გავლით - ამერიკამდე), არც ერთი სპეცსამსახური, არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს, რომ „სპეცდანელს“ მობილური-ხელყუმბარად მოეჩვენა. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია ნამდვილად ასეც რომ იყოს. და ამის დამტკიცებაც შეუძლებელია.
სამწუხაროდ, ზოგიერთი ცნობით, თიმირლან მაჩალიკაშვილი უკვე „გადადებულია“ და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან არა მხოლოდ ჰუმანური, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებით არ თიშავენ დღემდე.
გარდაუვალი „დასასრული“ კი, სიტუაციას, კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს შესძენს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მით უმეტეს აუცილებელია გავიაზროთ, რა ფენომენთან გვაქვს საქმე. ამისთვის, კიდევ ერთხელ გადავხედოთ „უხუცესთა საბჭოს“ საკმაოდ თავხედურ განცხადებას და გავიხსენოთ, რომ „მამა გაბრიელის ქუჩაზე“ ოპერაციის დასრულებისთანავე მუდამ არაპოლიტკორექტული „საღი აზრი“ გვკარნახობდა: ყველა მოარულ კითხვაზე პასუხი სწორედ პანკისის ხეობაშია საძიებელი!
დიახაც, თავიდანვე მზესავით ნათელი იყო, რომ სწორედ პანკისელები დაეხმარენ პირსისხლიან ჩატაევსა და მის ბანდას, ჩამოსულიყვნენ საქართველოში, სწორედ პანკისელებმა უქირავეს ბინა, სწორედ პანკისელებმა მოამარაგეს იარაღის არსენალით იმ სამალავებდან, რომლებიც იქ ჯერ კიდევ რუსლან გილაევისა და „მეორე ჩეჩნეთის ომის“ ეპოქიდან დარჩა.
აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ მაშინ, - იმ უკვე „შორეულ ეპოქაში“, - სწორედ პანკისელები დათარეშობდნენ თბილისში, დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრიდან (!) იტაცებდნენ უცხოელ ბიზნესმენებს, მიჰყავდათ პანკისში, აგდებდნენ დილეგში, ითხოვდნენ გადასახადს და ა.შ.
დიპლომატიურ კულუარებში იციან: ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამოა, რომ, მაგალითად, ესპანეთის სახელმწიფოს, დღემდე (16 წლის შემდეგაც კი), საქართველოსკენ „გამოხედვაც“ არ უნდა!
ეს თითქოს სხვა თემაა, მაგრამ სინამდვილეში არ არის „სხვა თემა“, რადგან ყველა განცხადებას, კომენტარს, შეფასებას, განსჯას, ანალიზს, კვლავ და კვლავ წითელ ზოლად გასდევს ეს ბრიყვულად „პოლიტკორექტული“........ „იმათ შესაძლოა არც სცოდნოდათ, რომ მათი შვილი, ძმა, ქმარი, მეზობელი არა თურქეთში, არამედ ISIS-ში წავიდა საომრად...... რომ ჩატაევს ეხმარებოდა....... რომ ბინა სწორედ მას მიაქირავა...... რომ იარაღით მოამარაგა...... და ა.შ“
არ დაიჯეროთ, ეს არის ტყუილი.
თუმცა პოლიტკორექტული, მაგრამ უსინდისო და თავხედური ტყუილი!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკელმა სოციოლოგებმა, რომლებმაც, ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, ნიუ-იორკის ჰარლემის პოპულაციას არაკორექტული, თუმცა ძალიან ზუსტი სახელდება მოუძებნეს ტერმინ „ბანდმოსახლეობის“ სახით, დიდი ხნის წინ დაამტკიცეს: ამგვარ „მიკროსოციუმში“ (როგორიც, ვთქვათ, პანკისის ხეობაა), სინამდვილეში „ვინც ჯერ არს“ ყველამ ყოველთვის ყველაფერი იცის!
ხაზს ვუსვამ: „ყველაში“ იგულისხმება სწორედ „ვინც ჯერ არს“ და არა მართლა „ყველა“.
ზემოთხსენებული „მედიდურად ულტიმატუმური“ განცხადების ავტორებმა რომ ნამდვილად ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ არც ერთი წუთით!
ანუ, შესანიშნავად იცოდნენ ვინ შედიოდა „ნულოვანი“ წლების დასაწყისში გილაევის რაზმში, ვინ სად ჩაფლა იარაღის არსენალი, ვინ მოიტაცა ინგლისელი ბიზნესმენი პეკინის ქუჩიდან, ვინ როგორ გაიტაცა კუს ტბიდან პეტრე ცისკარიშვილი საცოლესთან ერთად, ვინ აპირებდა 2012 წელს დაღესტანში „შევარდნას“, ვინ წავიდა „დიადი ხალიფატის“ დროშის ქვეშ საომრად, ვინ ეხმარებოდა ჩატაევს და ა.შ.
ყველაფერი იცოდნენ და იციან! ახლა კი მთავარ პრეტენზიად აქვთ: „......დედამისს რატომ არ უთხრეს ჩურჩულით, „შენი შვილი ნაზად გააღვიძე, საზარელი ტერაქტის მომზადებაში ედება ბრალი და უნდა დავაკავოთო“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყევლაზე საშიში აქ მაინც ისაა, რომ ხსენებულ.... „მოსახლეობას“ არა მხოლოდ არაფერი აქვს საერთო საქართველოს საზოგადოებასთან არც ერთი ღირებულებითი თუ ფასეულობითი თვალსაზრისით (ანუ სხვა „განზომილებაში“ ცხოვრობენ და ეს ღირებულებები მათთვის „ჩინურზე“ შორეულია) არამედ 2013 წლიდან ჩეჩნურ ნაციონალიზმზე ბევრად მძიმე „საზრისიც“ იპოვეს საკუთარი პასიონარობის „გადმოსახეთქად“.
ამ მხრივ „თავდაცვის მინისტრ“ თარხან ბათირაშვილს, ასევე „დიად ხალიფატში“ მასთან ერთად წასულ კიდევ ათეულობით ჯეელს და 18 თუ 19 წლის „ბავშვს“ ეს პასიონარობა (მათ შორის „კუნთ-ძალა“) ერთნაირად „აწვებოდათ“ და უბრალოდ არ იცოდნენ „რა ეყოთ“ ან სად გამოეყენებინათ. ისლამური ფანატიზმი და „დიადი ხალიფატის“ იდეა, ამ მხრივ, ბევრად რელევანტური აღმოჩნდა, ვიდრე ჩეჩნური ნაციონალიზმი, რომელიც დუდაევისა და გილაევის ეპოქას ედო სარჩულად. მეორე ბევრად ნაკლებ საშიშია ვიდრე პირველი!
აქედან გამომდინარე, ნურც ის გაგვიკვირდება, რომ „დიადი ხალიფატის“ დაცემის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე „მცირე ხალიფატის“ შექმნას ცდილობენ და თუ ხელს შეუშლი, ან შეეცდები მაინც ხელი შეუშალო..... ექს-თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის გამაოგნებელ ფრაზასაც დაიმოწმებენ: „ის, რომ ტერორისტები შემოვიდნენ საქართველოში, არ ნიშნავს, რომ ტერორიზმი შემოვიდა საქართველოშიო“.
ბოლოს ალბათ იმასაც ღიად ეტყვიან „სასარგებლო იდიოტად“ ქცეულ ზოგიერთ ჟურნალისტს, რომ რაკი თბილისში არსებულ საელჩოთა აფეთქების გეგმა სრული „მოდელირებული ქრონიკაა“, ხელიც არ უნდა გვეხლო - აკი საქართველოს არაფერს ერჩოდნენ და.......თურმე საერთოდ რა საქართველოს საქმეა „მცირე ხალიფატიდან“ თურქეთში, რუსეთში, საფრანგეთში ან ამერიკაში რა დაიგეგმება ან რა განხორციელდება?!
მთელი ამ ძალიან საშიში საზიზღრობის „წამალი“ არის ერთადერთი: ქართველმა პოლიტიკანებმა, ჟურნალისტებმა და ე.წ. „ექსპერტებმა“, ბოლოს და ბოლოს, „ტვინი დაატანონ“ რას ამბობენ ან ვის რას „უპრავებენ“ საკუთარი უპასუხისმგებლო „ტუტრუცუნობით“; ხელისუფლებამ კი შეიმუშავოს მკაცრ, თანაც აუცილებლად გრძელვადიან გადაწყვეტილებათა, მათ შორის რესტრიქციათა, სოციო-ეკონომიკურ ქმედებათა ალგორითმი, რომელიც ხსენებულ..... „მოსახლეობას“, ბოლოს და ბოლოს აგრძნობინებს: შეუძლებელია ცხოვრობდე საქართველოში, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობასთან, სამოქალაქო ღირებულებებთან და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან ისეთივე „კორელაცია“ გქონდეს, როგორც მთვარესთან ან მარსთან.
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“