ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა დაამტკიცა სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს წინადადება, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის მძლავრი თავდაცვითი იარაღის - ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს Javelin-ის მიყიდვის თაობაზე.
თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, პრინციპული შეთანხმება ამერიკის თავდაცვით უწყებასთან ამ იარაღის შეძენის თაობაზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტით თარიღდება, თუმცა მაშინ მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე ეს ინფორმაცია გაესაიდუმლოებინათ.
მიზეზი გასაგებია: პენტაგონი ვერ იკისრებდა პასუხისმგებლობას პოლიტიკურ რისკებზე მანამ, სანამ ამ რისკებს საგარეო პოლიტიკური უწყება (სახდეპარტამენტი) არ გამორიცხავდა ან მათ დასაშვებად არ მიიჩნევდა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე; ხოლო შემდეგ კონგრესი მიიღებდა სტრატეგიულ (გადაუჭარბებლად ისტორიულ!) გადაწყვეტილებას.
ანუ, ამერიკაში მიღებული პოლიტიკური ტრადიციით, თავდაცვის სამინისტროს სჭირდებოდა სხვა უწყებათა „ვიზა“ და ეს ვიზა მიღებულია: კონგრესმა მიიჩნია, რომ საქართველო ნამდვილად არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი (ჯერ არა სტრატეგიული მოკავშირე, მაგრამ პარტნიორი) კავკასია- შავი ზღვის რეგიონში.
ამერიკასთან ორმხრივ ურთიერთობებში ეს დაახლოებით იგივეა, რაც NATO-ს „საგზაო რუქის“ ანუ MAP-ის მიღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პერსპექტივით: ისევე, როგორც MAP ითვლება „ბილეთად ერთი მიმართულებით“ ალიანსის წევრობისკენ („One way tiket“), ასევე, ამერიკული ლეტალური იარაღის მიყიდვა ნებისმიერი ქვეყნისთვის არის „ბოლო საფეხური“ სტრატეგიული მოკავშირეობისკენ. როგორიც, ვთქვათ ისრაელი ან ყატარია ვაშინგტონისთვის. და არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, თავდაცვითია ეს იარაღი თუ „შემტევი“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„მოკავშირეობა“ შესაძლოა მაინც არ შედგეს ისევე, როგორც MAP მხოლოდ კანდიდატობაა, რაც ათწლეულობით შეიძლება გაგრძელდეს. მაგრამ Javelin ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იმიტომ, რომ Javelin მაღალტექნოლოგიური იარაღია.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, გააჩნია რას მოგყიდიან: ერთია, როცა ვიეტნამის ომში ნახმარ, დანჯღრეულ ვერტმფრენ „იროკოზებს“ გაწვდიან ჯართში ჩაბარების ნაცვლად (როგორც 2000-იან წლების დასაწყისში, შევარდნაძის დროს) და სულ სხვაა Javelin. რუსებმაც შეიძლება გაყიდონ მოძველებული Т-72 ტანკი ან ბომბდამშენი СУ-27, მაგრამ ზეახალ С-300 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, „ისკანდერის“ რაკეტებს ან Т-50 „მეოთხე++“ თაობის საბრძოლო თვითმფრინავს მხოლოდ იმ სახელმწიფოებს მიჰყიდიან, რომლებსაც სტრატეგიულ პარტნიორებად ან სტრატეგიულ მოკავშირეებად თვლიან.
Javelin, საყოველთაო აღიარებით, მსოფლიოში ამჟამად საუკეთესო თავდაცვითი ანტისატანკო სისტემაა და შეუდარებლად აღემატება ისეთ რუსულ „შირპოტრებს“, როგორიცაა მაგალითად РПГ-7, რომელიც „კალაშნიკოვთან“ ერთად მსოფლიოში „ყველა ძაღლსა და მამაძაღლს“ აქვს ხელთ: ჩრდილოკორეელი „ჩუჩხეებიდან“ - ხალიფატის მებრძოლებამდე და სამხრეთ ამერიკელ ტროცკისტებამდე.
Javelin კრეატიული, კომპიუტერიზებული, ე.წ. „ჭკვიანი“ იარაღია, რომელიც მოქმედებს „თვითდამიზნების“ ტექნოლოგიით, ანუ საკმარისია გაუშვა და ის ზემოდან მოექცევა ტანკს, ესე იგი დაარტყამს არა „დინგში“ სადაც ტანკის ფოლადი ყველაზე გამძლეა, არამედ ზემოდან, სადაც ყველაზე სუსტია და შეუძლებელია სუსტი არ იყოს - წმინდა ტექნიკური და „გამოყენებითი“ მიზეზებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სულ დაგეგმილია 72 დანადგარისა და 410 რაკეტის გადმოცემა, რაც ნამდვილად არ არის ცოტა იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწავლებებზე დაიხარჯება.
ბუნებრივია, Javelin ვერ შეცვლის ძალთა რეალურ ბალანსს საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთს გამანადგურებელი უპირატესობა აქვს საჰაერო და საარტილერიო ძალთა გათვალისწინებით. ანუ, ტანკების გამოყენება სულაც არ ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის დასანგრევად: საარტილერიო სისტემებით იოლად „სწვდება“ ზუგდიდს, ფოთს, სენაკს, გორს და თბილისს. საარტილერიო ჭურვებისგან თავდაცვის სისტემები კი ამერიკელებსაც არ მოუგონიათ ჯერ.
მიუხედავად ამისა, მაღალტექნოლოგიური ამერიკული იარაღის გადმოცემით, ამერიკა ქმნის პოლიტიკურ გარანტიებს და უგზავნის მოსკოვს შემდეგ „მესიჯს“: ეს პატარა ქვეყანა უკვე არა მხოლოდ თქვენ, არამედ ჩვენც გვაინტერესებს და არსებული „სტატუს-ქვოს“ დარღვევას ასე იოლად აღარ დაგანებებთ“
„პოლიტიკის“ და „დიპლომატიის“ ენაზე აქ საუბარია არა „დაკარგული მიწების ძალით დაბრუნებაზე“, არამედ დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე, რაც სულაც არ არის ცოტა ჩვენს პირობებში, როცა რუსეთს და მის ლიდერშიპს, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, უჩნდება ცდუნება, კიდევ ერთი „პატარა ძლევამოსილი ომით“ განამტკიცოს პუტინის ავტორიტეტი და აამაღლოს მისი რეიტინგი.
ბუნებრივია, ეს (ჩვენთვის) სასიკეთო გადაწყვეტილებები არ იქნებოდა, რომ არა თვით რუსეთისა და პუტინის სალდაფონური მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ: ყირიმის ანექსია, დონბასში შეჭრა...... სწორედ ამის შემდეგ და შედეგად, 2015 წელს საფრანგეთმაც მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის უახლესი ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიყიდვის თაობაზე.
არადა, მანამდე, ანუ 2008 წლიდან - 2014 წლამდე, ევრო-ამერიკელი დიპლომატები, მოსკოვის მოთხოვნით, ლამის ყოველ დოლარზე ხელწერილს ადებინებდნენ საქართველოს ხელისუფლებას: „ჩვენს ფინანსურ დახმარებას იარაღის შესაძენად და ახალი ომის გასაჩაღებლად არ გამოიყენებთო“.
იარაღის გადმოცემაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მიუხედავად ზემოთთქმულისა, კონგრესის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის საბოლოო და სერიოზულ გეოპოლიტიკურ, ასევე უსაფრთხოების რისკებსაც უკავშირდება: ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა მოკავშირეები, რომლებიც ამერიკისგან სხვადასხვა დახმარებას (მათ შორის, რასაკვირველია, სამხედრო ხასიათის დახმარებას) იღებენ, აუცილებლად მხარი დაუჭირონ და ხმა მისცენ ამერიკის პროექტს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ.
„ვინც ამერიკის წინააღმდეგ მისცემს ხმას გაეროში, ვეღარ მიიღებს ამერიკულ დახმარებას“- პირდაპირ თქვა ჯერ თვით პრეზიდენტმა ტრამპმა, შემდეგ მისმა წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოში, ქალბატონმა ჰეილიმ, ფაქტიურად ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველო, პრემიერ კვირიკაშვილის ამასწინანდელი განცხადების საწინააღმდეგოდ, არათუ თავს შეიკავებს, არამედ პირდაპირ მხარს არ დაუჭერს ამერიკის პოზიციას იერუსალიმის საკითხში, ვერ მივიღებთ ვერანაირ დახმარებას ამერიკისგან. მათ შორის, ვერც Javelin-ებს.
არადა, საპირწონეზე არაბული სამყაროს (ასევე მეზობელი თურქეთის!) დაპირისპირება, განაწყენება ან სამკვდრო-სასიცოცხლო გადაკიდება და ფანატიკოსთა ტერორისტული მუქარა დევს. აქ უკვე ქართული დიპლომატიის ოსტატობაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ქვეყანა „სცილასა და ქარიბდას“ შორის ბეწვის ხიდზე გავლას, როცა გაეროში კენჭისყრისას „თავის შეკავების“ საშუალებაც კი აღარ არის და ვდგავართ მკაცრი არჩევანის წინაშე- „ან-ან“.
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“