თბილისში „თეთრი ხმაურის“ ახალ-ახალი აქციები იმართება. მოძრაობა ნარკოტიკების ლეგალიზაციის (და არა მხოლოდ დეკრიმინალიზაციის) მოთხოვნით სულ უფრო ძლიერდება და ფართოვდება. და ეს მხოლოდ დასაწყისია. მით უმეტეს, რომ ამ „მოძრაობამ“ უკვე მოიპოვა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება: საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ე.წ. „მსუბუქი ნარკოტიკის“ ანუ მარიხუანას, იმავე „პლანის“ თუ „კანაფის“ მოხმარებისთვის.
იმათ, ვინც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამისთვის იბრძოდნენ, ძალიან კარგად იცოდნენ, რისი მიღწევაც სურდათ: „პლანის დეკრიმინალიზაციით“ შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი არა მხოლოდ სხვა (თუნდაც „მძიმე“) ნარკოტიკებს დეკრიმინალიზების, არამედ ყველა ნარკოტიკის სრული ლეგალიზებისთვის! იმიტომ, რომ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ყველა ქვეყანაში იგი ხელმძღვანელობს ფუნდამენტური ღირებულებითი ნორმებით და ცდილობს ამ ნორმებს, ამ ღირებულებებს შეუსაბამოს სახელმწიფოში მოქმედი კანნმდებლობა.
წავიკითხოთ „ბათუმის სასამართლოს“ სენსაციური გადაწყვეილების არა სარეზოლუციო, არამედ სამოტივაციო ნაწილი: შავით თეთრზე წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, განუსაზღვროს ადამიანს, რა ხერხი და რა საშუალება უნდა გამოიყენოს გართობის, დასვენებისა და რელაქსაციისთვის. ეს უფლება პიროვნების „თავისუფალი განვითარების“ პირობად არის გადაწყვეტილებაში გამოცხადებული! შესაბამისად, მისი შეზღუდვა „პრივატულ სივრცეში სახელმწიფოს ჩარევად“ ცხადდება.
ანუ, საკონსტიტუციო სასამართლომ, ამ ძალიან მნიშვნელოვანი დებულებით თქვა, რომ სახელმწიფო (მთავრობა, ხელისუფლება) ისევე არ უნდა ერეოდეს ნარკოტიკების მოხმარებაში და არ უნდა არეგულირებდეს ამ სფეროს, როგორც, ვთქვათ, სექსუალურ ურთიერთობათა რეგულირება არ არის სახელმწიფოს საქმე. თუ, რასაკვირველია, სხვა ადამისანის ფიზიკურ (!) უსაფრთხოებას არ უქმნის საფრთხეს და არ უკავშირდება რაიმე ძალადობას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ასეთი დასაბუთება „ლეგალიზაციის მომხრეთა“ სრული ტრიუმფია! იმიტომ, რომ ამ „ფილოსოფიური არგუმენტაციის“ შედეგად, აბსოლუტურად ბუნერივად და ლეგიტიმურად წარმოიშობა კითხვა: თუ ადამიანის „პრივატულ სივრცეში“ ჩარევაა ის, რომ სახელწიფომ მას დაუშალოს „პლანის მოწევა“ რელაქსაციის და „თავისუფალი განვითარებისთის“, მაშინ რა უფლებით ან რა ლეგიტიმური მოსაზრებით უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს იმის უფლება, დაუშალოს ადამიანს ჰეროინის ან კოკაინის მოხმარება?
თუ ადამიანს აქვს უფლება „პლანი“ მოწიოს და ეს უფლება დაცულია კონსტიტიციით, მაშინ რატომ არა აქვს უფლება ჰეროინი გაიკეთოს? ორივე შემთხვევაში ხომ საქმე გვაქვს პირად მოხმარებასთან „თავისუფალი განვითარების“ ფარგლებში?!
მეორეს მხრივ, თუ სახელმწიფო აღირაებს „პლანაქეშობას“ ადამიანის პირად საქმედ და აღარ ითვალისწინებს ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივ სასჯელს, მაშინ ჯარიმას ან ნებისმიერ სხვა სანქციას რატომ ითვალისწინებს? მერედა, რა უფლებით და რა არგუმენტით?!
„ადამიანს აქვს უფლება დაისვენოს და გაერთოს ისე, როგორც მას სურს“ - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო. თუ ასეა, მაშინ მხოლოდ „ციხე“ რატომ უნდა ითვლებოდეს „ადამიანის პრივატულ სივრცეში ჩარევად“ და რატომ არ ითვლება ასევე „პრივატულ სივრცეში შეჭრად“ იგივე ჯარიმა თუ სხვა ნებისმიერი საქნცია სახელმწიფოს მხრიდან?
გამოდის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის პირველი ნაბიჯი საქართველოში ნარკოტიკების სრული ლეგალიზაციისკენ, რადგან ის მოტივაცია, ის დასაბუთება, რაც „ბათუმის სასამართლომ“ მოაყოლა ვერდიქტს, უბრალოდ აღარ ტოვებს არანაირ არგუმენტს იმის დასამტკიცებლად და დასასაბუთებლად რომ 1) „პლანი შეიძლება, მაგრამ ჰეროინი არ შეიძლება“ და 2) „ციხე არა, მაგრამ ჯარიმა - კი“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„ნარკოლეგალიზაციის“ მოწინააღმდეგენი იმდენად უნიჭონი და უნიათონი აღმოჩნდნენ რომ ვერ მიხვდნენ რა მთავარი არგუმენტი შეიძლებოდა გამოყენებულიყო ამ ტენდენციის საწინააღმდეგოდ. მათ შორის ღირებულებითი თვალსაზრისითაც.
უცნაურია, რომ ეს არგუმენტი საჯარო სივრცეში მიმდინარე დისკუსიის დროსაც არ ჟღერს. მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ ნარკომანია „ტრანსლირებადია“!
სხვაგვარად თუ ვიტვით, ხომ არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკოტიკი (თუნდაც მსუბუქი) კარდინალურად ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას? ამაზე ნარკოლეგალიზების მთავარი პროპაგანდისტი ლიბერტარიანელი „გირჩებიც“ კი არ დავობენ. უბრალოდ ამბობენ: სხეული ადამიანისაა და რასაც უნდა იმას უზამსო“.
მაგრამ ნარკომანიის უმთავრესი, თანაც განუყოფელი თვისება სწოერდ ისაა, რომ რეალურად, იგი არასდროსაა პრივატული: არ არსებობს ნარკომანი, რომელმაც ერთი ადამიანი მაინც არ „აზიარა“ ამ საზიზღრობას. „პლანს“ მარტო არ ეწევიან და წამალს მარტო არ იჩხირავენ - უმცირესი გამონაკლისის გარდა, ეს ხდება კოლექტიურად, მინიმუმ 2 ადამიანის მონაწილებით. მაშასადამე „მოწინააღმდეგეთა“ სწორი სტრატეგია ის იქნებოდა, მათ რომ ეთხოვათ საკონსიტუციო სასამართლოსთვის ისტორიული გადაწყვეტილების გადავადევა მანამ, სანამ სისხლის სამართლის კოდექსი არ გაითვალსიწინებდა უმკაცრეს სასჯელს „ნარკომანიაში ჩათრევისათვის“. დღვანდელი ნორმა „გავრცელებას“ კი სჯის, მაგრამ ეს შინაარსობრივად მაინც არ არის იგივე, რადგან უმრავლეს შემთხვევავში აღიქმება „გაყიდვის“ საწინაამდეგოდ, თუმცა „გავრცელება-რეალიზაცია“ ყოველთვის ანგარებას ანუ ე.წ. „ბარგობას“ როდი გულისხმობს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გარდა ამისა, სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა გადაწყდეს ის დილემა, რომ ნარკოტიკი მინიმუმ დეკრიმნალიზებული, მაქსიმუმ ლეგალიზებული იქნება, ხოლო ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა კვლავ უვადო პატიმრობით დაისჯება? ეს დილემა „შეყოვნებული მოქმედების ნაღმია“, რომელიც მთლიანად დაანგრევს საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს და ლოგიკურად მოითხოვს შემდეგი ნაბიჯის გადადგმას, რაც ნარკოტიკების ბრუნვის ლეგალიზებას გულისხმობს. თუნდაც, ამ სფეროში, სახელმწიფოს მონოპოლიით.
ამრიგად, ქართველ ლიბერტარიანელებს და მათ ლიდერ „გირჩს“, რომელთაც სახელისუფლებო პარტიისგან განსხვავებით (თვითონ რომ არ იციან რა უნდათ) თანმიმდევრულობას, პრინციპულობას და მკაფიოდ ჩამოყალიბებული დოქტრინის არსებობას „ვერ წაართმევ“, ნამდვილად შეუძლიათ იამაყონ ძალიან სერიოზული, მართლაც ისტორიული გამარჯვებით: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მართლაც არის საქართველოში ნარკოტიკების სრული ლეგალიზების (და არა მხოლოდ ნაწილობრივი დეკრმინალიზების) მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება მეორე, მესამე და ა.შ. არც „თეთრი ხმაური“ და არც მისი იდეოლოგი „გირჩი“ სხვაგვარად არ გაჩერდება და საბოლოო მიზანს უეჭველდ მიაღწევს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება ისტერიას, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა იმათი მხრიდან, ვისაც ახსოვს, რა კატასტროფული უბედურება იყო გასული საუკუნის 1970-იანი წლებიდან ნარკომანია, მათი ეს შიშნეული რეაქციაც სრულიად გასაგებია. ასევე ლეგიტიმურია ნარატივი „.....აი ჩემს საძმაკაცოში თითქმის არავინ დარჩა, ყველა გაუბედუდა, ოჯახები დაინგრა, მთელი თაობა დაიღუპა, ერის გენოფონდი მოისპო, საზარელი ტრაგედიები დატრიალდა.....“ და ა.შ.
ეს ყოველივე სრული სიმართლეა, მაგრამ რეალობასთან შეგუება მოგვიწევს იმის გათვალისწინებით და იმის იმედით, რომ ისეთივე გამანადგურებელ შედეგს ქართველ ახალგაზდებზე დღეს ნარკოტიკების ლეგალიზება აღარ და ვეღარ მოახდენს!
იმიტომ, რომ ახლა სხვა დროა! სხვა ეპოქში ვცხოვრობთ!!!
ძალიან ძნელია ადამიანს აუხსნა, რას ნიშნავს „სხვა დრო“ თუ მას თავად არ ესმის!
„სხვა დრო“ სოციალური მატრიცის უამრავი სხვადასხვა კვანძით იქსოვება - ათწლეულების განმავლობაში იქმნება. თითქმის შეუმჩნევადაც. დღევანდელი ახალგაზრდა, 1970-იანი წლების ახალგაზრდასგან განსხვავებით, სულ სხვა გარემოში ცხოვრობს.
40 წლის წინ, საქართველოში აშმორებული, ჩამყაყებული, ყოველმხრივ ბინძური, ტოტალიტარული, რეპრესიული, ცრუ, ყალბი, ფარისევლური, უსამართლო კომუნისტური რეჟიმი სუფევდა. პასიონარულ ახალგაზრდას, თუ ჟარგონით ვიტყვით, სხვა „პრასვეტი“ არ ჰქონდა. ანუ, არ არსებობდა ასპარეზი თვითრეალიზებისა და თვითაქტუალიზებისთვის: არ იყო არც საზოგადოებრივი და სოციალური „კომუნიცირების“ ისეთი საშუალებები, როგორიცაა სოციალური ქსელები და თვით ტელევიზიციაც კი, რაც დღეს უკვე ჰაერივით ბუნებრივია.
1983 წელს რომ თვითმფრინავი მოიტაცეს ბიჭებმა, ერთ-ერთი მათგანი ამოდენა რისკზე (საკუთარზეც და სხვისაზეც) იმ მოტივით წავიდა რომ......სათაყვანებელი „ზეპელინების“ კონცერტს დასწრებოდა, რაზეც მთელი ცხოვრება ბოდვამდე ოცნებობდა.
საზოგადოება, სახელმწიფო, სოციუმი, სრულიად დაშორებული იყო ადამიანის პიროვნულ ოცნებებსა და მისწრაფებებს. გოგოებს ნარკომანები მოსწონდათ, ნარკომანობა „პრესტიჟულიც“ კი იყომ ანუ „მაგარი“
დღეს? ადამიანს შეუძლია 100 ევროდ გადაფრინდეს მილანში და სენ-სიროზე თამაშს დაესწროს, ბრიუსელში კონცერტის ბილეთი „ონლან“ იყიდოს, ანუ საკუთარი პასიონარობა უამრავი სხვა ინტერესით დაიკმაყოფილოს..... ნარკომანობა კი სულაც აღარ იქნება ისეთ პრესტიჟული, როგორც იმ უკვე შორეულ ეპოქაში იყო: საზოგადოების სოციალური სტრატიფიცირების კვალობაზე, ნარკომანი უკვე არა „კაი ტიპი“ არამედ მდაბიო და უმომავლო, არაფრის მაქნისი, უკულტურო „გოიმი“ გახდება, როგორც კი „აკრძალული ხილის“ ფაქტორი მოიხსნება.
გოგოებს ნარკომანი აღარ მოეწონებათ - განსხვავებით იმ ახალგაზრდებისგან, ვისაც ახალ დროში ყოველი წუთი აქვს გათვლილი, კარგად სწავლობს, ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში აბარებს და სპორტსაც მისდევს „ფორმის“ შესანარჩუნებლად. აქ სოციალური აღქმისა და კომუნისტურ ეპოქაში ამ აღქმის მახინჯი დეფორმაცის ფაქტორი იყო მთავარი თორემ აბა როგორ შეიძლება ნორმალურ ქალს წელში მოკაკული, მბობღავი, დორბლიანი „ნარკუშა“ უფრო მოსწონდეს, ვიდრე ვთქვათ, კალათბურთელი?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ანუ, ისევ და ისევ, ახლა სხვა დროა, სხვა ეპოქაა! ის საფრთხეები ნამდვილად აღარ არსებობს და რაკი საბოლოოდ იმარჯვებს დებულება, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე აგებს პასუხს თუ სხვა ადამიანს არ ვნებს (ეს დებულება, სინამდვილეში, ამჟამინდელი ფორმაციის ქვაკუთხედია) მაშინ ამ ტენდენციის შეჩერება უკვე შეუძლებელია - საქართველოში ნარკოტიკების ლეგალიზება გარდაუვალი პროცესი ხდება, ხოლო წინააღმდეგობას არავითარი აზრი აღარ აქვს!
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“