მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლომ ტარიელ ონიანი ადამიანის გატაცებაში ბრალდებულად სცნო. ონიანი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნევა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბრალდებულთა დაცვა არ დაეთანხმა პროკურორისა და დაზარალებულების დასკვნებს და სასამართლოს საქმესთან შეუსაბამობაში მყოფი ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა. დაცვის ვერსიით, აბუთიძე მანაგაძის მხრიდან თაღლითობის მსხვერპლი გახდა, ხოლო ონიანს აბუთიძესა და მანაგაძეს შორს არსებულ ურთიერთობებში მონაწილეობა არ მიუღია. ამიტომაც იგი ბრალდებულის სკამზე შემთხვევით აღმოჩნდა.
გამოძიების ვერსიით, ტარიელ ონიანმა რამდენიმე თანამონაწილესთან ერთად 2009 წლის 18 მარტს სმოლენსკის მოედნიდან მოსკოველი ბიზნესმენი გაიტაცა. იგი ერთ ერთ რესტორანში მიიყვანეს და ონიანის ბრძანებით, ბეისბოლის ბიტით სასტიკად გალახეს.
გამოძიება ასევე ამტკიცებს, რომ ონიანმა და აბუთიძემ ბიზნესმენის ნათესავებს მის გათავისუფლებაში 500 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა გატაცებულს გატაცების შემდეგ სპეციალურად ამისათვის დაქირავებულ ბინაში სამი დღის განმავლობაში ამყოფებდნენ.
გამოძიება ასევე მიიჩნევს, რომ გამოსასყიდის ნაწილის 218 ათასი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მძევალი 2009 წლის 21 მარტს გაათავისუფლეს. თუმცა დარჩენილი თანხის გადახდა სრულად მოსთხოვეს. რის შემდეგაც დაზარალებულმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. დამნაშავეები მალევე დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს საბერძნეთში ტარიელ ონიანის ე.წ. ქურდული კლანის წარმომადგენელი მალხაზ კიტია მოკლეს, რომელსაც "იაპონჩიკის" მკვლელობაზე პასუხისმგებლობა დააკისრეს.