ENG / RUS       12+

სკოლა - 2017: „ბულინგი“ და „ძველბიჭობა“

ძალიან დიდი ხნის წინ, დასავლურ კინოეკრანებზე გამოვიდა შემაძრწუნებელი ფილმი `School-1984`, რომელიც მოგვითხრობდა, თუ რა ხდება ამერიკის სახელმწიფო სკოლებში. თბილისში ეს ფილმი მაშინ „ვიდეოებით“ გავრცელდა. ვისაც  ნანახი აქვს ან ახსოვს, დაგვეთანხმება: ადამიანს მართლა სისხლს უყინავდა უფროსკლასელ მოზარდთა საშინელი სისასტიკის და პირუტყვული  დაუნდობლობის თითქმის დოკუმენტური აღწერით.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამერიკული კანონმდებლობა არასრულწლოვნის სიკვდილით დასჯასაც  უშვებს (დაუსჯიათ კიდეც არაერთხელ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, როგორადაც იქ ითვლება, პირველ რიგში, გაუპატიურება (მსხვერპლს იწვევენ ეგზეკუციაზე დასასწრებად) და განზრახ მკვლელობა, ანუ როგორც ამერიკელები უწოდებენ „პირველი ხარისხის მკვლელობა“ (First Degree Murder).

ალბათ ამერიკელებმა სიტყვა „ბავშვის“ მნიშვნელობა არ იციან, ვერ გაიგეს ან არ აღიარებენ.  უბრალოდ თვლიან, რომ ადამიანი, ვისაც გაუპატიურება ან მკვლელობა ძალუძს, უკვე აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე და პასუხს აგებს მაქსიმალურად!

არ დაიჯერებთ, თუმცა ამერიკის ერთ-ერთ შტატში  13 წლის და 11 თვის მოზარდიც კი დაუსჯიათ სიკვდილით „ელექტრონულ სკამზე“ იმავე 1980-იან წლებში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1984 წელს საქართველო მარაზმატული კომუნისტური „დერჟავის“ ნაწილი იყო. მთელს „უკიდეგანო ქვეყანაში“ სპეცსამსახურის (КГБ) კონტროლირებადი რეჟიმი სუფევდა. მასზე უფრო რეპრესიული და „ყოვლისკონტროლირებადი“ ალბათ თეორიულადაც კი ძნელად წარმოსადგენია.

რაც შეეხება იმდროინდელ „საშუალო სკოლას“, ლამის ყოველდღე ტარდებოდა რეიდები, მოულოდნელი ჩხრეკები კლასებში - დანის ან ნარკოტიკების აღმოსაჩენად; არსებობდა ე.წ. „ძნელადაღსაზრდელი მოზარდის“ ცნებაც. „ძნელადაღსაზრდელი“ საგანგებო აღრიცხვაზე აჰყავდათ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური მეთვალყურეობით  ცხოვრობდა საერთოდ რომც არ ჰქონოდა რაიმე დანაშაული ჩადენილი.

იმ დროს „უბნის ინსპექტორების“ თანამდებობაც არსებობდა (სხვათა შორის ძალიან  ბევრ განვითარებულ ქვეყანაში გაამართლა), რომელთა უმთავრესი ფუნქცია სწორედ „ქუჩის კონტროლი“ იყო. პირველ რიგში, რასაკვირველია, ახალგაზრდობის და მოზარდი თაობისა: „უბნის ინსპექტორები“ ოჯახ-ოჯახ დადიოდნენ, ამოწმებდნენ, მშობლებს ეცნობოდნენ, აფრთხილებდნენ, აშინებდნენ და ა.შ. მათთან ერთად იგივეს აკეთებდა ე.წ. „კომკავშირელ ფუნქციონერთა“ მთელი არმია: ისინი თანამდებობით (ესე იგი, იმ ეპოქაში, მთელი ცხოვრების და კარიერის დანგრევით) აგებდნენ პასუხს, რომ მოზარდებს  არ ეჩხუბათ, დანა არ ეტარებინათ, პლანი არ მოეწიათ და ა.შ.

ამ ყოველივეს მიუხედავად, ჩხუბი, მკვლელობები, „ქეშაობა“, „წამლის ჩხერა“, „ძველბიჭობა“, „ქურდული გაგება“, „სკოლის მაყურებლობა“ მაშინ იყო თუ იყო! ამგვარი და ბევრად უარესი მკვლელობა ან უმძიმესი დაჭრები,  „ძველბიჭური გარჩევებისას, ლამის კვირაში ერთხელ ხდებოდა „ვერის ტრუბებთან“ თუ უნივერსიტეტის ბაღში.

მერე გამოვიდოდა საქართველოს სსრ კომკავშირის იმდროინდელი პირველი მდივანი ვაჟა ლორთქიფანიძე და სხდომაზე აქტივს უყვებოდა: „გუშინ მრგვალ ბაღთან.... უნივერსიტეტის ბაღში.....გუშინ, წყნეთში მომხდარი საზარელი მკვლელობა.....რომელშიც 6 ახალგაზრდა, მათ შორის 5 კომკავშირელი იღებდა მონაწილეობას......“

„კომკავშირის რაიკომის მდივანს“ თანამდებობიდან „ხსნიდნენ“, „აქტივის სხდომებზე“ უაზროდ ლაყბობდნენ, მაგრამ არაფერი შველოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვერაზე მომხდარი საშინელი მკვლელობით შეძრწუნებული ადამიანები, რასაკვირველია, ძნელად თუ დაიჯერებენ ან წარმოიდგენენ, მაგრამ ის, რაც დღეს ტრიალებს თბილისის სკოლებში, სისასტიკით და სიხშირით ვერც კი შეედრება იმას, რაც ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის ეპოქაში ხდებოდა: მაშინ მართლა ბევრად მეტი და უარესი იყო. რატომ?

იმიტომ, რომ იმ დროს, „საზოგადოება“, „საზოგადოებრივი აზრი“ და  „კომუნიცირების“ საშუალებები (მედია, სოციალური ქსელები და ა.შ)   როგორც რეალური ცნება და ფენომენი, საქართველოში არ არსებობდა! დღეს კი, ანუ დამოუკიდებლობის პირობებში, დიახაც არსებობს: „კარგი“, „ცუდი“, „განუვითარებელი“, „მანკიანი“, „ნაკლოვანი“, „ცოდვიანი“, „სუსტი“......მაგრამ „ასეთი“ თუ „ისეთი“, მაინც არსებობს და მეტნაკლებად ქმნის საზოგადოებრივ აზრს, საზოგადოებრივ „ატმოსფეროს“, რომელიც, სინამდვილეში, ამგვარი საშინელებისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა!

თუმცა მას  ყოველნაირად უშლიან ხელს, რათა ეს კეთილშობილი ფუნქცია ვერ შეასრულოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აი მაგალითად: წავიკითხოთ გენერალური პროკურატურის განცხადება ორი 16 წლის ბიჭის მხეცურ მკვლელობაზე: ინიციალები.......ინიციალები.....„გ.ბ“, „ლ.დ“, „გ.ჯ“, „ა.ს“......... ანუ, ბოლო წლებში, ჩვენმა შინნაზარდმა „გრანტიჭამია ენჯეოშნიკებმა“, სახელმწიფოს თავს მოახვიეს უამრავი იდიოტური შეზღუდვა, რომელიც, რეალურად ხელს უშლის საზოგადოებას, - ზემოქმედება მოახდინოს პოტენციურ მკვლელებზე საზოგადოებრივი აზრით და საზოგადოებრივი გაკიცხვით, მათი საქციელის სრული მიუღებლობით და მათთან შეურიგებლობით:

იგივე არასრულწლოვანს, როცა ხედავს, რომ ამ (ვიმეორებ) სრულიად იდიოტური „ენჯეოშნიკური ნორმის“ შესაბამისად მისი მკვლელი თანატოლი ანონიმად დარჩა, შესაბამისად ანონიმად დარჩნენ მისი მშობლებიც, უჩნდება „პრეზუმფციულობის“, მის მიმართ საზოგადოების უმწეობის (და არა საზოგადოებისადმი საკუთარი პასუხისმგებლობის) განცდა, ხოლო  ეს განცდა ყალბიც რომ იყოს, მაინც ზემოქმედებს სიტუაციაზე!

შესაბამისად, ნაცვლად იმისა, გაძლიერდეს და ყოვლისმომცველი გახდეს საზოგადოებრივი აზრი მკვლელების და მათი უგერგილო, უპასუხისმგებლო მშობლების მიმართ, ეს და ამგვარი შეზღუდვები ვითომ „ბავშვთა უფლებების დასაცავად“ პირიქით, აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იმავე პროკურატურის განცხადებიდან, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ის გავიგეთ, რომ  უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის შვილმა, მას შემდეგ რაც ტუალეტში პნევმატური იარაღით დაემუქრენ (სათამაშო იარაღიც, ფორმალურად, „პნევმატური იარაღია“ და სისხლის სამართლის კოდექსი ამ ცნებას ნამდვილად იცნობს, თუ ეს სათამაშო  დაშინებისთვის გამოიყენება)  დაურეკა „ელიტური“, „პრესტიჟული“, „საუკეთესო“ „პირველი ექსპერიმენტული  საჯარო სკოლის“ მოსწავლე საკუთარ დეიდაშვილს და „გარჩევაში“ მონაწილეობა სთხოვა.

ისე, რაც თავი გვახსოვს, ეს სკოლა სულ „პირველი ექსპერიმენტულია“ უკვე 40 წელია და რით ვერ დაასრულეს ნეტავ ეს „ექსპერიმენტი?“..........

დანებით რომ მოვიდოდნენ „უცხო უბანში“ - ცხადია. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტ მარგველაშვილის (იმ დროს განათლების მინისტრის) „ფილოსოფიური“ გადაწყვეტილებით, - აქაოდა „ბავშვთა ღირსება არ შეილახოსო“, - სკოლებში მანდატურებს, ფაქტიურად, წაართვეს შემოწმების უფლება და, რაც კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდა, სამინისტროს ნაცვლად,  მანდატურები დაუქვემდებარეს სკოლის დირექტორებს, რამაც „მანდატურის სასარგებლო იდეა  დაუყოვნებლივ მოკლა! იმიტომ, რომ სკოლის დირექტორს სულ სხვა ურთიერთობები აქვს მშობლებთან და მასწავლებლებთან, -  გარკვეული აზრით მათზეა დამოკიდებული, ისევე, როგორც პირიქით! ხოლო ადრინდელი, ნამდვილი „მანდატური“ სკოლის „მიკროსოციუმისგან“ ბევრად დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი იყო.

ამიტომ, უნდათ თუ არა, პასუხისმგებლობა ამ საშინელ ტრაგედიაზე თუ მსგავს ტრადეგიებზე იმ „სფოუქსფერსონებმაც“ უნდა იკისრონ, ვინც 9 წლის განმავლობაში მოთქვამდა „სკოლაში პოლიციურ რეჟიმზე“  „ბავშვთა ღირსების შელახვაზე“, „ენის მიტან-მოტანაზე“, „სკოლის ცენტრალიზაციაზე“.......... ხელისუფლების შეცვლის შემდეგ  იზეიმეს „გამარჯვება“: გამოშიგნეს  მანდატურის აბსოლუტურად სწორი და მიზანშეწონილი ინსტიტუტი! დღეს კი „იგივენი“ პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას ცდილობენ ამაზრზენად ბრიყვული ნარატივით: თურმე ყოველივეს მიზეზი ის ყოფილა, რომ ....... „ეკლესიები არ არის სკოლებში“ - დერეფნების ბოლოს, სადაც ტრაგიკულად დასრულებული „გარჩევა“ დაიწყო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1984 წლიდან დღემდე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც მრავალი წელი გავიდა. ჯიუტი სტატისტიკით, „სასკოლო დანაშაული“ ამერიკაშიც კი შემცირდა მიუხედავად მისი საშინელი რასობრივი და სოციალური პრობლემებისა. ბევრი მათგანი ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად უცხოა საბედნიეროდ.

როგორ მოახერხეს ეს ამერიკელებმა?

პირველ რიგში, რასაკვირველია, უმკაცრესი კონტროლით:  მეტალოდეტექტორებამდე სკოლის შესასვლელებში და რეგულარული ნარკო-ტესტებით; ასევე მშობელთა პასუხისმგებლობის დაწესებით.

მეორე: ყოველგვარი ნეპოტიზმის, „ჩაწყობის“, შერჩევითი სამართლის აღმოფხვრით, დანაშაულისთვის დამსახურებული სასჯელის გარდაუვალობით - მისგან „მამიკოების დახმარებით“ თავის დაძვრენის გამორიცხვით

და მესამე, ყველაზე საინტერესო, ნიშანდობლივი სისტემური რეფორმით, რამაც პირველ ორ  ფაქტორზე ბევრად მეტად იმუშავა:

ბოლო 20-25 წელია, ამერიკულ მეგაპოლისებშიც და „ერთსართულიან ქალაქებშიც“, სახელმწიფო სკოლებს ერთი უცნაურობა (თითქოსდა უცნაურობა) ახასიათებთ: მიმდინარეობს მოსწავლეების პერმანენტული, თითქმის ყოველწლიური გადანაწილება სკოლებს შორის.

ანუ, „კლასებს“ (ჩვენი გაგებით) სასწავლო წლის დასრულებისთანავე შლიან, მოსწავლეებს სხვა სკოლებში ანაწილებენ, გადაიყვანენ, გადმოიყვანენ, შეავსებენ, მიუმატებენ, გამოაკლებენ ისე, რომ.....კლასელებმა ვერ შეძლონ, ვერ მოასწრონ ერთიან კოლექტივად ჩამოყალიბება! შესაბამისად, „ძველბიჭური რომანტიკის“ ტერმინოლოგიით, კლასელებმა ვერ მოასწრონ „დაძმაკაცება“, ვერ შეიკრას „კოლექტივი“ მისი შიდა-მიმართებებით, უმრავლეს შემთხვევაში ნეგატიური, „არალეგალური“ ურთიერთქმედებით, სპეციფიური შიდა-კოდექსით, ასევე სპეციფიური „ლიდერშიპით“, (ამ ასაკში) ძალის და გავლენის კულტით, ავტორიტეტისადმი და ლიდერისადმი  მორჩილების სინდრომით და ა.შ და ა.შ.

 ამერიკა ინდივიდუალისტური ქვეყანაა და მისმა ბრძენმა ელიტებმა ძალიან კარგად იციან, რომ არსად, არასდროს „კოლექტივს“, მით უმეტეს ყმაწვილთა შორის (ასაკში, როდესაც ღირებულებითა სისტემა ჯერ ჩამოუყალიბებელია), სიკეთე არ მოუტანია!

სწორედ ამგვარმა კრეატიულმა სისტემურმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ ამერიკაში ძალზე იშვიათია სიტუაცია, როდესაც „ნული კლასიდან შეზრდილი ძმაკაცები“ კლასელს მისი „ვიღაც ნათესავის“ საქმის გასარჩევად გაჰყვებიან ქალაქის სხვა რაიონში,  სხვა სკოლაში და იქ მოზარდს მოკლავენ.

ბუნებრივია, საქართველოში ამგვარი რამ წამოუდგენელია და ქართული საზოგადოება ამგვარ რეფორმას არც ერთ შემთხვევაში არ შეეგუება. ნამდვილად ძირფესვიანად განსხვავებული  მენტალობა გვაქვს, ვიდრე ამერიკულ საზოგადობას. „კარგი“ თუ „ცუდი“ კი არა, უბრალოდ „განსხვავებული“..........მაგრამ დანარჩენი ინსტიტუტები მაინც აღვადგინოთ (მანდატურიდან - სრულ იდენტიფიცირებამდე ანუ გვარ-სახელის გამოქვეყნებამდე), რომლებიც ასეთი გამოუსწორებელი ტრაგედიების შემცირებას შეუწყობენ ხელს.

 

ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .