მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ დააპატიმრეს კიევის ელიტური კონდომინიუმის სახურავზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც იქ 6 000 დოლარად დაქირავებული პენტჰაუსის მანსარდიდან აძვრა და იმუქრებოდა: „ხელი არ მახლოთ, თორემ ყველანი ერთად ქვევით ჩავსრიალდებითო“. ყოველ შემთხვევაში, თავად ახლა სწორედ ასე ამბობს: „არ მითქვამს გადავხტებიო“. რა თქმა უნდა არ გადახტებოდა არც ერთ შემთხვევაში - მისი ფსიქოტიპი ამას ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს.
შემდეგ უხეშად ჩამოათრიეს ეზოში, ჩასვეს მანქანაში და უნდა წაეყვანათ სასამართლოში.
ეს აუცილებლად ხაზგასასმელია: არავინ არ აპირებდა მის დაუყოვნებლივ ციხეში ჩასმას: გეგმავდნენ ბრალის წაყენებას და პროკურატურა მხოლოდ შინაპატიმრობას ითხოვდა აღკვეთის ღონისძიებად.
ანუ, დააბრუნებდნენ ისევ იმ პენტჰაუზში ე.წ. „საპოლიციო ბრასლეტით“ ფეხზე. პარალელურად კი, გამოაქვეყნებდნენ „კომპრომატს“, რაც (ოპერაციის დამგეგმავთა მოკლე ჭკუით) იმ შედეგს გამოიღებდა, რომ სააკაშვილს მომხრეები ჩამოეცლებოდნენ.
რუს პრანკერთან პეტრო პოროშენკოს ფარული საუბრიდან მკაფიოდ ჩანს: უკრაინის ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდა მიშას გასამართლებას. მათი მიზანი იყო „კომპრომატით“ მისი დისკრედიტაცია და შემდეგ ან ევროპაში გაძევება, ან საქართველოში ექსტრადირება. ესაა მაქსიმუმი, რასაც პოროშენკოს მართლა საცოდავი და უბადრუკი რეჟიმი გაბედავდა.
აქვე უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, ან მართლა „რეჟიმი“ უნდა იყო, ან ნამდვილი „დემოკრატია“, თორემ „უბადრუკი და საცოდავი რეჟიმი“ ყველაზე უარესია, რაც კი შეიძლება არსებობდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შემდეგ იმავე მსოფლიომ, რომლის არსებითი ნაწილი უკვე სოციალური ქსელებით, ტელეფონ-პლანშეტ-ტაბლეტებით და არა ტელევიზიით იგებს ნიუსებს, პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ ჩასვეს სააკაშვილი საპოლიციო მანქანაში და რამდენიმესაათიანი სამარცხვინო ჯიკავ-ჯიკავის შემდეგ, რა ტრიუმფალურად გამოიხსნა იგი ამ მანქანიდან მხარდამჭერთა თუ სულაც შემთხვევით გამვლელთა ბრბომ.
დღევანდელ მსოფლიოში „ვიზუალური ხატი“ წყვეტს თითქმის ყველაფერს. ანუ ის, რასაც ადამიანი ხედავს. ათასჯერ მეტად, ვიდრე ის, რასაც უყვებიან ან რასაც კითხულობს: სააკაშვილის გათავისუფლების სცენა ნებისმიერი მაყურებლისთვის იმის დამადასტურებელი იქნებოდა, რომ......უკრაინის სახელმწიფო, როგორც ასეთი, არ არსებობს! უკრაინა არ არის სახელმწიფო - არის ველური ტერიტორია. იმავე უკრაინული ნარატივით „გულიაი პოლე“.
დემოკრატიული სახელმწიფოები ძალიან იშვიათად აპატიმრებენ (სასამართლოს განაჩენამდე) ადამიანს, თუ მას ძალადობრივ დანაშაულში არ ედება ბრალი და ფიზიკურ საფრთხეს არ წარმოადგენს ვინმესთვის. უმრავლეს შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიებად არა შინაპატიმრობა, არამედ გაუსვლელობის ხელწერილი და სასამართლო სხდომებზე რეგულარულად გამოცხადების პირობა გამოიყენება. სააკაშვილი რომ უკრაინიდან არსად გაქცევას არ აპირებდა, ცხადია. მაშინ არც დაბრუნდებოდა.
ოღონდ ხელისუფლებას მისი დემონსტრაციული დაპატიმრება „ფიარისთვის“ სჭირდებოდა, რათა „დისკრედიტაციის“ ეფექტი გაეძლიერებინა...... შედეგად კი ისეთი თავსლაფდასხმა „დაიმართეს თავად, რასაც თვით სააკაშვილი ვერ დამართებდათ:
დემოკრატიული სახელმწიფო მართლაც ძალიან იშვიათად აპატიმრებს ეჭვმიტანილს, მით უმეტეს პოლიტიკოსს სასამართლოს განაჩენამდე, მაგრამ თუ დააპატიმრა და ხელბორკილებით ტელეკამერების წინ გამოიყვანა......შემდეგ რაც მოხდა ვნახეთ და მხოლოდ აფრიკის უბადრუკ „ბანტუსტანში“ თუ შეიძლება მოხდეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე უკრაინა მართლა „გულია პოლეა“ და არა სახელმწიფო. სახელმწიფო შეიძლება იყოს დემოკრატიული, არადემოკრატიული, ტირანული, ლიბერტარიანული, ლიბერალური, კომუნისტური, ფაშისტური, ნაცისტური, ოლიგარქიული, მაგრამ სახელმწიფო-სახელმწიფოა; „გულიაი პოლე“ სულ სხვაა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ასევე თავსლაფდასხმა აღმოჩნდა იმის იმედად ყოფნა, რომ ..აი ჩვენ ფარულ ჩანაწერებს გამოვაქვეყნებთ და......“
კი, ამ ჩანაწერებს ბევრი დაიჯერებს, მიშას აგენტობას ირწმუნებს, მაგრამ..... მხოლოდ ის უმრავლესობა, ვინც მაიდანზე არ გამოვა. თუმცა, აუცილებლად გამოვა ასპარეზზე პასიონარული უმცირესობა, ვინც არანაირი მტკიცებულებით, არანაირი ჩანაწერით არ დაიჯერებს არაფერს, რა მასალებიც და რა ფარული ჩანაწერებიც არ უნდა დაედო ხელისუფლებას. ეს „უმცირესობა“ კი, უკრაინის შემთხვევაში, ათასობით ადამიანია. ხოლო ეს ოდენობა, მრავალმილიონიან „გულიაი პოლეზე“ - მისი პერმანენტული რევოლუციებით, გადატრიალება -გადმოტრიალებებით, - სრულიად საკმარისია პოლიტიკური ამინდისა და დღის წესრიგის შესაქმნელად.
პირველ რიგში იმიტომ, რომ პოროშენკო მიშა არ არის და ჯანსაღი ცინიზმი აკლია: ეს მიშას შეეძლო ეთქვა საქართველოში (!) - „ჩვენ კი მოვედით რევოლუციით, მაგრამ გვქონდა ამის მორალური უფლება, ხოლო რაკი ეს მორალური უფლება გვაქვს, 2007 წლის 7 ნოემბერს თქვენ იგივეს არ გაგაკეთებინებთ - დაგანგრევთ და დაგამტვრევთო“.
პოროშენკო და უკრაინა სხვა ფენომენია: „სპეცდანელებს“ (დააკვირდით) კარავთა ბანაკის დასაშლელად ისე უშვებენ, ამუნიციასაც კი არ ატანენ - „ვაითუ ვინმემ ხელკეტი მოიქნიოს და ადამიანი დაშავდესო“. თავად რომ არის მოსული „გადატრიალებით“, სხვას ვეღარ არბევს ისე, როგორც თვითონ დაარბია იანუკოვიჩმა. ანუ, პოროშენკოს უბედურება ხდება მისი მენტალური სხვაობა მიშასთან. აქედან გამომდინარე, მიშა სჯაბნის და მუდამ დასჯაბნის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მთელი ეს ისტორია კი შესანიშნავი ილუსტრაციაა, თუ რა ემართება ქვეყანას, თუ მის სათავეში უნიჭო, უბადრუკი და უიდეო მედროვეების ხროვა აღმოჩნდება: სააკაშვილი გიჟია, მაგრამ „ჭკვიანი გიჟია“. ამასთან, პასიონარია და „იდეა“ ნამდვილად აქვს. ანუ აქვს „საქმე“, „პროექტი“, რომელსაც ემსახურება მთელი არსებით და ფანატიზმით. „კარგი“, „ცუდი“, „ავანტურისტული“, „დანაშაულებრივი“, „ეგოისტური“, „პარანოიდული“, „ასეთი ისეთი“...... არა აქვს მნიშვნელობა . მთავარია, რომ აქვს იდეა, პროექტი, მიზანი, რისკენაც ფანატიკურად ისწრაფვის.
რა იდეა ან რა პასიონარობა გააჩნია „შოკოლადის მეფე“ პოროშენკოს? არავითარი! თვით მისი ბუნებიდან, სოციო-ფსიქოლოგიიდან და მენტალობიდან გამომდინარე, პოროშენკოს სისტემურად არ შეუძლია გაიგოს რა ფენომენთან აქვს საქმე მიშას სახით. აქედან გამომდინარეობს ბრიყვული რწმენა: „აი გამოვაქვეყნებთ ტელევიზიით კომპრომატს და......“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რასაკვირველია, საბოლოოდ, მიშა ვერანაირი ახალი „მაიდნის“ მოწყობას ვერ შეძლებს. დიდი ალბათობით, დღეს ან ერთი-ორი კვირის შემდეგ დააპატიმრებენ და ან ევროპაში გააძევებენ, ან საქართველოს გადმოსცემენ, როგორც არ უნდა ეშინოდეს საქართველოს ხელისუფლებას ამ პერსპექტივის.
ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრით ჩანს: სააკაშვილს, უკვე, არათუ არ აშინებს, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა თბილისში აღმოჩნდეს, თუნდაც ბრალდებულის სტატუსით. სწორედ ამ მიზნით აჩქარებდა პროცესებს კიევში.
სააკაშვილი ყურადღებით ადევნებს თვალს სასამართლო პროცესებს და იცის: ჯერ არც ერთ საქმეზე (ოთხიდან) განაჩენი არ დამდგარა.
ეს იმას, ნიშნავს, რომ თუ დღესვე აღმოჩნდება მატროსოვზე, სასამართლო ვალდებულია მას მოუსმინოს, სიტყვით გამოსვლის უფლება მისცეს, სხდომა არ დახუროს (ვინაიდან ყველა უარს სტრასბურგი უხეშ დარღვევად გამოაცხადებს) და ა.შ და ა.შ.
ანუ, ყველა სასამართლო სხდომა თბილისში იმავე „პასიონარული უმცირესობის“ ბობოქარი მიტინგის ფონზე ჩაივლის, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ „მცირე ნაწილი უჭერს მხარსო“. ეს „მცირე ნაწილი“ პასიონარული ფანატიკოსებისგან შედგება, რომელთაც თბილისშიც ისევე შეუძლიათ შექმნან ამინდი „ქუჩებზე“, როგორც კიევში ქმნიან.
სააკაშვილის „ხელბორკილებით ჩამოყვანა“ იმას ნიშნავს, რომ ვინც ჩამოიყვანს, ამით ქართულ პოლიტიკაშიც დააბრუნებს!
ბოლოს და ბოლოს, მიშამ ისიც იცის, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პროკურატურას მისთვის შეიძლება შინაპატიმრობა მოსთხოვოს; უარის შემთხვევაში კი საერთოდ „ჯინაზე“ შეიწყალოს - ამის უფლება ნებისმიერ მომენტში აქვს. თუ არა და, ექსპრეზიდენტის სანახავად, მატროსოვთან ევროპელ პოლიტიკოსთა და ლიდერთა რიგი დადგება.
ანუ, აქაც უამრავი „ოფციაა“ და სააკაშვილი „პოლიტიკურ ჩიხში“ ნამდვილად არ არის.
არ მოისვენებს და არც სხვას მოასვენებს. გამორიცხულია.
მისი იდენტობა და პიროვნული „კარმა“ უკვე იმდენად ღრმადაა შეხორცებული მისსავე „პოლიტიკურ პროექტთან“ რომ სანამ „არის“ - „იქნება“ და იქნება მხოლოდ ასეთი, როგორიც არის.
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“